"პირველი შვილის დაბადების შემდეგ ჭკუიდან გადავედი!"
"პირველი შვილის დაბადების შემდეგ ჭკუიდან გადავედი!"
მიუხედავად აქტიური საჯარო ცხოვრებისა, შვილების ცხოვრებისა თუ აღზრდის მაჯისცემაზე ხელი ყოველთვის ეკიდა. ამბობს, რომ ყველაფერი შეთავსებადია შენი შვილების ცხოვრებასთან და კარგ მშობლობასთან. სამი შვილი ჰყავს, ორი გოგო და ერთი ბიჭი. ჩვენი რესპონდენტი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი გახლავთ, რომელსაც შვილებზე, ზოგადად, მშობლის ფენომენსა და აღზრდის მეთოდებზე ვესაუბრეთ.

- ბატონო, ნიკა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, უკვე დღეს, როგორ ფიქრობთ, რა ასაკში უნდა შექმნას ადამიანმა ოჯახი და თქვენს ცხოვრებაში როდის მოხდა ეს?
- ეს ყველაფერი თავისთავად ხდება, არ შეიძლება, ოჯახის შექმნა წინასწარ დაგეგმო და მერე ამ
გეგმას მიჰყვე, ეს ცხოვრებისა და ადამიანური ურთიერთობების შედეგია, მაგრამ რაც ადრე მოხდება ეს ამბავი, უკეთესია. პირადად მე ძალიან ადრე არ შემიქმნია ოჯახი. 34 წლის ვიყავი, როცა პირველი გოგონა გაგვიჩნდა, ახლა ვარ 47 წლის და მესამე ბიჭუნა შეგვეძინა, შუათანაც გოგო გვყავს. ზოგადად, ჯობია, ადრე შექმნა ოჯახი, მაგრამ ამას ვერ უკარნახებ ვერც შენს თავს და ვერც სხვას, მე ყველას ვურჩევდი, რომ არ დაახანოს და მალე მოაბას ამ ამბავს თავი, არ მოიკლონ ოჯახისა და მშობლობის ბედნიერება.

- გაგვიზიარეთ თქვენი იმდროინდელი ემოციები, როცა გახდით მამა... ეტაპი, როცა ელი შვილს, მაგრამ არ იცი, რამდენად ძლიერი და მძაფრია ეს გრძნობა...
- ეს იყო აბსოლუტური შოკი, უცებ იმხელა ბედნიერება მოდის, რომ ამის
წარმოდგენა წინასწარ რაც არ უნდა მოინდომო ან ენციკლოპედია იკითხო, შეუძლებელია, ვერ შეიგრძნობ, რადგან ეს უშუალოდ შენი ბედნიერებაა. შვილის დაბადების შემდეგ შეიძლება ითქვას, გადავედი ჭკუიდან, სულ სხვანაირი გავხდი, მთლიანად გადავეწყე მასზე, არც ერთი წამი, არც ერთი წუთი არ არსებობდა შვილის გარეშე, მთლიანად მას დავექვემდებარე. სრულებით არაჩვეულებრივი მოვლენა მოხდა, ღვთის საჩუქარი იყო. ყველა ბავშვი ღმერთის საჩუქარია, ამიტომაც მესმის იმ ადამიანების, ვისაც ბევრი შვილი ჰყავთ.

- ყოველთვის აქტიური იყავით კარიერული თვალსაზრისით, ეს რამდენად გაძლევდათ საშუალებას, ჩართულიყავით შვილების აღზრდაში?
- შვილზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე არ არსებობს, რაც არ უნდა ბევრი საქმე გქონდეს, შეიძლება ეს ბუნებრივად შეერწყას შვილის გაზრდას. დაკავებული ვარ და ვერ ვიცლი შვილისთვის – ეს მითი მგონია. შენ შეიძლება იყო მეფე, პრემიერმინისტრი, მინისტრი, გენილაური გამომგონებელი, გენიოსი, გენიალური მხატვარი, მაგრამ ეს ყველაფერი შეთავსებადია შენი შვილების ცხოვრებასთან და კარგ მშობლობასთან.

