ერთი დედის ამბავი, რომელმაც ბავშვი გააშვილა ეს აღსარებაა, რომელიც მძიმედ მაწევს გულზე. ჩემი ქმარი რომ არა, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ ყველაფერს. თითქმის 19 წელი გავიდა, მაგრამ ხანდახან ღამღამობით მეღვიძება და ოფლში დავცურავ.
სკოლა როგორც კი დავამთავრე, ჩემს თანაკლასელს გავყევი ცოლად, პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. დედამთილ-მამამთილთან დავიწყეთ ცხოვრება – ოქროს ადამიანები იყვნენ. სამკერვალო ფაბრიკაში მოვეწყვე სამუშაოდ, ქმარი – ქარხანაში.
ქორწინებიდან ნახევარ წელიწადში დავორსულდი – მთელი ოჯახი ხარობდა. 1979 წლის შუალედში გაგვიჩნდა პირველი ქალიშვილი. ჩემი ქმარი სიხარულისგან ტიროდა, ხელიდან არ უშვებდა ბავშვს, მისი და ჩემი მშობლებიც ხარობდნენ. 1980 წელს გაგვიჩნდა მეორე შვილი – ვაჟი. სუსტი დაიბადა, ერთ თვეში გამოგვწერეს. ცხოვრება ცოტა აღმა წავიდა, სახლს მეორე ნახევარი მივაშენეთ, ბავშვები იზრდებოდნენ. ბაღში წავიდნენ.
1984 წელს დაიბადა მესამე – გოგო. "ბავშვი კი არა, ანგელოზია", - ამბობდა ჩემი დედამთილი. ანგელოზი კი იყო, მაგრამ მის მერე მეტად დავიწყეთ თავის დაცვა, საკმარისი იყო ანგელოზები. თუმცა საბჭოთა კონტრაცეფცია დიდი ვერაფერი იყო... და აი, 1985 წლის ბოლოს 3 კვირით გადამიცდა. "ისევ ორსულად ვარ" - გამიელვა თავში.
არ ვიცოდი, რა მექნა: ოთხი შვილი, საშინელება იქნებოდა, აბორტის გაკეთებაც არ მინდოდა.
ქმარს ვუთხარი. არ ეჯერა, ხომ ვიცავდითო თავს. ექიმთან მივედი და ვარწმუნდი, რომ ორსულად ვიყავი.
განგაში გამიძლიერდა – არ ვიცოდი, რა მექნა ამდენი ბავშვისთვის. საქმეში დედა ჩაერია. ჩემი მდგომარეობა რომ დაინახა, უბრალოდ მოვიდა და მითხრა: "შვილო, გააჩინე, თუ გინდა, მე წავიყვან ბავშვს, ოღონდ გააჩინე. არ დაღუპო, მეც გავიხარებ სიბერის წლებში".
1986 გაჩნდა ჩემი მეოთხე შვილი – ისევ გოგონა. თუმცა ბებიას დიდხანს არ გაუხარია მისით – ერთ წელიწადში გარდაიცვალა. მერე ქვეყანაში კრიზისი დაიწყო, მე შემამცირეს, ქმარი მუშაობდა, მაგრამ ხელფასს არ აძლევდნენ, მისი მშობლების პენსიით ძლივს ვითქვამდით სულს. ამ "შიმშილობის" პერიოდში მამამთილიც გარდაიცვალა, ნახევარ წელიწადში – დედამთილიც და დავრჩით მთლად საარსებო წყაროს გარეშე ოთხი შვილით.
იმის თქმა, რომ გავიჭირდა, არაფრის თქმა იქნებოდა. ხანდახან პურიც არ გვქონდა. არ ვცხოვრობდით, ვარსებობდით და ოთხ ბავშვს ვუნაწილებდით იმ მცირესაც, რაც გვქონდა. საწყალ ბავშვებს ჩვეულებრივი ერბოკვერცხიც კი ენატრებოდათ.
კეთილმა ადამიანებმა მირჩიეს, მრავალშვილიანების დახმარება მომეთხოვა. არასდროს არაფერი მითხოვია, მაგრამ ჩემი შვილებისთვის უნდა წავსულიყავი. დავწვდი ძველ ვარდისფერ პიჯაკს, ცოტა ნორმალურად გამოიყურებოდა. გავიზომე – უცნაურად მომეჩვენა: ხელები, ფეხები თითქოს გამხდარი მქონდა, მკერდი და მუცელი კი – არც ისე. იმ პერიოდში მე და ჩემი ქმარი ხომ თითქმის არაფერს ვჭამდით, წყალს ვსვამდით უზომოდ, რომ ნაკლებად მოგვშიებოდა და ბავშვებს არ შევცილებოდით. ადრე რამდენჯერმე მქონდა ცრუ განგაში და ორსულად არ ვიყავი. საერთოდაც, ბოლოს 4 თვის წინ გვქონდა ურთიერთობა. ხელი ჩავიქნიე, ჩავიცვი პიჯაკი და წავედი საქმეზე. გზად ნაცნობი შემხვდა და ეგრევე მომახალა: "რა არის, დემოგრაფიაზე ზრუნავთ?" გავოგნდი, მან კი აღარ დაიხია უკან: "ალბათ 5 თვის ხარ უკვე!"
