ყოველთვის ვიცოდი – მოვიდოდა დრო და რომელიღაც სამშობიარო სახლიდან თეთრხალათიანი ქალბატონი გამოვიდოდა და შვილის დაბადებას მომილოცავდა
„როგორი მამა ვარ?“ – ამ კითხვას ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და სიმართლე გითხრათ, პასუხი არ მაქვს. მაგარი მამა მამაჩემი იყო (თუმცა, რატომ იყო? 90 წლისაც მაგარი მამაა). ვერ ვჯობივარ მამაჩემს მამობაში. მეც მამაჩემივით ვცდილობ კარგი მამა ვიყო – თქვენი მეგობარი. მინდა თავისუფლები გაიზარდოთ, ისწავლოთ ის, რაც გაინტერესებთ. არ მინდა რამე თავს მოგახვიოთ, არც პოზიტიური ზეწოლა მიყვარს და არც ნეგატიური. შვილები მშობლებს უნდა ენდობოდნენ. მგონი მენდობით.. უნდა გრძნობდეთ, რომ ვხვდები – თქვენ გაიზარდეთ. ვიცი, თქვენი თაობა სხვა თაობაა და მე უნდა დაგეწიოთ. შვილებს უნდა სჯეროდეთ, რომ მშობლის რჩევა ფასეულია და რჩევის მიცემამდე ბევრი აქვს ნაფიქრი და რაც მთავარია, დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ არასოდეს მოატყუებ. ვახერხებ? ალბათ, ყოველთვის ვერა.
კიდევ კარგი, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წუთიერი შეგრძნებაა და მეტი არაფერი. განა მე და თქვენს, უფრო სწორედ, ჩვენს შორის, ყველაფერი სულ სხვაგვარად არ არის? განა ჩემსა და თქვენს ურთიერთობაში, როგორც ჩვენ, დიდები ვამბობთ ხოლმე – „ყველაფერი რადიკალურად შესაცვლელია“?! არადა, მაინც ყველაფერი ისე როდია, როგორც მე და თქვენ ერთობლივად ვისურვებდით. ვიცი, მეტი თავისუფლება გჭირდებათ. ისიც ვიცი სხვადასხვა ასაკის ხართ და ჩემგან განსხვავებული შეხედულებებიც გაქვთ ამა თუ იმ თქვენთვის, ან იქნებ მხოლოდ ჩემთვის საინტერესო საკითხზე?! იყო დრო,როცა ყველაფერ ამას ზედმეტად განვიცდიდი. მერე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდი როგორი მამა გჭირდებათ თქვენ და რომ ასაკის მატებასთან ერთად, მეც მეტი უნდა მესწავლა. მამობის გამოცდილება ხშირად რომ ვერ მშველის, იცით? ირინა სულ არ ჰგავს თამარს, თამარი კიდევ ანას და მე, დედიკოსთან ერთად უნდა მეპოვნა ამ განსხვავებებთან შეგუების საშუალებები.
იცით, ყოველთვის ვიცოდი – მოვიდოდა დრო და რომელიღაც სამშობიარო სახლიდან თეთრხალათიანი ქალბატონი გამოვიდოდა და შვილის დაბადებას მომილოცავდა. ისიც ვიცოდი, ძალიან რომ გამიხარდებოდა და უბედნიერესი ადამიანი ვიქნებოდი მთელი დედამიწის ზურგზე. ერთადერთი, რაზეც არ მიფიქრია, პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა იყო! შენ ხომ მამა გახდი! პასუხისმგებლობა დიდი ხნის მერე მოვიდა. ვიცი, ცუდია ასე რომ იყო, მაგრამ ესეც ხომ უნდა მეთქვა?! ჩვენ ხომ კარგა ხანია შევთანხმდით, ერთმანეთს არასოდეს მოვატყუებდით..
თქვენ თამაშს აგრძელებთ, მე თქვენზე – ფიქრს.
რას არ მივედ-მოვედე და სათქმელი სანახევროდაც ვერ გითხარით.
ძალიან მიყვარხართ და პატივს გცემთ-მეთქი, კიდევ ერთხელ რომ გითხრათ, განა ამისთვის წერილის მოწერაა საჭირო? წერილი ხომ არა მხოლოდ სიტყვებს, ფრაზებს, აზრებს ინახავს?! წერილი ადმიანის განწყობას ყველაზე კარგად გადმოსცემს. წერილში შეცდომების აღიარებაც ადვილია, მონანიებაც და რჩევის მიცემაც… დაგვიანებული ხომ არ არის უკვე? ღმერთო ჩემო, რა დიდები ხართ და რა კარგები – 8 წლის ანაც კი უკვე დიდია. ირინა და თათა, აბა, თქვენზე რაღა ვთქვა?! რომ იტყვიან თვალსა და ხელშუა იზრდებით. ზუსტად ისეთები ხართ, თქვენს ასაკს რომ შეეფერება. ლამაზები, ჭკვიანები, ნიჭიერებიც…
აბა, აბა, ამომხედეთ ქებამ ხომ არ გაწყინათ?! ჰო, ხანდახან ცელქებიც ხართ და ზარმაცებიც. მერე რა, დრო მოვა და წლები მეტ სიბრძნესაც მოგიტანთ და მეტ სიდინჯესაც.
აბა, ამჯერად მეტი რა გითხრათ?! იყავით ისეთები, როგორებიც ხართ და შეეცადეთ, ოდნავ მაინც შემცვალოთ. მანამდე კი ითამაშეთ. ჯერ ნუ ამოხვალთ, დამელოდეთ, მეც მინდა თქვენთან ერთად ვითამაშო.
ჰოდა, რადგან ასეა, ვეშვები…
გიორგი კილაძე