შენს დაბადებას დავესწარი. რა დამავიწყებს, რა სიმწრის ოფლი მდიოდა და როგორ მინდოდა, იქიდან გავქცეულიყავი
დიდხანს ვიფიქრე, რა მეთქვა შენთვის. სულაც არ მინდა, ჭკუის სასწავლებელი წერილი მოგწერო. არასდროს მიყვარდა ცნობილი მამების წერილები, რომლებსაც თავიანთ შვილებს სწერდნენ: „იყავი კეთილი, გიყვარდეს ადამიანები, ბევრი იშრომე“. ყველა ერთმანეთს ჰგავს, ყველა გულისამაჩუყებელია და იაფფასიანი სენტიმენტალობის სუნი ასდის. მე კიდევ, შენთვის მოწერილ წერილში სენტიმენტებს მართლა ვერ ავცდები, მაგრამ არ მინდა, იაფფასიანი და ყალბი რამეები მოგწერო. მითუმეტეს, ჭკუა გასწავლო, როგორი უნდა იყო.
მე, უბრალოდ, ავდგები და ჩვენზე მოგიყვები, ჩემზე, შენზე და დედაშენზე, და კიდევ ერთ საოცარ წიგნზე, რომელმაც ბევრი რამე სხვა თვალით დამანახა, განსაკუთრებით, შენ, შენთან ურთიერთობა და შენი მომავალი. შენ კარგად იცი, რომ ჩემი ცხოვრების ვერცერთ სფეროში წიგნებს ვერ ავცდი და არ გაგიკვირდება, თუ შენთან დაკავშირებითაც ვერ ავცდები.
სანამ შენ გაჩნდებოდი, ჩემთვის იდეალური მამის მოდელი მქონდა მოხაზული: რა თქმა უნდა, სხვა ვინ, თუ არა ატიკუს ფინჩი! ყველაზე მორალური, ყველაზე სწორი მამა. მერე შენ გაჩნდი და ჩემი ყველა მოდელი დაინგრა. ჯერ შენს დაბადებას დავესწარი. რა დამავიწყებს, რა სიმწრის ოფლი მდიოდა და როგორ მინდოდა, იქიდან გავქცეულიყავი და ერთი ნაფაზი დამერტყა. მაგრამ დედაშენის მომერიდა. ალბათ, არც მაპატიებდა, იქ რომ არ ვმდგარიყავი. ჰოდა, რა მექნა, ვიდექი და ვკანკალებდი. უეცრად, ტირილის ხმა გავიგე და შენც დაგინახე: შესიებული და წითელი. გამწარებული ვაყურადებდი საკუთარ შეგრძნებებს . მაგრამ არაფერიც არ მოხდა. ვერაფრით გავიაზრე, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი სიხარული დაიბადა. არადა, ხომ ყველა მეუბნებოდა, შვილი უდიდესი სიხარულიაო. ვერც განსაკუთრებული სიხარული ვიგრძენი,ვერც უდიდესი სიყვარული. მხოლოდ შვება, რომ გავიდოდი და ნანატრ სიგარეტს მოვუკიდებდი.
პირველი, ძნელი დღეები დამიდგა. შენი პამპერსების ცვლა, შენი დაბანა, ღამე მორიგეობით ადგომა საჭმლის დასამზადებლად – ადვილი არ იყო, მაგრამ მე უკვე შეცვლილი ვიყავი. შენც აღარ იყავი წითელი, დასიებული უცხოპლანეტელი, ი-თის თვალებით, როგორც დედაშენმა თქვა შენს დანახვაზე. შენ უკვე იყავი ლეა, ჩემი გოგო, ჩემი შვილი. გაგრძელება