"ტყუპის დაბადებიდან ერთი წელი დასაძინებლად არც ვწვებოდი" მომღერალი ზურა მანჯავიძე მამა პირველად 20 წლის ასაკში გახდა, მას შემდეგ კიდევ სამჯერ შეიგრძნო მამობის ბედნიერება. დღეს უკვე დიდი შვილები ჰყავს - 23 წლის გიორგი, 17 წლის – ანი და 12 წლის ტყუპი. ზურას მამობასა და შვილებთან ურთიერთობაზე ვესაუბრეთ.
- ზურა, თვითონ როგორი ბავშვი იყავით?
- ძალიან ცელქი, მოუსვენარი და ხიფათიანი ბავშვი ვიყავი. ხან რას ვიზიანებდი და ხან - რას. ტრავმატოლოგიურში ყოველი მორიგი ვიზიტისას შინაურივით მკითხულობდნენ ხოლმე, როგორ ხარ, რამდენი ხანია არ მოსულხარო (იცინის).
- ოჯახში რამდენი ბავშვი იზრდებოდით?
- მოგეხსენებათ, მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, 7 დედმამიშვილი ვიყავით და ამდენი ხალხი "ხრუშჩოვკის" ოროთახიანში ვცხოვრობდით, მერე კი გავფართოვდით, მაგრამ სივიწროვეშიც მოგვიწია გარკვეული წლების გატარებამ.
- როგორ რიგდებოდით ერთმანეთში ამდენი ბავშვი, ყველას განსხვავებული თამაში უნდა, ზოგს ეს სათამაშო მოსწონს, ზოგს – ის და ა.შ.
- ასაკობრივად ისეთი სხვაობა იყო ჩვენს შორის, რომ უფროსი ძმები მშობლებივით იყვნენ ჩემთვის, ისინი მზრდიდნენ. ჩემსა და ჩემს ძმას შორის 4-5 წელი იყო განსხვავება და სულ ვჩხუბობდით, რადგან ჩემზე პატარა იყო, მე ვერ ვიმეტებდი, ის კი მთელი ძალით მეჩხუბებოდა, მაგრად მამწარებდა.
- თქვენ რა ასაკში გახდით მამა? და როდის გაიღვიძა თქვენში მშობლის ინსტინქტმა?
- 20 წლის ვიყავი, მამა რომ გავხდი, დიდი რაღაც რომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ამას მაშინვე მივხვდი, მაგრამ რა დამატყდა თავს, ეს ბოლომდე ვერ გავაცნობიერე (იცინის).
- რადგან მრავალშვილიანი ოჯახიდან ხართ, თავიდნავე გინდოდათ, ბევრი შვილი გყოლოდათ?
- მინდოდა, მაგრამ არ დამიგეგმავს. ორი შვილის შემდეგ, მესამე მინდოდა ძალიან და გაჩნდა ტყუპი, მეხუთეც კი მინდა, მაგრამ უკვე აღარ გამოდის (იცინის).
- რამდენად იყავით ჩართული შვილების აღზრდაში?
- მაქსიმალურად ვიყავი ჩართული. ჩემი უფროსი ბიჭის დროს პამპერსები არ იყო, "პილიონკების" გამოცვლიდან დაწყებული, ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ორ ადგილას ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი. ჯერ სათითაოდ იყვნენ ჩემი შვილები საშინელი გასაზრდელები და მერე ტყუპი რომ შეგვეძინა ხომ საერთოდ. ურთულესი იყო მათი გაზრდა, ინდივიდუალურადაც რთულები იყვნენ და მით უმეტეს ორი ერთად. მათი დაბადებიდან ერთი წელი დასაძინებლად არც ვწვებოდი, რადგან ღამე მე ვმორიგეობდი, 15 წუთში ერთხელ ეღვიძებოდათ და ვიყავით ამ რეჟიმში. მერე ჩემი ცოლი შემცვლიდა ხოლმე და მე დილას ვიძინებდი, გავინაწილეთ დღე და ღამე, მე ღამის მორიგე ვიყავი.
- უკვე საკმაოდ დიდი შვილები გყავთ, მეგობრობთ მათთან?
- შეძლებისდაგვარად, უფრო გიორგისთან გამომდის მეგობრობა, რადგან ასაკით ახლოსაა ჩემთან. შვილების ყოველდღიურობის შესახებ ინფორმაცია უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ჩართულობა ჩემი "ვარსკვლავური" ცხოვრებიდან გამომდინარე. მე როცა თავისუფალი დრო მაქვს, მაშინ მათ არ სცალიათ, ან გაკვეთილი აქვთ, ან სხვა თემით არიან დაკავებულები.
- რამდენად მკაცრი ხართ შვილებთან?
- ნაკლებად. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული მიდგომები, ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში საკმაოდ თანამედროვედ ვაზროვნებ. ვხვდები იმასაც, რომ დროსთან ერთად რაღაცები იცვლება, არც ძველ დროში უნდა ჩარჩე და ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს, ოქროს შუალედი უნდა დაიჭირო, რაც მარტივი ნამდვილად არაა.
- თუ აკონტროლებთ, ვისთან მეგობრობენ თქვენი შვილები, სად არიან, როგორ ერთობიან და ა.შ…
- ეს თავისთავად ხდება, რადგან ვიცნობ მათ სამეგობროს. ახლაც ჩემი გოგო თავის დაქალებთან ერთად მოლში უნდა წავიყვანო. ასე რომ, შვილების ცხოვრების მაჯისცემაზე ხელი მიკიდა, ღვთის მადლით, კონტროლი არ სჭირდებათ ჯერჯერობით.
- თქვენი შვილების მოსაზრებებს რამდენად ითვალისწინებთ თუნდაც კარიერული თვალსაზრისით?
- კი. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა რომ შემომთავაზეს, შვილებს ვკითხე აზრი და გავითვალისწინე, მერე თვითონაც ძალიან ჩაერთნენ გულშემატკივრობაში. ტანსაცმელს რომ ჩავიცვამ, შეიძლება, ჩემს გოგოს ვკითხო, უხდება თუ არა, მაგალითად, ეს პერანგი ამ შარვალს და ა.შ. ახლგაზრდული მოსაზრებებიც ხომ უნდა გავიგო?! მაინტერესებს შვილების აზრი და ვიზიარებ...
ციცი ომანიძე