"ჩვენს ბავშვობაში ასე არ იყო... მამები თითქოს მხოლოდ იმიტომ გვყავდა, რომ ჩვენს დაბადებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და ჩვენს არსებობას აფინანსებდნენ" ეს პატარა წერილი ჩვენს მკითხველს ეკუთვნის. სურს, ბევრს გაუზიაროს სათქმელი. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს მამების დროა
ჩემი შვილი ხანდახან მეც მამას მეძახის... ძალიან მიხარია... მოუთმენლად ელოდება, როდის დაბრუნდება მამა სამსახურიდან, რომ ეთამაშოს ისევ და ისევ, მერე ერთად მიირთვან ვახშამი და მამიკოს მოყოლილ ზღაპრებში წყნარად ჩაიძინოს...
ჩვენს ბავშვობაში ასე არ იყო... ჩვენ მამები თითქოს მხოლოდ იმიტომ გვყავდა, რომ ჩვენს დაბადებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს, ხოლო ჩვენს არსებობას მათი დაფინანსება ეხმარებოდა... ჩვენს შორის ურთიერთობა, ფაქტობრივად, არ იყო... არ იცოდნენ, რა გვწყინდა და რა გვიხაროდა, რა გვინდოდა და რა - არა... ერთ სახლში ვცხოვრობდით და ერთმანეთით არ ვინტერესდებოდით... გვიყვარდა კი ერთმანეთი? - ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ თავს ვალდებულად ვთვლიდით ერთმანეთი გვყვარებოდა, თორემ როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არც კი იცნობ და რომელთანაც არანაირი თბილი მოგონება არ გაკავშირებს?! გაოცებული ვარ რამდენიმე დღის წინ გაგონილი ამბითაც, რომ დღესაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული ადგილები (დასახელებისგან თავს შევიკავებ), სადაც საკუთარი შვილის აყვანა მამის სისუსტედ მიიჩნევა და შვილისთვის კი მტკიცე ხასიათის დამახინჯებად. როგორ შეუძლია ადამიანს, უყუროს საკუთარ სისხლს და ხორცს და მისი გაცნობის, მოფერების სურვილი არ ჰქონდეს?! - ეს ადამიანობაა?
მადლობა, თანამედროვე მამებო, რომ ნამდვილი მამები ხართ! მარტო მამები კი არა-მეუღლეები და ნამდვილი მეორე ნახევრები! მადლობა, რომ თქვენი მამების საქციელი უარყოფით მაგალითად აღიქვით და საკუთარი სურვილით დაგვიდექით მხარში დედებს! ის კი არა, დღეს ისეთი გარემოა, საკუთარი მამაც მხარში ამომიდგა და დამეხმარა ბავშვების მოვლაში, როცა დამჭირდა. ჩემს შვილებს ისე მოუარა, როგორც ჩემთვის არასდროს მოუვლია და მე ეს ძალიან მახარებს.
მადლობა ოცდამეერთე საუკუნის მამებო! თქვენ ნამდვილი ადამიანები ხართ! დედების ნამდვილი "მე-უღლე-ები" და არ გამიკვირდება, ერთი პატარას თქმისა არ იყოს, კიდევ ბევრ ბავშვს გაუჩნდეს სურვილი, როცა გაიზრდება, ისიც მამა გამოვიდეს...
ნესტანი