"მინდა, რომ სხვა მშობლებმა წაიკითხონ და ასე არასდროს მოექცნენ თავიანთ შვილებს!" - 13 წლის გოგონას წერილი
ჩვენი რესპონდენტი მხოლოდ 13 წლისაა. მას თვითონ მოისურვა საკუთარი სათქმელი ძალიან ბევრი მშობლის გასაგონად ეთქვა და ამიტომაც მოგვმართა. ბუნებრივია, მის ნაამბობს ანონიმურად ვაქვეყნებთ. სამწუხაროდ, ის მარტო არ არის ასეთ მდგომარეობაში და დღესდღეობით ბევრი მოზარდი იზრდება ასე:"ჩემი ამბის მოყოლა იმიტომ მინდა, რომ სხვა მშობლებმა წაიკითხონ და ასე არასდროს მოექცნენ თავიანთ შვილებს!
მე დარწმუნებული ვარ, რომ დედას და მამას არაფერში ვჭირდები. იმასაც კი ვფიქრობ, ზედმეტი ტვირთი გავხდი. ჩემზე რომ არ ჰქონდეთ სადარდებელი, ალბათ გაცილებით უფრო მშვიდად გააგრძელებდნენ ცხოვრებას. კიდევ კარგი, კეთილი ადამიანები მყავს ირგვლივ, ბებო, მეგობრები, დეიდა, რომელიც ხშირად მაკითხავს და მარიგებს ხოლმე, და იმ ეკლესიის მოძღვარი, სადაც დავდივარ, ყველანაირად მიდგანან გვერდში, თორემ ჩემს გარშემო, ჩემი ასაკის ბევრმა ბავშვმა თავიც კი დაიზიანა, რომ მშობლების ყურადღება მიაპყრო... როცა ბავშვი ხვდება, რომ ზედმეტია ყველასთვის, ადვილად გადადგამს ცუდ ნაბიჯს... ზოგს უცხოეთში ჰყავს მშობლები და გონიათ, ტანსაცმელს რომ გამოუგზავნიან და სკაიპში დაელაპარაკებიან, ესაა სითბო და ყურადღება... ზოგს ჩაგრავენ, დასცინიან, მაგრამ არ ჰყავთ გვერდზე მშობელი, რომ უთხრან და დაიცვან... ზოგს ჰყავს, მაგრამ არ ჰყავს - სულ გარეთ არიან, სულ რაღაცას აწყობენ, სულ რაღაც სხვაზე ფიქრობენ - კარიერა, გართობა, მეგობრები, მოგზაურობა... შვილები კი ვიზრდებით ჩვენს ნებაზე...
ჩემსავითაც ბევრია - ჩემმა მშობლებმა ძალიან ადრე შექმნეს ოჯახი. დედა 18 წლის იყო, მე რომ გამაჩინა, მამა - 21-ის. ერთი წელიც არ უცხოვრიათ ერთად. მერე დაახლოებით 7 წლამდე ბებიასთან და დედასთან ვიზრდებოდი, ოღონდ ისე, რომ მამა როგორც კი დათვრებოდა, მოვარდებოდა და სკანდალებს აწყობდა. მუდმივ შიშში ვიყავი... დედაც სულ არ ცდილობდა დათმობას, სულ ეჩხუბებოდა, ეპასუხებოდა. მამა ბრაზობდა, რომ დედა ხანდახან ღამე გვიან ბრუნდებოდა, მეგობრებში დადიოდა, ბარებში, მამას თქმით, "ვიღაც" სულ ჰყავდა და ამას მოჰყვებოდა ხოლმე ერთი ალიაქოთი...
