"რას შვები არ თხოვდები?!", "როდისღა უნდა მოიყვანო ცოლი?", "გილოცავ გოგოს გათხოვებას".... ჩემი შვილი არასოდეს გათხოვდება, რადგან ჩემი შვილი ნივთი არაა. ის არაა საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც ითხოვებ და დააბრუნებ, არც ავტოსალონში გამოფენილი მანქანაა, რომელსაც წაიყვან და შემდეგ, თუ მოგბეზრდა, უკავნვე მიიყვან. ჩემი შვილი სრულყოფილი ადამიანია და სულ ასე იქნება . სხვისი შვილებიც, ბუნებრივია, ისეთივენი არიან როგორიც ჩემი, ამიტომ ჩემი შვილი ცოლსაც არ მოიყვანს, შესაბამისად არც ითხოვებს.
"რას შვები არ თხოვდები?!", "როდისღა უნდა მოიყვანო ცოლი?", "გილოცავ გოგოს გათხოვებას".... ეს ის ფრაზებია, რომელიც ყოველდღიურ რეალობაში გვხდება, მთქმელთა უმეტესობა ვერც აცნობიერებს, რამხელა შეურაცხყოფას აყენებს, იმ ადამიანს, ვისი ბედითაც შეწუხებულია. ცუდს არავის ვუსურვებ, მაგრამ ის ვინც ამბობს "ჩემი შვილი გათხოვდა", არც უნდა იყოს გაკვირვეული, თუ რაღაც პერიოდის მერე თავის შვილი ისევ სახლში დაბრუნდება. განა წესი არაა ნათხოვარი ნივთის უკან დაბრუნება?! იმას კი რასაც ჩვენ თვითონვე ვათხოვებთ ან ვთხოულობთ სხვებს, რაა თუ არა ნივთი?! ჰოდა, ამიტომ დავიწყე ბლოგი სიტყვებით, რომ ჩემი შვილი ნივთი არაა და მე მას არასოდეს გავათხოვებ, შესაბამისად, არც სხვისი შვილს ითხოვებს ჩემი შვილი.
ბევრი მშობელია, რომელიც ბავშვობიდან აგონებს შვილებს, რომ როცა გაიზრდებიან, გოგო უნდა გათხოვდეს, ხოლო ბიჭმა ცოლი უნდა ითხოვოს. ამავე დროს, ამ ბავშვებს ბაღში და იმ გარემოში სადაც ხშირად უწევთ ყოფნა, ესმით სიტყვები - სათამაშო მათხოვე, წიგნი მათხოვე, ბურთი მათხოვე და სხვ. ბავშვისთვის ძალიან რთული გასარჩევია "გათხოვებაში" რას გულისხმობს მშობელი და მისთვის დიდი გოგო, რომელიც უნდა გათხოვდეს აღიქმევა, როგორც ნივთი, რომელსაც რაღაც პერიოდის მერე, მთხოვნელი უკანვე დაუბრუნებს პატრონს. ბიჭმა იცის, რომ ის ითხოვებს და როცა მობეზრდება უკან დააბრუნებს, განა ასე არ ექცევა ბურთს, როდესაც მეზობლისაგან ითხოვებს?!
ვიცი, ცოტა ხმამაღალია ის რასაც ვწერ და ბევრი შემომედავება, რეალობა მთლად ასეც არააო, მაგრამ შემოდავებას იქნებ ჯობდეს, შვილებს თავიდანვე ჩავაგონოთ, რომ ისინი ისეთივე სრულფასოვანი ადამიანები არიან როგორც ჩვენ, მათი მშობლები, რომლებიც კი არ გათხოვდნენ ან ცოლი კი არ მოიყვანეს, არამედ დაოჯახდნენ.
სიტყვაში "გათხოვება", პირდაპირ ჩანს დომინანტი კაცი, რომელსაც "ნივთი" მოეწონა და ითხოვა. არადა ოჯახი სხვა არაფერია, თუ არა ორი სრუფლასოვანი ადამიანის ერთობა. შეიძლება ამის წამკითხველმა თქვას რომ ქართულ ოჯახში კაცი უნდა იყოს უფროსი და სხვანაირად ქართველობა გვერთმევაო. ასეთს შევახსენებ, რომ ჩვენში დიდხნის დამკვიდრებული ტერმინია - მეუღლე, უღელში კი დომინანტი არ არსებობს.
მე გოგოს მამა ვარ და მინდა ჩემმა შვილს კარგი ოჯახი ჰქონდეს. სიტყვა "კარგი" ძალიან პირობითია, შეიძლება ჩემთვის კარგი მისთვის არ იყოს ისეთივე გაგების, ამიტომ მირჩევნია მას ისეთი ოჯახი ჰქონდეს, როგორიც თვითონ უნდა, უბრალოდ ის ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი შვილი არასოდეს გათხოვდება!!!