6 შვილის მამის, დაჩი გრძელიშვილის ემოციური პოსტი და მიმართვა მშობლებს ეს პოსტი ექვსი შვილის მამას, ცნობილ ჟურნალისტ დაჩი გრძელიშვილს ეკუთვნის. ერთ-ერთ შვილს და მასთან დაკავშირებულ ამბავს ეხება, თუმცა ძალიან ბევრი მშობლისა და შვილის ურთიერთობაზეა სინამდვილეში, და ბევრი მშობლისთვის ჭკუის სასწავლებელია.
”მე და კრავის სუულ სხვანაირი ქიმია გვაქვს ერთმანეთში. გუშინ ჩოგბურთში თამაში წააგო - გამოვტყდები და ცუდად მოვიქეცი - მეწყინა. არა, ალიაქოთი არ ამიტეხია. როცა რაიმე ძალიან მწყინს, ჩემთვის ვარ ხოლმე, ჩუმად. ძალიან იშვიათი ამბავია ეს, მაგრამ ისე ხდება ხოლმე რომ გარშემო ამას უფრო მეტად გრძნობენ, ვიდრე ხმის ამოღების შემთხვევაში. ახლაც ასე იყო - სახლში ისე მივედით, არც მე ამომიღია ხმა და არც მას (კრავაიც მე მგავს). ეტყობა ისე დაიძაბა ჩემს გამო, სახლში ცუდად გახდა. მერე მე სამსახურში ვიყავი და ირმას FB-დან მომწერა - „ვწუხვარ რომ წავაგე...“
შემრცხვა რაღაცნაირად და ვუპასუხე, წაგებულიც მიყვარხარ და მოგებულიც-მეთქი. მაინც მომწერა, პირობას გაძლევ, ხვალინდელ შეხვედრას შენთვის მოვიგებო - მოიგო.
მე არ წავსულვარ, ტელეფონზე რომ ველაპარაკე, ძალიან დაღლილი ჩანდა. დაღლილი და კმაყოფილი. კი, კარგია ეს ამბავი, გულისამაჩუყებელი, მაგრამ რათა ვწერ, რა მინდა გითხრათ - ნუ დაძაბავთ შვილებს მოკლევადიანი, რუტინული მარცხებისთვის: წაგებისთვის, ნიშნისთვის, იმისთვის, რომ ვინმემ რამის აღება დაასწრო გუშინ, ამ საათიდან ამ საათამდე. საათი ხომ მუშაობას აგრძელებს - მას კიდევ ბევრი დამარცხება და გამარჯვება ექნება. მთავარი არა ყოველდღიური და პატარ-პატარა, არამედ დიდი მიზანია. მის მიღწევამდე კი გზაში, ბევრჯერ დაცემა და ბევრჯერ ადგომა უნდა ვასწავლოთ”.