"ჩვენ რომ სამყაროში ადამიანების ნაცვლად ძაღლებად, ვირთაგვებად ან ხეებად დავბადებულიყავით, მაშინაც ასე გიჟივით მეყვარებოდა თვენი ხმა"
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ მონსტრებთან ომს და მე აუცილებლად ვისწავლი minecraft – ის თამაშს.
პატივისცემით მამა.
ნიკოს ხელების სახეზე ფათურმა გამაღვიძა. უფრო ადრე – სიცივემ. თითქოს ყინულის მონსტრმა შემანჯღია. მარჯვნივ გადავბრუნდი და პარალელურად საბანს კისრიკენ ვექაჩები.
ვიგრძენი ყველაზე დიდი შვება, სიხარული და განცდა სიძლიერის, რადგან სიცივისგან ძლივს გადატრიალებულს დამხვდი შენ, ჩემო ნიკოლოზ. მომაგონდა, რომ წუხელ შენ და დათა ჩემთან დარჩით.
ნაკვერჩხალივით ხარ, აპრილის ამ ძალიან ცივი ღამის მეექვსედში. დათა შედარებით დაბალ რკინისფეხებიან საწოლზე წევს, რომელიც დაძინებამდე ჩვენსკენ ოთახის მეორე ბოლოდან მოვაჩოჩეთ. დათას სწყინს, რომ შენ ჩემთან იძინებ და ის ვერ. ამიტომაც, დავარბენინებთ ამ გასაშლელ საწოლს ოთახიდან – ოთახში.
შენი ხელის ფათურმა კიდევ ერთხელ გამაღვიძა. დილის 6 საათია. მეფერები და დამტვრეული ხმით მეუბნები, რომ გიყვარვარ, რომ ყველაფერი რაც გაგაჩნია ჩემია. შენი ცხვირი, თვალები, მუცელი, მუხლებზე დახეული შენი საღამური, თმა და წიწილის სურნელება.
დათა 07:15 წუთზე გავაღვიძეთ. მანამდე, მე და შენ ერთად შევბრაწეთ კვერცხიანი პურის ნაჭრები. უფრო ადრე დოროთე გვეგლისებოდა ფეხებზე, გვეგლისებოდა და კნაოდა.
დათა, მამ, გაიღვიძებ?