ვის როლს ასრულებდა სესილია "ჩემი ცოლის დაქალებში" დამღლელი სამუშაო წლის შემდეგ ზაფხული დასვენების და განტვირთვის დროა.ზაფხულის დადგომასთან ერთად იწყება ფიქრი დასვენებაზე. მშობლები შვილებთან ერთად სხვადასხვა კურორტზე, ან სულაც მშობლიურ სოფელში მიდიან დასასვენებლად. ნიკოლოზ წულუკიძემ მეუღლესთან და შვილთან, პატარა სესილიასთან ერთად დასასვენებელ ადგილად ჯერ მთის კურორტი შეარჩია, სულ რამდენიმე დღეში კი ოჯახი ურეკში გაემგზავრება.
- წელს სესილიამ ძალიან კარგად დაისვენა. არის ასეთი „სამოთხე“ ბობოყვათი, სადაც ჩემს მშობლებს ჰყავდათ წაყვანილი. ეს არის თეატრის მოღვაწეთა დასასვენებელი ადგილი, სადაც ყოველ წელს მარტო თეატრალურ სფეროში მოღვაწე ადამიანები ისვენებენ. წელს ნანუკა ხუსკივაძის, ნანა ფაჩუაშვილის, გეგეჭკორების და სხვა ოჯახი ერთად ვიყავით წასული. როგორც უკვე გითხარით, ჩემს მშობლებს წაყვანილი ჰყავდათ ჩემი შვილიც. პერიოდულად მეც ჩავდიოდი, ვაკითხავდი რამდენიმე დღით.
იქ არიან თეატრალები, ვიკრიბებით ერთი ინტერესის მქონე ადამიანები. საღამოობით არის საუბრები, კონცერტები, სპექტაკლები, სიცილი, მხიარულება, ამიტომ ძალიან მიყვარს იქაურობა. სესილიასაც ძალიან მოეწონა. მანამდე ბაკურიანში იყო, შემდეგ ბორჯომში და ახლა შაბათს მე, ჩემი მეუღლე და სესილია ერთად მივდივართ ურეკში.
- როცა საქმე ბავშვს ეხება, რა ტიპის კურორტებს ანიჭებთ უპირატესობას?
- იქიდან გამომდინარე, რომ ზღვა დაბინძურებულია და ენტეროვირუსის წყაროა, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. უფრო მეტად უსაფრთხოდ მიგვაჩნია მთა. ძალიან გვიყვარს საირმე და ჩემი ოჯახი ყოველ წელს ისვენებს საირმეში. შარშან სესილიაც იყო. სახლი გვაქვს ბორჯომში და იქაც ხშირად ვისვენებთ. მოუცლელობიდან გამომდინარე სესილია ხან დეიდას, ხან ბებია-ბაბუას მიჰყავთ დასასვენებლად. თუმცა ყველასთან ბედნიერად გრძნობს თავს.
- როგორი მამაა ნიკოლოზ წულუკიძე და როგორ ატარებთ ბავშვთან თავისუფალ დროს?
- ყოველთვის ვცდილობ კარგი მამა ვიყო და არაფერი არ დავზოგო ჩემი შვილისთვის, რამე არ მოვაკლო, სულ უფრო და უფრო მეტი დრო დავუთმო მას. ბავშვთან გატარებული თითოეული წუთი შემდეგ მის მომავალზე ძალიან მნიშვნელოვნად აისახება. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხშირად ვიყო ჩემს შვილთან, ვითამაშოთ. ახლა ვიყიდეთ რუკა და უკვე გეოგრაფია დავიწყეთ. ვცდილობთ სხვადასხვა ასოციაციებით დავამახსოვრებინოთ მსოფლიოს ქვეყნები და ქალაქები. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად დღე არ გასულა, რომ ნახევარი საათი მაინც არ გამეტარებინოს მასთან.
ასევე იხილეთ: ნიკოლოზ წულუკიძის სახლი და ოჯახური რელიკვია
- როგორც ვიცი, სესილია ძალიან კარგად ძერწავს. თქვენც თუ იღებთ ამ პროცესში მონაწილეობას?
- ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ პროცესში, რადგან დადის სტუდიაში, იქ ძერწავს და შემდეგ მოაქვს სახლში. ძერწვას ძირითადად დამოუკიდებლად ართმევს თავს.
- სესილია მონაწილეობდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“. რამდენად კარგად გაართვა თავი როლს?
- გადამღები ჯგუფის წევრებმა მითხრეს, ასე ადვილად არავისთან არ გვიმუშავიაო. როცა მიდიოდა გადაღებაზე დავაბარე, მამა, როცა მიხვალ გადაღებაზე, იკითხე, სტანისლავსკის მეთოდით ვიმუშაო თუ ბრეხტის მეთოდით-თქო. მართალია, თავად ასე არ უთქვამს, მაგრამ ძალიან ადვილად გაართვა ყველაფერს თავი, ადვილად შევიდა როლში. სერიალშიც რომ ნახოთ, მიხვდებით რა კარგად გაართვა თავი მოკრძალებულ ვალდებულებას.
- მომავალში თუ არის შანსი, რომ კვლავ გააგრძელოს სერიალში მონაწილეობა?
- არ ვიცი, მაგ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.
მიხარია, რომ სესილიას ნამდვილი ბავშვობა აქვს. არ მიყვარს, როცა მშობლები ბავშვებს ბავშვობას აკარგვინებენ. როცა ბავშვია, ბავშვობა უნდა ეტყობოდეს, მომავალში ყველაფერს მოასწრებს.
მერი ბლიაძე