”სისხამ დილით, 06:00 საათზე გვაღვიძებს. თანაც, არც შია და არც ტირის, უბრალოდ ეზარება საწოლში მარტო წრიალი და თანამოაზრეებს ეძებს...” მამების დღიურები – გიგა ვაშაკიძე
მე მქვია გიგა, ვარ 32 წლის, ვმუშაობ მარკეტინგის მენეჯერად. ჩემი მეუღლე ლიკა ფსიქოლოგია და გადასარევად ერკვევა ბავშვთა განვითარების სტადიებში. შესაბამისად, ხშირად ვითვალისწინებ მის რჩევებს ჩვენი გოგონას აღზრდისა და მოვლის დროს.
მე და ლიკა 12 წელიწადზე მეტია ერთად ვართ. ჩვენი ჰობია ერთმანეთისათვის “ცხოველური” მეტსახელების შერჩევა, რომლებიც პერიოდულად იცვლება ხოლმე. რაღაც მომენტში, ჩვენ საუბრებში გაჩნდა პატარა, ცელქი არსება რომელიც, მუდამ ხმაურობდა, ფხაჭუნობდა და არ ისვენებდა, და რომელიც არც ერთი ჩვენგანი არ იყო. რადგანაც ქართულ-რუსულის ნაზავით ვსაუბრობთ, მეტსახელიც შესაბამისი მიიღო – მიში (ანუ мышь). როდესაც ნიტას ველოდებოდით და სახელი ჯერ არ გვქონდა შერჩეული (ეს მხოლოდ დაბადების შემდეგ მესამე დღეს მოვახერხეთ), უკვე ვიცოდით, რომ ლიკას მუცელში მიში ცხოვრობდა.
11 ივლისი, ორშაბათი
დღეს ჩემი დილაა. ნიტა, რაც 6 თვის გახდა, ახალ რეჟიმზე გადაეწყო – იძინებს 20:00 საათზე, ძილის დროს ჭამს 24:00 საათზე და შემდეგ სისხამ დილით, 06:00 საათზე გვაღვიძებს. თანაც, არც შია და არც ტირის, უბრალოდ ეზარება საწოლში მარტო წრიალი და თანამოაზრეებს ეძებს. ჩვენც რიგ-რიგობით ვდგებით მასთან ერთად, რომ ვეთამაშოთ, სანამ 8-ის ნახევრისკენ არ მოშივდება და ჭამის დრო არ მოვა.
დღეს მნიშვნელოვანი დილაა – გუშინ ნიტას პირველი სკამი ვუყიდეთ და დღეს მე მიწევს მისი ტესტირება. მიში უკვე რამდენიმე დღეა დილაობით ჭამს ფაფას, მაგრამ აქამდე მისი კვება სკამის გარეშე ძალიან მოუხერხებელი იყო.
არც სკამით აღმოჩნდა მთლად მოსახერხებელი – თავიდან ბოლომდე პირსახოცში შეფუთულმა ნიტამ მაინც მოახერხა ყველაფრის გათხუპვნა. შუა ჭამაში დავნებდი და შევწყვიტე მისთვის პირის მოწმენდა. ცოტა ხანს ითმინა, შემდეგ ხელით მოიმშრალა და….მერე პირსახოცით მე გავშრი.
12 ივლისი, სამშაბათი
სამსახურში ცოტა თუ შევყოვნდი. ნიტა უკვე დაძინების პირას ან მძინარე დამხვდება. მთელი დღე ძალიან ვჩქარობდი, რომ მომესწრო მისი დაბანა და დაძინება. საცობებშიც ვძვრებოდი და თან ლიკას ვურეკავდი, – მოიცადეთ, არ აბანავოთ-მეთქი. მაინც მივუსწარი.
როცა ძალიან პატარა იყო, წყალში ისუსებოდა, ჩაფიქრებულ სახეს იღებდა და არც კი ირწეოდა პროცედურის დასრულებამდე. ახლა წანწალებს, ხელ-ფეხს აქეთ იქეთ იშვერს და გეთამაშება, დაბანას არ გაცლის.
ამდენი აქტივობის შემდეგ, ვერაფრით ვერ დაიძინა, თან ძილის დროც გადაუცდა. თავიდანვე კარგ მუსიკაზე ვაძინებთ, რომ ბავშვობიდანვე შევაჩვიოთ გემოვნებიან მუსიკას.
ყველაზე უფრო შეუყვარდა Baby Pink Floyd – იავნანას სტილში შესრულებული Pink Floyd-ის მელოდიები, მაგრამ თუ არ მაქვს წვდომა რაიმე უწყვეტი რიტმის მქონე მუსიკას ვასმენინებ – უკვე გაიცნო Vampire Weekend, The Smiths, Darkside. აი დღესაც, iPod-ი დაჯდა და Pink Floyd-ის ნაცვლად RHCP-ზე დაეძინა, ჯერჯერბით ეს ბოლო ალბომი ჩემზე უფრო ძალიან მოსწონს. განაგრძეთ კითხვა