ფაქტობრივად, ჩემს შვილთან ერთად არც მიცხოვრია, ახლაც რეგლამენტირებული გვაქვს შეხვედრები... მსახიობ და დირიჟორ ირაკლი ჩოლოყაშვილს ორი ვაჟკაცი - დიმიტრი და თეიმურაზი ჰყავს. მართალია, მამა გვიან გახდა, მაგრამ იმხელა პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს შვილების მიმართ, ამბობს, მათთან ერთად როცა ვარ, მაშინაც კი მგონია, რომ რაღაცას ვაკლებ, სულ უკმარისობის გრძნობა მაქვსო.... მშობლის ტვირთზე ირაკლი თავად ისაუბრებს.
- მამა სამი წლის წინ, 40 წლის ასაკში გავხდი. ვფიქრობ, რომ ცოტა დამიგვიანდა, ჩემს ასაკში ზოგს შვილიშვილი ჰყავს...
- რამდენად იყავით პირველი ვაჟის - დიმიტრის აღზრდაში ჩართული?
- დიმიტრი დედასთან ცხოვრობს, ფაქტობრივად, მე ჩემს შვილთან ერთად არც მიცხოვრია, ახლაც რეგლამენტირებული გვაქვს შეხვედრები, კანონით დავარეგულირეთ ეს საკითხი, რომ არავის უფლება არ დარღვეულიყო, არც ჩემი და არც ბავშვის. ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო.. ცოტა რთულადაა ეს საკითხი, თუმცა რაც დრო გადის, უფრო და უფრო წინსვლა გვაქვს.
- რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვისთის ნაკლებ მტკივნეული ყოფილიყო მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრება?
- ჩვენ ფაქტობრივად ერთად არ გვიცხოვრია, მან არ იცის, რას ნიშნავს, როცა დედა და მამა ერთად ცხოვრობენ, სამწუხაროა, მაგრამ ასეა. რომ არ იცის, შესაბამისად ვერც იაზრებს და ვერ ხვდება, რა და როგორ უნდა იყოს. თუმცა, ხანდახან ემჩნევა, სურვილი აქვს, დედა და მამა ერთად ნახოს და ერთად იყვნენ.
- მართალია, დიმიტრი ჯერ პატარაა, სულ 3 წლისაა, მაგრამ რამდენად მეგობრულია თქვენ მიმართ, თუ გიყვებათ თავის ამბებს?
- ზოგადად, დიდი ხანი არაა, რაც ლაპარაკის მხრივ გააქტიურდა, ადრე მხოლოდ იმ სიტყვას ამბობდა, რაც თვითონ სჭირდებოდა, თუ არადა იყო ჩუმად თავისთვის. ახლა კი, როცა რამე უნდა, მაშინ იწყებს საუბარს, თუმცა ხანდახან ისეთ რაღაცას იტყვის, დაგაფიქრებს კაცს. ამას წინათ სადღაც წაყვანას მთხოვდა, მანქანაში ვისხედით და ვუთხარი, აბა როგორ წავიდეთ, წვიმს-მეთქი. არა, არ წვიმსო. საქარე მინაზე ვაჩვენე წვეთები და ვუთხარი, ესაა წვიმა-მეთქი, მან კი გამწმენდები ჩამირთო და აბა, სად წვიმსო?! (იცინის). ეტყობა, გონება უჭრის და სათავისოდ გამოსავალს ყოველთვის პოულობს.
- რა შეგრძნებაა, როცა უკვე მეორედ ხდები მამა...
- მეორე შვილთან დამოკიდებულბაში ახალი იყო ის, რომ ბავშვი ჩემთან ერთად ცხოვრობდა, ჩემთან იზრდებოდა, რაც მანამადე არ მქონდა გამოცდილი. ამ შემთხვევაში გამოვცადე. ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა მისთვის, თითქოს ვერთობოდი ამით და როგორც ჩანს, გამომივიდა (იღიმის). ბუნებრივად იკვებობდა თეიმურაზი, აქედან გამომდინარე, დედაც სულ სახლში იყო, მაგრამ მერე უკვე, როცა ფაფებზე გადავიდა, მარტოც ვრჩებოდით. მართალია, თავიდან ვნერვიულობდი, მაგრამ ესეც დავძლიეთ. ალბათ განსაკუთრებით მაშინ ღელავ, როცა ტირის და გრძნობ, რომ უმწეო ხარ, ვერ ხვდები, რა უნდა, რატომ ტირის. თუმცა, ნელ-ნელა ბავშვს რომ გაიცნობ კარგად, თვითონ ”გკარნახობს”, რა ჭირდება და შენც ხვდები, ეძინება, შია თუ გამოცვლა უნდა.
- რამდენად მშიშარა და ემოციური მშობელი ხართ?
- მშიშარა ნაკლებად, მაგრამ გული მიჩუყდება ადვილად. სულ მგონია, რომ ბავშვებს რაღაცას ვაკლებ. როცა მათთან ერთად ვარ, მაშინაც კი ასე მგონია, უკმარისობის შეგრძნება მაქვს. მგონია, რომ მათთან ვალში ვარ და ისე ვერ ვაკეთებ რაღაცას როგორც საჭიროა.
- დასასრულ, მითხარით რა შეიცვალა თქვენში შვილების დაბადების შემდეგ?
- ერთი მხრივ გავახალგაზრდავდი ჩემს სკოლის მეგობრებთან შედარებით, ისინი რომ ბაბუები არიან, მე მხოლოდ და მხოლოდ მამა გავხდი (იღიმის). გარდა ამისა, პასუხისმგებლობაც მეტი მაქვს, შვილებთან ასაკში დიდი სხვაობა რომ არის, სულ ფიქრობ, მერე რა იქნება, შენც გინდა მოესწრო შვილიშვილებს... აქედან გამომდინარე ყველანაირი ემოცია მეუფლება ერთად - სენტიმენტალურიც, ოპტიმისტურიც. მაგრამ, ერთი უდავოა, ბედნიერი ვარ, რომ შვილები მყავს. 31 ოქტომბერს დიმიტრი 3 წლის ხდება და მინდა მივულოცო დაბადების დღე... სამშობლოს გამოდგომოდეს...
ციცი ომანიძე