მძღოლმა ხილიანის ქუჩის კუთხის ასახვევამდე რომ გაჩერებაა, იქ გააჩერა და ჩემს თვალწინ იმ ქალმა ჩაიარა, რომლის ნახვასაც მუდმვად ვარიდებ თვალს, განა იმიტომ, რომ რამე დამიშავა, ან კონკრეტულად მე დავუშავე რამე... სტუდენტობიდან მოყოლებული არაერთხელ დამინახავს, როგორ იქექებოდა ნაგვის ურნებში, როგორ იწვა ამა თუ იმ შენობის კედელს მიყრდნობილი ქუჩაზე, ასფალტზე... სახეზე წამოსული ჭუჭყნარევი, გაქვავებული წვერი ქალის
ფიქრებით დამძიმებულს უცებ ხმა შემომესმა: "საზღვარგარეთ ასეთ მდგომარეობაში ადამიანს, რომ დაინახავენ ეგრევე გამოუჩნდებიან პატრონად, ექიმს ანახებენ და შესაბამის ადგილებში მიჰყავთ საცხოვრებლად“... მივხდი, რომ ავტობუსში ჩემთან ერთად მყოფ ქალბატონსაც აუშალა ფიქრები იმ უპოვარმა, რომელიც თვალს ტრანსპორტის დაძვრისთანავე მიეფარა.
- თქვენ სად ცხოვრობდით?
- გერმანიაში და საბერძნეთში. გაქცევაზე ვარ, ისევ უნდა წავიდე.
ერთი ქალის ტრაგიკული ცხოვრების ისტორია წამიერად ჩაანაცვლა ავტობუსში შემთხვევით გაცნობილმა ქალის ამბავმა.
- იქ მომვლელად მუშაობდით?
- ჰო. ძალიან მძიმე ავადმყოფი მყავდა მოსავლელი, თუმცა შრომას და მონდომებას ვერავინ მიწუნებდა. პირიქით, ყველას უკვირდა, ქართველს მთელი სახლის გასაღებს როგორ განდობსო. სხვა გზა არ მქონდა, ვმუშაობდი, ცხრა მთას იქით გადახვეწილი ვარჩენდი ოჯახს. ორი შვილი და ქმარი დავტოვე საქართველოში. ახლაც ვმუშაობ, მაგრამ ოჯახს მხოლოდ ჩემი ხელფასი არ ჰყოფნის. ჩემი შვილი რასაც შოულობს, მის პატარას და ცოლს სჭირდება. უნდა წავიდე, უნდა წავიდე...
- ქმარი არ გყავთ?
(ჩემ მიერ თანმიმდევრულად დასმული კითხვების მერე მკითხა, ჟურნალისტი ხომ არ ხარო და მთხოვა, მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ მეხსენებინა, თუკი ამ ამბის გასაჯაროებას დავაპირებდი, რადგან სამსახურში შეექმნებოდა ამის გამო პრობლემები. მეც პირობა შევასრულე და ტრანსპორტში აღმოჩენილ რესპონდენტს პირობითად ადელინა დავარქვი).
- აღარ. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ასეთ დღეში ვარ. მის გამო ჩამოვედი სასწრაფოდ საბერძნეთიდან. დამირეკეს, სახლს გიყიდიან აუქციონზეო. საკუთარი სახლი თავიდან გამიხდა 40 000$ დოლარად საყიდი. ჩემმა ქმარმა წააგო კაზინოში. ასე დამიტრიალდა ბედის ბორბალი.
- ქალბატონო ადელინა, ქმარს რა ბედი ეწია?
- თავიდან მოვიცილე. არც მე და არც ჩემს შვილებს ახლოს ვერ მოგვეკარება. ბავშვებს ხსენებაც არ უნდათ მისი. რომ წავალ საზღვარგარეთ სამუშაოდ, ცოტა ხანში შვილებსაც წავიყვან. აქ ვშრომობ და სარგებელს ვერაფერს ვხედავ, ჩემი ხელფასის იმედად, ხან გაზს მიკეტავენ, ხან დენს მიჭრიან... ყველა მეცოდება, ვისაც ცხოვრებაში ასეთი გზის გავლა უწევს... ამიტომაც ამალაპარაკა იმ მათხოვარი ქალის დანახვამ... ვინ იცის, ვინ იყო, როგორ ცხოვრობდა და რა ულხინდა...
მინდოდა მეკითხა, ოდესმე თუ შეძლებდა ქმრისთვის პატიებას, მაგრამ ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე ხალხი კარებისკენ დაიძრა და დიალოგიც შეწყდა...
სამწუხაროდ, ჩვენი საუბარივით მალე არ დასრულდება იმ ორი ქალბატონის ტკივილი, რომლებსაც უნდათ არსებობა და სურთ ადამიანად ყოფნის, ბედნიერების განცდის დაბრუნება... ისინი იბრძვიან არსებობისთვის...
რუსკა კილასონია