- თქვენს შვილებს შორის სხვაობა რამდენია?
- უფროსი გოგო, ელენე – 13 წლისაა, თინათინი გახლავთ 3-ის და გიორგი კი 1 წლისაა.

- პირველსა და მეორე შვილს შორის საკმაოდ დიდი სხვაობა...
- ოჯახური ამბების გამო: ერთი მეუღლე, მერე საკუთარი თავის ძიება, ხელმეორედ მეორე ნახევრის პოვნა, მეორე მეუღლე... ხდება ასეთი რაღაცები ადამიანების ცხოვრებაში და ეს არაა ტრაგედია... თუმცა, ბავშვები ერთმანეთს არ არჩევენ, ძირითადად ერთად არიან და საოცრად თბილი ურთიერთობა აქვთ.
mshoblebi
- თქვენი პირველი შვილი – 13 წლისაა, შედარებით დიდია და ამიტომ მაინტერესებს თქვენი მიდგომა მასთან...
- დაბადების მომენტიდან არ ყოფილა არც ერთი წუთი და არც ერთი წამი, რომ ჩემეთვალა, მას არ ესმის, ის პატარაა, პირველივე წუთებიდან ჩემთვის ის იყო პიროვნება... გიორგი ჯერ ერთი წლისაა, ლაპარაკი არ იცის, მაგრამ ჩემთვის ის თავისი პიროვნებით, თავისი ემოციებით დიდი ცოდნის მატარებელია... და როცა უკვე ბავშვი იზრდება, ის შენი გვერდში მდგომი ადამიანი და კიდევ უფრო დიდი მეგობარი ხდება, ურთიერთობები კი უფროდაუფრო სერიოზულ სახეს იძენს. როცა ერთად ვართ, არ ვიცი, მე ვხდები 13 წლის თუ ელენე – 47-ის, მაგრამ ჩვენს შორის ასაკობრივი ზღვარი იკარგება, ჩვენ დიდი და პატარა პიროვნებები კი არ ვართ, ერთნაირები ვხდებით. მე ბევრ რამეს ვსწავლობ ელენესგან, ის შესაძლებლობას მაძლევს, არ გამინელდეს ის შეგრძნებები, რაც თუნდაც ბავშვობაში მქონდა, იმასაც ვხვდები, რომ ელენეც ბევრს იღებს ჩემგან დანახული სამყაროთი. ყოველთვის ვცდილობ, ურთიერთობა როგორც ტოლი-ტოლს ამ კონტექსტში იყოს, ვიდრე ის, რომ ერთ დღეს მივხვდე და ვუთხრა შვილს, შვილო, გაიზარდე უკვე და ჭკუა მოგემატა-მეთქი... ჩემთვის ჩემი შვილები ყოველთვის დიდები არიან და მე ყოველთვის ვარ პატარა, ანუ ჩვენ ვართ ტოლები.

- რამდენად გასნხვავდება თქვენი აღზრდის მეთოდები თქვენი მშობლების მეთოდებისგან?
- სიმართლე გითხრა, დიდი სხვაობა არაა, იმიტომ, რომ ჩემი მშობლებიც ყოველთვის მხედავდენენ პიროვნებად, არასდროს ვყოფილვარ პატარა, რომელმაც უნდა ისწავლოს, რომელსაც არაფერი არ ესმის. მე ყოველთვის მიყურებდნენ, როგორც პიროვნებას და შესაბამისად მეც ასეთი დამოკიდებულბა მაქვს. ჩვენს ოჯახში თითქოს ტრადიციაა, რომ თაობებს შორის განსხვავებებს არ ვგრძნობთ, ერთი ხედვით ვართ ყველა თაობის წარმომადგენელი.

- სიმკაცრე რამდენადაა საჭირო ურთიერთობაში და თქვენ რამდენად ხართ მკაცრი?
- ვფიქრობ, ძალიან ნაკლებად. ჩემი აზრით, ბავშვი თვითონ უნდა მივიდეს იმ კონდიციამდე, რომ დაშავება არ შეიძლება, შენ თუ თავიდანვე დატუქსე და უთხარი, რომ ეს არ შეიძლება, ამან შეიძლება შედეგი ვერ გამოიღოს, ამიტომ ბავშვი თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. და ამის მაგალითი პირველ რიგში შენ, უფროსი უნდა იყო.

