"ბუნებრივად ვერ ვკვებავდი ბავშვს, თორემ ყველაფერს ვუკეთებდი – ვუვლიდი, ვასეირნებდი, პამპერსებს ვუცვლიდი..."
"ბუნებრივად ვერ ვკვებავდი ბავშვს, თორემ ყველაფერს ვუკეთებდი – ვუვლიდი, ვასეირნებდი, პამპერსებს ვუცვლიდი..."
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ონისე ონიანს 2 შვილი, ლილე და ტასო ჰყავს. მათ აღზრდა-განვითარებაში ყოველმხრივ ჩართული იყო და დღემდე ასეა, ცდილობს, შვილები თავისუფალი, ლაღი, მაგრამ ზომიერების საზღვრებში მოქცეული ურთიერთობებით გაზარდოს.

- ოჯახი 28 წლის ასაკში შევქმენი, ერთ წელიწადში კი მეყოლა შვილი, ლილე ონიანი. ეს უკვე სერიოზული ასაკია, ვერ იტყვი, რომ დაუფიქრებლად გადადგი რომელიმე ნაბიჯი, მომზადებული ხარ ოჯახისთვის, შვილისთვის და პასუხისმგებლობისთვის. ლილე დაბადებიდან მეორე-მესამე დღეს მაჩვენეს, მაშინ ასე არ იყო, რა წუთშიც გაჩნდებოდა, მაშინვე რომ გენახა, მაგრამ როცა ხელში ავიყვანე, იმ წამებში
ყველაფერი ერთად მოვიდა: სიყვარული, მზრუნველობა, შიში. ზოგადად, შვილის ყოლის შემდეგ ადამიანი მოსვენებას კარგავს, მშვიდად ვეღარ ხარ, რადგან სულ გაინტერესებეს მისი ყველაფერი, ყოველი წამი, ყოველი წუთი, თვალყურს ადევნებ როგორ ვითარება. მერე, რომ წამოიზრდებიან, სულ ცდილობ, იზრუნო მათ უკეთეს მომავალზე, სულ იმის ფიქრში ხარ, რა და როგორ შეუქმნა, შეიძლება ითქვას, რომ მთელ ცხოვრებას ვატარებთ ჩვენი შვილებისა და ოჯახის უკეთესი მომავლის შექმნასა და ამ საკითხზე ფიქრში.

- შვილის აღზრდაში თუ იღებდით მონაწილეობას?
- რა თქმა უნდა, აღზრდაში, გაზრდაში და მოვლაში ერთ-ერთი პირველი ადგილი მეჭირა, როგორც ჩემი მეუღლე უვლიდა, ანალოგიურად ვუვლიდი მეც, ერთის გამოკლებით, ბუნებრივად ვერ ვკვებავდი. დანარჩენში ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, ვუვლიდი, ვასეირნებდი, ვუცვლიდი პამპერსს. ეს იყო ჩემს შვილთან
ურთიერთობის კიდევ ერთი სიამოვნება.

- შვილებს შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენია?
- ჩემი მეორე შვილი გაჩნდა მაშინ, რომ როცა ლილე 7 წლის იყო. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ამჯერად უკვე გამოცდილება გაქვს, იცი ბავშვთან ურთიერთობა, აღარ გაქვს შიშები, იცი ვთქვათ, სიცხის დროს როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა დაძლიო და ა.შ. შესაბამისად, ემოციური და საქმიანი თვალსაზრისითაც მეორე შვილის გაზრდა გიიოლდება.

- ახლა რა ასაკისანი არიან თქვენი შვილები?
- უფროსი ქალიშვილი 20 წლის არის, სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის ფაკულტეტზე ლანდშაფტის დიზაინზე, უფასო განყოფილებაში სწავლობს, ამავდროულად გადაწყვიტა, რომ ემუშავა. ეს აპრობირებული თემაა მთელ მსოფლიოში და მანაც გადაწყვიტა, დასაქმებულიყო. ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობს, თან ინსტიტუტშიც დადის, ხატავს და საკუთარ საქმეს კარგად ართმევს თავს. დატვირთულია და რაღაც მომენტში მეცოდება კიდეც, მაგრამ ცხოვრება ასეთია, თუ არ ვიმუშავეთ და რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენვე დაგვაკლდება ეს. რაც შეეხება მეორე შვილს, მერვე კლასშია, შეიძლება ითქვას, რომ ახლა ეცნობა სამყაროს, დგება გზაზე, სადაც უნდა აირჩიოს მომავალი, პროფესია, საქმე. ჩამოყალიბების პროცესშია.

