გადავწყვიტეთ, სტატიების გარდა ჩვენი ყოველდღიურობიდან პატარ-პატარა ამბები შემოგთავაზოთ გადავწყვიტეთ, სტატიების გარდა სოციალური ქსელიდან ან უბრალოდ ჩვენი ყოველდღიურობიდან პატარ-პატარა ამბები შემოგთავაზოთ. უფრო სწორად, პატარა ცხოვრებისეული ჩანახატები, რომლებიც შეიძლება, არაფრით არიან გამორჩეულნი და უნიკალურნი. სამაგიეროდ ჩვენს გვერდით, ხან ჩვენს თვალწინ ვითარდება და ჩვენში გარკვეულ ემოციებსაც იწვევენ. რაში გვჭირდება ეს ამბები? სინამდვილეში ჩვენ თქვენი გამოხმაურებები, თქვენი შეხედულებები და მოსაზრებები გვაინტერესებს მათ შესახებ, რომლებსაც კომენტარებში შემოგვთავაზებთ. ასე ბევრ საინტერესო თემას აღმოვაჩენთ და ისევ ერთმანეთს გავუზიარებთ. თემა, ბუნებრივია მშობლებს, შვილებსა და ოჯახს "არ გასცდება".
ეს ჩვენი პირველი მცდელობაა და თქვენი აქტიურობის იმედი გვაქვს. მაშ ასე, ერთი პატარა მონაკვეთი ყოველდღიურობიდან, რომელიც სოციალური ქსელიდან გადმოვიტანეთ:
"ამასწინათ დავინახეთ საკუთარ ეზოში ბატუტისკენ მამაკაცი ბავშვთან ერთად მიემართებოდა. ჰოდა, ჩემს ბიჭს ვეუბნები, ახლა ნახე, მამა დაიწყებს ხტუნაობას და ბავშვს არ აცლის-თქო. კაცი პირველი აძვრა ბატუტზე და დაიწყო ხტუნაობა. ბავშვიც შეძვრა და იმანაც დაიწყო, მაგრამ ბატუტის ცენტრი მამას ჰქონდა დაკავებული და ბავშვი ხტუნაობდა კიდეში. იმის გამო, რომ სინქრონულად არ ხტუნავდნენ და ბატუტის კიდესაც სხვა მოცემულობა აქვს, ვიდრე ცენტრს, ბავშვი სულ ეცემოდა. ადგა და ჩამოძვრა ბოლო-ბოლო და წყლის თოფით თამაში დაიწყო. კაცი ვერც მიხვდა ვერაფერს, გააგრძელა ხტუნაობა. ჩემი შვილი კი გაკვირვებული მიყურებდა, რა იცოდიო..."
ხანდახან აი, ასე ართობენ მამები შვილებს. ბევრ ქალს რომ ჰკითხო, ბავშვი მამასთან არ "დაიტოვება". თქვენ როგორ ფიქრობთ? ველით საინტერესო შემთხვევებს თქვენი პრაქტიკიდან და ამ სახალისო ფოტოგალერეის დათვალიერებასაც გთავაზობთ.