- სწავლა და კითხვა – უმნიშვნელოვანესი თემებია. როგორ და როდის უნდა ჩავუნერგოთ შვილებს წიგნის სიყვარული?
- ბავშვობიდან, პატარაობიდან. წიგნი და კომპიუტერი ერთმანეთს არ ცვლის, ორივეს თავისი ადგილი აქვს, დღევანდელი ბავშვები კომპიუტერს საკმაოდ პატარა ასაკიდან უღებენ ალღოს და მათი ცხოვრების ნაწილი ხდება, მაგრამ ამით არ უნდა დაიჩრდილოს წიგნი. როცა არ იცის კითხვა ბავშვმა, წიგნი უნდა ეჭიროს მშობელს, წიგნი უნდა იფურცლებოდეს სახლში, უნდა ხდებოდეს წაკითხულზე საუბარი, გააზრება, მოყოლა. არ შეიძლება ბავშვს დაავალო, "შვილო, წაიკითხე" და შენ არ წაუკითხო, არ გაუზიარო წაკითხული, არ შეიძლება არ იმსჯელოთ წაკითხულის თაობაზე, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ. როცა მიბრუნება ხდება და წიგნს აქვს თავისი ადგილი ოჯახში, მაშინ ბავშვს ნაკლებად აქვს პრობლემა, გაუნათლებელი დარჩეს, არ უყვარდეს წიგნი ან ელექტრონულ, სწრაფ და მოკლე ინფორმაციაზე იყოს მიბმული. საფიქრალად წიგნიდან წამოსული ცოდნა სულ სხვაა, ვიდრე ელექტრნული მოკლე შეტყობინებებით მიღებული ცოდნა.

- თქვენი საქმიანობიდან, პროფესიიდან გამომდინარე, რამდენად ახერხებთ, შვილები ამოგზაუროთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში და ანახოთ ის ულამაზესი კულტურული ძეგლები, რითაც ქართველები ვამაყობთ...
- ყოველთვის ვახერხებ ამას, ეს მათი ცხოვრების ნაწილია. ბავშვს არ უნდა შეენაცვლო შენ. არ შეიძლება, 1, 3, თუნდაც 6 წლის ბავშვს გამოსტაცო ხელიდან რაღაც და შენ გააკეთო მის ნაცვლად. ბავშვმა ყველაფერი თვითონ უნდა აკეთოს, ეს იქნება თამაში, ხოხვა, წიგნის გადაფურცვლა თუ სხვა. შენ ამას ხელი უნდა შეუწყო და არა მის მაგიერ აკეთო. დღევანდელი მშობლები ამას ვერ ზომავენ და თვითონ აკეთებენ ბავშვის გასაკეთებელს. მე ყოველთვის ვცდილობ მოგზაურობების დროს, რომ ბავშვებმა თვითონ გაიარონ, მივიდეთ და ვიძრომიალოთ ერთად, თუნდაც სახიფათო ბილიკზე გადაიარონ ჩემი მეთვალყურეობით, მე კი არ ავიტატო ხელში, თავად გაიარონ ის გზა. იგორაონ მინდორში, აძვრნენ ნანგრევზე, წყალი დალიონ წყაროზე, სიძველის გვერდით მდინარეში ფეხი რომ დაუსველდებათ, თავად გააშრონ საკუთარი ფეხსაცმელები, მათ უნდა გააკეთონ ეს. თუმცა, არის ხოლმე ცდუნება, მოკიდო ხელი და მოარბენინო, ვითონ აჩვენო ბავშვებს ყველაფერი და წამოხვიდე უკან, მაგრამ ეს არ შეიძლება. შენ უნდა გადაეწყო მათ რიტმზე. შენ უნდა დაიცვა მათი ცხოვრება და ზედმეტად არ უნდა დატანჯო შენი მზრუნველობით.