7 წლის რომ გავხდი, დედა გათხოვდა. მამა გადაირია, სხვა კაცთან არ წაგაყვანინებ ანისო და ახლა ვფიქრობ, არც დედას უნდოდა ეს ძალიან. ადვილად დათანხმდა იმას, რომ მე ბებოსთან დავრჩენილიყავი და კვირაში ორჯერ დედა მნახულობდა, კვირაში ორჯერ - მამა. ხანდახან ისეც ხდებოდა, იმ კვირაში რომელიმეს საქმეები გამოუჩნდებოდა და ვერც მნახულობდნენ... მე კი ვიჯექი და ველოდებოდი...
ახლა გავიზარდე და ასეთი რამეების აღარ მჯერა. აღარც ველოდები. მოდიან, ცივად ველაპარაკები, ფულს ვართმევ, რომ რაღაცეები ვიყიდო და არც ვეკითხები, კიდევ როდის მოვლენ. მე და ბებო მშვენივრად ვართ ერთად და სულ აღარ მჭირდება დედა და მამა... კარგი მეგობრებიც მყავს... ხო, მამამაც ცოლი მოიყვანა ორი წლის წინ. ძალიან უნდოდა, ის ქალი შემყვარებოდა და მექაჩებოდა, ხანდახან ჩვენთან დარჩიო, მაგრამ არ მინდა. დედას არ ვუნდივარ და ვიღაც ქალს რაში ვჭირდები? თან ახლა შვილიც გაუჩნდათ და ბევრი საფიქრალი და საზრუნავი დაემატათ. მამა ფულსაც ისე ვეღარ მაძლევს. დედის მხრიდანაც მყავს ორი ძმა - ძალიან საყვარლები არიან და დედას უნდა, რომ ძალიან მიყვარდეს, მაგრამ ჯერ არ მიყვარს და პირიქით, ნერვები მეშლება, დედა რომ მათზე ზრუნავს... ამიტომ იქაც არ დავდივარ, რომ ნერვები არ მომეშალოს...
ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ ვუთხრა მშობლებს, სანამ ნამდვილად არ გენდომებათ შვილი, ნუ გააჩენთ!"
ანი, 13 წლის
ანის წერილი ნამდვილად სულის შემძვრელია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოჯახია დღეს ასე და მოზარდები სხვადასხვანაირ გამოსავალს პოულობენ. რამდენიმე წლის წინ ასევე გვყავდა რესპონდენტი გოგონა, რომელმაც სწორედ მშობლების უყურადღებობის გამო, სატანისტურ სექტაში შეყო თავი და კიდევ კარგი, დროულად მოახერხა იქიდან დაღწევა (იხილეთ მისი ინტერვიუ). მშობლების მხრიდან გულგრილობა, განსაკუთრებით ამ რთულ ასაკში, როცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარში დგომა, მეგობრობა და გაგება, ხშირად ტრაგიკულადაც სრულდება. ანის გაუმართლა, რომ კარგი ბებია ჰყავს, დეიდა, მეგობრები და მოძღვარი, რომელთაც გულწრფელად გაანდობს თავის სატკივარს, თუმცა ბევრი მისი თანატოლი ვერც სხვისთვის ამის გაზიარებას ბედავს, არც ფსიქოლოგს მიმართავს, მით უმეტეს, ვერც მედიისთვის მიმართვას და ათას სხვა გზას ეძებს პრობლემებისგან გასაქცევად. ზოგს სახლშიც ჰყავს მშობელი, მაგრამ მისგან სათანადო ყურადღებას და თანადგომას ვერ გრძნობს და ამასაც მოსდევს ბევრი თავსატეხი. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ფსიქოლოგის ინტერვიუ, რომელიც სწორედ აღნიშნული ასაკის პრობლემებზე საუბრობს და მშობლებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ მოიქცნენ და რა არ გამოეპაროთ.
თუ რომელიმე მოზარდს ანის მსგავსად გაუჩნდება სურვილი, რომ თავისი სატკივარი ბევრი მშობლის ყურადმდე და გულამდე მიიტანოს, ჩვენ მზად ვართ ამაში დავეხმაროთ.