უცნაური ოჯახი, რომელმაც მსოფლიო გააოცა იუტას შტატის მაცხოვრებელი ბენ სოურდენსმა გადაწყვიტა უჩვეულო წესით დაეჭირა მხარი თავისი 6 წლის გოგონასთვის, რომელსაც სკოლაში უსიამოვნება შეემთხვა.
პატარა ვალერიას შემთხვევით "გაეპარა" გაკვეთილზე. ამ უსიამოვნებამ საშინლად იმოქმედა გოგონაზე. ის ტიროდა და უნდოდა სახლში წასვლა. მისი მამა ბენი, რომელიც შტატის უნივერსიტეტის პედაგოგია, დაუყოვნებლივ გაეშურა სკოლისკენ შვილის წამოსაყვანად. სანამ ვალერიას ნახავდა, შევიდა საპირფარეშოში და სოლიდარობის მიზნით წყალი გადაისხა შარვალზე.
"შევედი კლასში, მივუახლოვდი ვალერის, რომელიც თავჩახრილი იჯდა და ჩაჰყურებდა იატაკს. მოვეხვიე და ვუთხარი: "ვალერი, შეიძლება შენი ჩანთა ავიღო? რამე უნდა მოვიფარო", - ჯერ უნდობლად შემომხედა, შემდეგ კი ორივემ ხმამაღლა გავიცინეთ", - ჰყვება ბენი ინტერვიუში.
ბენის უფროსმა ქალიშვილმა ლუსინდამ ტვიტერში სამი ფოტო გამოაქვეყნა. პირველ ფოტოზე ბენი ამაყად პოზირებს სველი შარვლით, მეორეზე ვალერი და ბენი იფარებენ დასველებულ ადგილებს - გოგონა ქურთუკით, ხოლო მამა ზურგჩანთით. მესამე სურათზე ორივე იცინის და არაფერს აღარ მალავენ.
"დღეს ჩემს პატარა დაიკოს უსიამოვნება შეემთხვა სკოლაში, მამამ კი სცადა მისი გამხიარულება, რათა მას თავი შერცხვენილად არ ეგრძნო", - წერს ლუსინდა. მისმა პოსტმა 250 000 მოწონება დააგროვა. ბენის საქციელზე უამრავმა ადამიანმა დააკომენტარა. მას სოც. ქსელის "გმირი" და "წლის მამა" უწოდეს.
როგორც ლუსინდამ ინტერვიუში განაცხადა, მამის ასეთი საქციელი არ ყოფილა მისთვის უჩვეულო - ის ყოველთვის ცდილობს გვერდში ედგეს თავის შვილებს ნებისმიერ სიტუაციაში, თან ყველაფერ ამას იუმორით აკეთებს. როდესაც 4 წლის წინ ლუსინდა სკეიტბორდიდან გადმოვარდა და სახე იტკინა, ბენმა თვალის ქვეშ დაიხატა ისეთივე სილურჯე, როგორიც მის გოგონას ჰქონდა. მანამდე დადიოდა ასეთი სახით, სანამ ლუსინდას სილურჯეებმა არ გაუარა.
მოულოდნელი პოპულარობა ბენისთვის და მისი ოჯახისთვის არ ყოფილა ერთადერთი მთავარი ამბავი ამ კვირაში. საქმე ისაა, რომ ბენსა და მის ცოლს კონის 7 ბიოლოგიური შვილი ჰყავთ, 2 წლის წინ ბავშვთა სახლიდან კიდევ იშვილეს ორი - და-ძმა. ამ კვირას კი იმავე ოჯახიდან კიდევ 2 ბავშვი იშვილეს. ახლა სოუერდსონების ოჯახში 2 ბიჭი და 9 გოგონა იზრდება.