- და ამით გარკვეუწილად ბავშვი დამოუკიდებლობასაც ეჩვევა...
- აბა, რაა. ესაა მზადება ცხოვრებისათვის. ცხოვრება ხომ წინააღმდეგობები და გამოწვევებია, არ შეიძლება დაუცველი და გამოუცდელი შეხვდეს 17 წლის ადამიანი ამას. სკოლას რომ დაამთავრებს, უცებ ფარდა აიხადოს და აღმოჩნდეს სამყაროში, სადაც თავს ძალიან უსუსურად იგრძნობს. ბავშვები ყველაფერთან ერთად ძალიან პრაქტიკულებიც უნდა იყვნენ. უნდა იცოდნენ ყველაფერი, მაგალითად, ცეცხლის დანთება, სველი წინდის გაშრობა, დაღლილზე დასვენება და ა.შ. ეს პრაქტიკული რაღაცებია და ამის სწავლაში ხელი მშობლებმა უნდა შეუწყონ.

- სოფლის მეურნეობაში, მევენახეობაში რამდენად გყავთ შვილები ჩართული?
- ყველანაირად ვცდილობ, იყვნენ ჩართულები. მაგალითად, თინათინი 2 წლის იყო, როცა ჩემთან ერთად რწყავდა ვენახს, ხელში წყლიანი მილი ეჭირა და მეუბნებოდა, მამიკო, მოდი ახლა ამ ძირს დავუსხათ, ახლა ამას და ა.შ. პურის გამოცხობაა თონეში თუ გასხვლაში მონაწილეობა, ელენე ამას შეიძლება ითქვას, არ აკლდება. მომავალში შეიძლება სულაც არ მოინდომონ სოფლის მეურნეობა ან სიძველეების კვლევა, მაგრამ უნდა იცოდნენ, ეს რა არის, რათა დააშენონ საკუთარი არჩევანი არსებულ გამოცდილებაზე.

- ხშირად აინტერესებთ და სვამენ კითხვას, როგორ დავიწყოთ, როგორ ვანახოთ შვილებს ჩვენი ქვეყანა... ძალიან რთულია გამოარჩიო რამდენიმე სიძველე, ღირსშესანიშნაობა, მაგრამ იქნებ რაიმე რჩევა მისცეთ...
- ორ რჩევას გამოვყოფ... პირველი და საკმაოდ ადვილი, ბავშვები წაიყვანონ სვეტიცხოველში, შეიყვანონ გალავანში და შემდეგ თვითონ გახდნენ საკუთარი შვილების ბავშვები, ანუ ბავშვებს სადაც მოუნდებათ, იქ წავიდნენ, უნდათ შევიდნენ ტაძარში, უნდათ დასხდნენ იქვე, შეეხონ გადასარევ ჩუქურთმიან კედლებს, ნუ აუკრძალავთ ბავშვებს ნურაფერს, მოთმინებით შეხედეთ ყველა მათ ქმედებას, ისინი თავად გაეცნობიან ყველაფერს და ეს დღე დაუვიწყარი იქნება მათთვის. მეორე რჩევა კი ასეთია: შეარჩიონ რომელიმე სიძველე, სადაც ბავშვი აუცილებლად დაიღლება, ეს შეიძლება იყოს ციხე-სიმაგრე მათი სოფლის თავზე ან სხვა, მაგრამ ბავშვი აუცილებლად ძალიან უნდა დაიღალოს ამ მოგზაურობის დროს. მერწმუნეთ, ეს იქნება ისეთი დიდი სიტიმული, რომ არასდროს დაავიწყდებათ ეს მოგზაურობა და ისინი ყოველთვის ეცდებიან, ცხოვრება იმ მუხტით გააგრძელონ, რაც მაშინ მიიღეს. დაღლა ეს იქნება საუკეთესო სტარტაპი საკუთარი სამშობლოს გასაცნობად.
ციცი ომანიძე
8296
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქეთი
0
ძალიან ვაფასებ ბატონ ნიკას, რასაც ამბობს და აკეთებს, ყველაფრის გამო. წარმატებებს ვუსურვებ
14:45 / 07-09-2015
მსგავსი სიახლეები