- უკვე დიდი შვილები გყავთ, რომ მათთან იმეგობროთ, ისაუბროთ ცხოვრებისეულ თემებზე...
- კი და ასეცაა... უფროს შვილთან მეც და დედამისსაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე ისე, როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეეფერებათ, მასთან მიმართებაში სიმკაცრე უკვე აღარაა საჭირო, რჩევებით შემოვიფარგლებით, მეორესთან კი სხვაგვარადა საქმე, მის ასაკში საჭიროა სიმკაცრე, ნებისმიერი საკითხის სწორად ახსნა და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ჩამოყალიბების პროცესშია, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, "ფორმა მივცეთ" მის განვითარება-განათლებას.

- უფროსი პროფესიული კუთხით არ გაჰყვა თქვენს გზას, პატარა ხომ არ გეგმავს მსახიობობას?
- ვერ გავიგეთ, ხანდახან იძახის, რომ უნდა, ხან იძახის, რომ არ უნდა და კულინარობის სურვილი აქვს, ჯერ ვერ ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, მაგრამ ჩვენგან სრული თავისუფლება აქვს. არ ვიცი რას აირჩევს, მაგრამ ჩვენ გვერდში დავუდგებით.

- რამდენად აზიატი ხართ შვილების მიმართ. თუნდაც თაყვანისმცემლების, პირადი ცხოვრების საკითხში?
- არა, არა. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც სამყაროს ძალიან კარგად აღიქვამს, ვიცი რომ ქალს კაცი შეუყვარდება, ექნებათ რომანი და ამას ჩვეულებრივად ვიღებ, ჩემთვის ეს არაა გასაბრაზებელი თემა, უბრალოდ ყოველთვის ვუსურვებ ჩემს შვილს, ისეთი ადამიანი შეიყვაროს, რომელსაც მისი გარშემო მყოფნიც მიიღებენ. თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც იმაზე ვთანხმდებით, რომ მთავარია ის იყოს ბედნიერი, ჰქონდეს კარგი მომავალი, ჰყავდეს კარგი მეორე ნახევარი და ბედნიერად იცხოვრონ ერთად. ამასთან, აღვნიშნავ იმასაც, რომ მარტო არაა, ჩვენც მის გვერდით ვართ და ჩვენი აზრიც ნაწილობრივ მაინც უნდა გაითვალისწინოს.

- როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი შვილებთან ურთიერთობაში?
- სიმართლე და სწორი, მართალი ურთიერთობები. ამასთან ერთად, შვილებს თავისუფლებაც უნდა მივანიჭოთ, რათა დოზირებულად ყველაფერი მიიღონ, გაიგონ, რა არის კარგი, ცუდი და ჩამოუყალიბდეთ საკუთარი მე. კიდევაც უნდა გაუშვა, არც უნდა შეზღუდო, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი საზღვრები და ფარგლები უნდა ჰქონდეს. სიმართლე და თავისუფალი, ლაღი ურთიერთობაა მთავარი, როცა ამას დაინახავს მშობლის მხრიდან, თავადაც შეეცდება, ასეთივე იყოს.

- ონისე, დასასრულ, მინდა თქვენს ახალ საქმეზე გკითხოთ. ცოტა ხნის წინ, თუ არ ვცდები, საოჯახო ბიზნესი წამოიწყეთ...
- საოჯახო არა, მე და ჩემმა მეგობარმა ერთად გავხსენით კაფე და ვზრუნავთ, რომ კარგად ავაწყოთ ყველაფერი, ამჯერად თვითონ ვუდგავართ ყველაფერს სათავაში, უკვე დეზერტირების ბაზარშიც გამოვჩნდი, დავიწყე სიარულიც და ფასებზე მეტი ყურადღების გამახვილებაც.

- აქამდე ოჯახში რამდენად ითავსებდით მომმარაგებლის ფუნქციას?
- ოჯახში სულ მე ვარ მომმარაგებელი, მე მივიტან, ისინი - ამზადებენ… როდესაც სახლისთვის ყიდულობ, მაშინ არ ფიქრობ, იმაზე ლარით ნაკლებად იყიდი თუ მეტად, მაგრამ როცა საქმე ბიზნესს ეხება, მეტი დაკვირვებაა საჭირო, რაც უფრო იაფად იყიდი ხარისხიან პროდუქტს, ისევ შენი მოგებაა, რადგან მომხმარებელს შესთავაზებ კარგ პროდუქტს, ნაკლები დანახარჯით.

- წარმატებებს გისურვებთ.
ციცი ომანიძე

1921
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები