"ახლა შვილები მშობლებს, დედას, მამას, არ ეძახიან"
"მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა და მინდა ჩემი საყვარელი ვებგვერდის მკითხველსაც ვუამბო...დიდი ხნის უნახავ ბებოს ვესტუმრე. ნამტირალევს თვალები შეშუპებული ჰქონდა და სლუკუნებდა, გამიკვრდა, რადგან შვილიშვილის ნახვით გამოწვეულ ცრემლებს არ ჰგავდა... ჩემ დანახვაზე მზის ნამივით გაბრწყინებული ცრემლები მოსდიოდა ხოლმე... უცებ ოთახში მეზობლის ქალი შემოვიდა და გვერდზე გამიხმო. ნიკო, შვილო, ტელევიზორს ხმა მე გავუთიშე, თამარა ბებოს ვუთხარი გაფუჭდა-მეთქი. მეც ანაზდად თვალები ტელევიზორისკენ გავიშვირე და ბებოს ტირილის მიზეზს მივუხვდი - მთელი დღე ერთი ახალგაზრდის მიერ მეორის მოკვლის კადრებს ატრიალებდნენ...
ცოტ-ცოტა პირი ჩემკენ იბრუნა და მითხრა, ღმერთის ოდენა მოთმინება მართებს ადამიანს, ბებოო, ვინც არ უნდა იყოს, როგორ მტრადაც არ უნდა მოგეჩვენოს, არავისი სიკვდილი არ უნდა ინატროო და მით უმეტეს გაფიქრებითაც არ უნდა გაბედო ვინმეს მოკვლაო. მერე ერთ ამბავს მოყვა:
- მამაშენი 11 წლის იყო, მეზობლის ბავშვს გაუნაწყენდა და შემომჩივლა, თუ ჭკუაზე არ მოვა, მოვკლავო. იმ წუთას ხმამაღლა დავუყვირე და კედლის კუთხეში დავაყენე, ცოტა ხანში გვერდით მივუჯექი და შევეკითხე: - მე რა დამემართება, შენზეც ვინმემ ასე რომ თქვას ან სასიკვდილოდ გაგიმეტოს-მეთქი და ცუგას ამბავი გავახსენე, გზაზე მანქანამ პატარა ლეკვი რომ მოუკლა. მამაშენს თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა და მივხდი, რომ "გადავრჩი", ამოილუღლუღა და მითხრა, არავინ და არაფერი იყო ცუგაზე საცოდავი, საშინელი სანახავი იმ წუთასო, როცა ის შვილს დასტიროდაო. დედა, არ ინერვიულო, გავიხუმრე, მე ასე არავის გავამწარებო...
ბებო, კი გეუბნებიან მამაშენი და შენი ბიძიები, როგორი მკაცრი ვიყავი, მაგრამ ალბათ იმასაც გეუბნებიან, როგორ ფეხდაფეხ მივდევდი მაგათ თითოეულ საქციელს და როგორ ვარიგებდი ჭკუას. უმამოდ ადვილი არ იყო სამი ბიჭის გაზრდა, მით უმეტეს უბედურ 90-იანებში. ყოველი მეორე რომ დანისკენ იქაჩებოდა და საძარცვად გარბოდა. ჩემი სიმკაცრე ჩემს ხმაში და გამოხედვაში ჩანდა, შვილებისთვის ხელი არასდროს მომიქნევია, ისინი გასახედნები კი არ იყვნენ, გასაზრდელები და აღსაზრდელები იყვნენ. ახლა, ბებო, შენი და შენი თანატოლების მშობლები თავს იმართლებენ, შვილი გამექცაო, სხვა თაობა მოდისო, ის დრო აღარ არისო... სამი ობოლი ისე გავზარდე, თოხი არ გამიგდია ხელიდან, ვიწვალე, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელი ყველა გზაზე დამეყენებინა, ახლა ბავშვებსა და მშობლებს ისეთი მოთხოვნები აქვთ, თოხი კი არა, სამი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფათ. ერთმანეთს იმაში ეჯიბრებიან, ვინ რა ჩააცვა ბავშვს. "შვლის ნუკრის ნაამბობს" მეეჭვება, ვინმე კითხულობდეს. სწავლა და წიგნი მეასეხარისხოვანი გახდა. აი, ეს არის, ბებო, პრობლემა, მნიშვნელოვანისა და ნაკლებ მნიშვნელოვანის გარჩევა რომ ვერ ვისწავლეთ. მე მართალია დავბერდი, მაგრამ ეს ვერ გამიგია, რაც ჩვენ გამოვიარეთ, უშუქობა, ქვეყნის დაქცევა, ომი, ათასი უბედურება, შიმშილი, იმაზე უარესი დრო როგორ არის ახლა შვილების აღსაზრდელად? ბავშვი ატირდება და ახალ ტელეფონს ყიდულობენ, დაპირებებით ზრდიან ბავშვებს, თუ ჭკვიანად იქნები, იმას გიყიდი, ამას გიყიდი... ისე დაამთავრეს სკოლა ჩემმა შვილებმა, ყოველ ღამე გაკვეთილებს მაბარებდნენ. ახლა შვილები მშობლებს დედას, მამას არ ეძახიან. რომ ამბობენ, რომელ შვილს უნდა შვილი ხელიდან გაექცესო, თუ ბუნებამ არ უშველა, მარტო გაზრდა რას უშველისო, შენ მშობელი რომ ხარ, შენი წილი ვალდებულება მოიხადე შვილის აღზრდისას? ასწავლე მას თეთრისა და შავის გარჩევა? შვილის აღზრდა მარტო სიმკაცრეს როდი გულისხმობს, შვილის თვალში სანდოც უნდა იყო, ბებო, მოზარდმა უნდა შეძლოს ნებისმიერ პრობლემაზე ელაპარაკოს მშობელს. უფროსებიც ცდებიან ხშირად. როცა ბავშვი უსამართლოდ ისჯება, მასში აგრესია გროვდება, ეს აგრესია კი სად და როდის დაგვიბრუნდება მისი მხრიდან, არავინ იცის... მკლელებად არ იბადებიან, ბებო, მერე ხდებიან, ამიტომ ჩვენ ყველანი ჩვენი სიტყვების, სიკეთისა და ბოროტების საზომი უნდა ვიყოთ... ვუყურებ ტელევიზორს და მეც ის დედა ვარ ამ წუთას, შვილი რომ მოუკლეს... მეც ისე განვიცდი...
ზამთარში ქალაქიდან სოფელში ჩასულ ბებოსთან, ბუხართან, ცეცხლის პირას ჯდომა და საუბარი განსაკუთრებით მიყვარდა. ჩვენი საუბარი და ის ზამთარი უკანასკნელი აღმოჩნდა ბებოსთვის... ახლა კი, დედაქალაქში მომხდარი ამ საზარელი მკლელობის გამო განსაკუთრებული სიმძაფრით მიდგას თვალწინ მისი ცრემლიანი თვალები და შეგონება - "არავის, არასდროს წაართვა ის, რაც შენ არ გეკუთვნის"!
ნიკო, 22 წლის