შინ მივედი, იმ პიჯაკით ქმარს დავენახე. ფერი დაკარგა და მეორე დღესვე გინეკოლოგთან მივედით. მოზარდებივით ვკანკალებდით. მაგრამ რაღას ვიზამდით – 5 თვის ორსული აღმოვჩნდი. კაბინეტშივე ავტირდი, ვყვიროდი, რომ არ მინდოდა ეს ბავშვი, სად უნდა წამეყვანა მეხუთე შვილი? ექიმი მხოლოდ მხრებს იჩეჩდა.
საავადმყოფოდან მოვდიოდით და ვდუმდით. მე ვტიროდი. ქმარი ბრაზობდა. შინ დაბრუნებულმა ვთქვი, რომ ბავშვი არ გაჩნდებოდა. ის დუმდა.
ნაცნობებთან ვიარე, ვკითხულობდი მუცლის მოშლის რეცეპტებს. მაგრამ ყველა ადრეულ ვადებზე იყო, ასეთ დიდ ორსულობას კი არაფერი შველოდა.
ერთ თვეში ექიმმა დამირეკა და დამიბარა. გამესაუბრა. აღმოჩნდა, რომ ჩემს შვილს ახალი მშობლები უპოვა, ვიღაც მდიდრები. ფულსაც კი გადაიხდიდნენ. ფული არ მინდოდა, არც ბავშვი. დავთანხმდი.
დანარჩენი სამი თვე სამოთხესავით იყო – მდიდრებს ხილი მოქონდათ ჩვენთვის, ბოსტნეული, ხორცი, ბავშვები ხარობდნენ, მეც მიხაროდა.
1993 წელს გამიჩნდა ვაჟი. მაშინვე წაიყვანეს და იმ მშობლებს მისცეს. მე შინ დავბრუნდი. თავიდან ვნანობდი, მერე თითქოს მიმავიწყდა კიდეც. სამი თვის შემდეგ კი უფროსი ქალიშვილი მოვარდა სახლში და მითხრა, ვიღაც ქალი გვესტუმრა ბავშვითო.
ეზოში გასულს ექიმი დამხვდა, ჩემი შვილით ხელში. ის ხალხი მზად არ აღმოჩნდა ბავშვის მოვლისთვის და უკან დააბრუნესო. მოვიდა, რომ ეკითხა, ბავშვთა სახლში დააბრუნებთ, თუ დაიტოვებთო.
გაშტერებული ვიდექი, არ ვიცოდი, რა მეთქვა. ამ დროს ქმარი გამოვიდა ფარდულიდან: "ჩვენია და დავიტოვებთ".
ასე გაჩნდა ჩვენს სახლში მეხუთე შვილი. თითქოს გაიოლდა მისი გაზრდა. უფროსი გოგო უკვე გასათხოვარი იყო, ბიჭიც წამოიზარდა და მეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ. მალე ქმარმა ახალი სამსახური იშოვა, კრიზისი თანდათან ჩაცხრა, წელში გავიმართეთ...
დრო გავიდა. ახლა უფროსი შვილების შვილებს ვუვლით. ჩვენი ნაბოლარა ინსტიტუტში სწავლობს, დამოუკიდებლად ჩაირიცხა, გრანტით. ძალიან ჭკვიანი ბიჭია. საოცრად ვუყვარვართ ჩვენ, მშობლები, პარალელურად მუშაობაც კი დაიწყო და ხშირად ყიდულობს ჩვენთვის საჩუქრებს. გვახარებს, როგორც შეუძლია.
მე კი ხანდახან ვფიქრობ: ღმერთო, მე ხომ ის სხვას მივეცი, რომ გაიგოს, რა რეაქცია ექნება? ვცხოვრობ და სულ ვფიქრობ: როგორ შემეძლო საკუთარ შვილზე უარის თქმა, როგორ ვყვიროდი, რომ ის არ მჭირდებოდა?
მაპატიე, ჩემო შვილო, გთხოვ! მე შენ ძალიან მიყვარხარ! უბრალოდ, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი...