მამობა საამაყოა, მაგრამ დიდი პასუხსიმგებლობაც ერთვის მამა შვილისთვის მუდამ სამაგალითოა. მართალია, ეს სტატუსი საამაყოა, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც ერთვის. მამა ხშირად უნდა დაფიქრდეს, ცუდ გავლენას ხომ არ ახდენს შვილზე მისი მავნე ჩვევები და ნაკლოვანებები. რასაც თქვენგან ისწავლის, აუცილებლად დაგიბრუნებთ უკან. ღმერთმა ნუ ქნას, ოდესმე ასეთი ფრაზაც გაიგონოთ: "შენ არასოდეს დაგემსგავსები", ან "ღმერთმა დამიფაროს, მამაჩემისნაირი ქმარი რომ შემხვდეს". ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება.
ძვირფასო მამებო, დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ვაჟიშვილი თქვენგან სწავლობს კაცობას, ქალიშვილმა კი თქვენით უნდა გაიცნოს ძლიერი სქესი? ასე რომ, თქვენზე ბევრად არის დამოკიდებული შვილების მომავალი. როგორ უნდა გაუძღვეთ ამ რთულ მისიას? უარი თქვათ მავნე ჩვევებზე და ისინი სასარგებლოთი ჩაანაცვლოთ თუ ყველაფერი ძველებურად დატოვოთ, უბრალოდ აუხსნათ ბავშვებს, რომ გაგიგონ? მიდგომა ბევრნაირია, მაგრამ სად არის საუკეთესო გამოსავალი?
ერთი მხრივ კარგია, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ. თითოეული ჩვენგანი უნიკალურია. სწორედ შენი ძლიერი სუსტი მხარეები ქმნიან შენს ხასიათს, მაგრამ ხასიათის ყველა მხარე როდი გიწყობს ხელს ოჯახურ ჰარმონიაში. მათი შეცვლა საჭიროა, შვილი კი შესანიშნავი საბაბია საამისოდ. მაგალითად, როცა შენი ემოციური "აფეთქების" შემდეგ წყნარად ჩაისლუკუნებს: "მამიკო, მეშინია, როცა ყვირი"... ულამაზო საქციელს აუცილებლად ინანებ. დიახ, ყველა კარგ მამას ასეთი განცდა ექნებოდა. მაგრამ სულ დამნაშავის როლში ხომ არ იქნები?
სჯობს, ხშირად ესაუბრო შვილს და გული გადაუშალო.
• თუ აწყენინე, ბოდიში მოიხადე. შემდეგ მოუყევი, როგორი გაბრაზებული იყავი, თავი ვერ შეიკავე და ამის გამო ძალიან შეწუხებული ხარ
• გაუზიარე შენი წარმატება. "ადრე უფრო ბრაზიანი ვიყავი და მეტს ვყვიროდი. გამოვსწორდი, იმიტომ რომ ვცდილობ". შვილები ამ სიტყვებს სისუსტედ არ ჩაგითვლიან, პირიქით, მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ. შეცდომების აღიარება ადვილი არაა და ამას ბავშვებიც გრძნობენ.
• არაფერი გეშლება? არც ბავშვს აქვს შეცდომის უფლება? ბავშვისგან ლამაზი სკულპტურის გამოძერწვას ნუ ცდილობ, ის შენსავით ცოცხალი ადამიანია, რომელიც თავის შეცდომებს ადამიანურად განიცდის. მამა კი თავისი "იდეალური ბუნებით" ძალიან შორს დგას და მისთვის მიუწვდომელია. თუ ამ დამოკიდებულებას - "მე არაფერი მეშლება და შენც ასეთი იყავი", არ შეცვლით, თქვენ შორის უფსკრული გაჩნდება. ბავშვის თვითშეფასებაც ძალიან დაქვეითდება, რაც მომავალში ფსიქოლოგიურ პრობლემებს შეუქმნის. შენი გესლიანი შენიშვნებით კი არ გეგონოს, დიდ ვაჟკაცად აქციო.
• უჩვენე, როგორ გვარდება პრობლემები. ამით მას ძალიან დაეხმარები. ძლიერი და ჭკვიანი მამა ყველაფერს მოახერხებს. "მამას სიძნელეების არ ეშინია და მეც ასეთი ვიქნები, როცა გავიზრდები", - ამგვარ შთაბეჭდილებას მოახდენთ შვილზე.
• დანაპირები შეასრულე. თუ მხოლოდ ლაპარაკობ და არაფერს აკეთებ, შენი შვილიც ასეთი იქნება. ისიც ბევრ რამეს დაგპირდება და... გიმტყუნებს. სათამაშოებიც აულაგებელი დარჩება და გაკვეთილებიც - მოუზადებელი.
• ისე მოექეცი შენს ცოლს და შენი შვილების დედას, როგორც გინდა, შენი შვილი მოექცეს მის ცოლს და შენს შვილს მოექცეს მისი ქმარი. როგორც წესი, მათ მომავალ ოჯახურ ცხოვრებას დედისა და მამის მიერ ჩადებული კოდი განსაზღვრავს.
• იყავი ადამიანური, გამგები, დაუმეგობრდი შვილს. ზომიერი სიმკაცრე და სამართლიანობა ყველაზე კარგი გამოსავალია.
მართალი ხართ, ძნელია, იყო სამაგალითო და სანიმუშო, მაგრამ ვინ თქვა, რომ ოჯახის შექმნა იოლია ან მამობა მხოლოდ ბავშვის ჩასახვაზე ზრუნვაა?