"სახლში რომ მივდივარ თუ ძალიან დაღლილი ვარ, ჩემი მეუღლე მიკეთებს საჭმელს... ეს ყველაფერი ჯანმრთელ ურთიერთობებად და ოჯახად მიმაჩნია..." ეს კიდევ ერთი გამოხმაურებაა რძალ-დედამთილის კონფლიქტთან დაკავშირებულ წერილზე. კომენტარის ავტორი, მარი, მისი ოჯახის ამბავს იხმობს მაგალითად და წერს, რომ სხვაგვარი ურთიერთობებიც შეიძლება დამყარდეს რძალსა და დედამთილს შორის, კონფლიქტების გარეშე:
"მე და ჩემი მეუღლე ცალკე ვცხოვრობთ, ორივე ვმუშაობთ, მე პლუს - ვსწავლობ, სასტიკად ვიღლები მთელი დღე. მიუხედავად ჩემი მცდელობისა, ყველაფერი მოვასწრო, რთულია სახლიც იდეალურად გქონდეს, საჭმელიც გააკეთო, იმუშაო და ისწავლო ერთდროულად. ჩემი მეუღლე მიგებს ჩვეულებრივ და როცა საჭიროა, მეხმარება კიდეც მილაგებაში. ახლა უკვე ამ ყველაფერთან ერთად ორსულად ვარ...
აი, ჩემი დედამთილი არის ოქრო ადამიანი. რაიონულ ცენტრში ცხოვრობს, ექიმია პროფესიით და მე რომ სიცხეს მაძლევს ან ცუდად ვარ, დედაჩემზე ადრე ის ჩამოდის დასავლეთიდან, ხოლო ჩვეულებრივ დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ ჩამოდის, ჩვენს არეულ სახლს იდეალურად ალაგებს, 4-5 დღის საჭმელს მიკეთებს და თან არაჩვეულებრივად გამოიყურება თავის ასაკთან შედარებით. გვიყვარს ერთმანეთი, პატივს ვცემთ და მარტო იმას ვცდილობთ, როგორ გავახაროთ ერთმანეთი. მამამთილთანაც იგივე ურთიერთობა მაქვს. ჰო მართლა, ბინა ჩემს ქმარს მშობლებმა უყიდეს, თვითონ დასავლეთში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ და არავინ გვაყვედრის, ჩვენთან რატომ არ ხართ, ან ყოველდღე რატომ არ გვნახულობთო.
მე და ჩემი მეუღლე ვგიჟდებით, ისე გვიყვარს ერთმანეთი, და სახლში რომ მივდივარ, თუ ძალიან დაღლილი ვარ, ჩემი მეუღლე მიკეთებს საჭმელს... ეს ყველაფერი ჯანმრთელ ურთიერთობებად და ოჯახად მიმაჩნია... თქვენც იგივეს გისურვებთ..."
P.S. ეს კომენტარი 2015 წელს გავაკეთე ერთ-ერთ სტატიაზე, რაც ჩემი გულწრფელი გამოხმაურება იყო რძალ-დედამთილის დაძაბულ ურთიერთობაზე. ხალხშუ აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგი მე მლანძღავს, ზოგი - დედამთილს, თუმცა ბევრი თბილი გამოხმაურებაც მოჰყვა - რისთვისაც დიდი მადლობა ამ ადამიანებს.
ვინც დეტალებით დაინტერესდა, მათთვის დავაკონკრეტებ, რომ 10-დან 7-ის ნახევრამდე სამსახურში ვიყავი, შემდეგ 7-დან 10-მდე - მაგისტრატურაზე თითქმის ყოველდღე, სახლში 11-ზე ვბრუნდებოდი და შემდეგ ვიწყებდი ხოლმე ჯერ სახლის საქმეს და შემდეგ - მეცადინეობას. 3-4-ზე ვიძინებდი ყოველდღიურად და ამან გამოიწვია ის, რომ ჯერ ძალიან რთული ფეხმძიმობა მქონდა და შემდეგ ნაადრევად დაიბადა ჩემი გოგონა. ზუსტად ამ რეჟიმის შემსუბუქებას ცდილობდა ჩემი დედამთილი თავისი საქციელით, რისთვისაც დღემდე ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი.
ამდენი გავიდა და ერთხელაც არ გვიკამათია, ვართ ძალიან ტკბილად და ბედნიერად. დღემდე რაც შეუძლია, სულ გვეხმარება და ანალოგიურს იღებს ჩვენგანაც. დღემდე დასაქმებულია თავის რაიონში ექიმად და ამიტომ ნაკლებად ერთვება შვილიშვილის აღზრდაში, რადგან დრო არ აქვს მასაც, მაგრამ რაც შეუძლია ყოველთვის მაქვს მისი იმედი და პირიქითაც, რა თქმა უნდა.
რაც შეგვეხება მე და ჩემს მეუღლეს - ისევ სიგიჟემდე გვიყვარს ერთმანეთი, კარიერულად საკმაოდ განვითარდით ამ წლების განმავლობაში, ამიტომ ოჯახის დამხმარე ავიყვანეთ სახლის საქმეებისთვის, რომ უფრო მეტი დრო დაგვრჩეს როგორც ერთმანეთის, ასევე ჩვენი გოგონასა და ოჯახის სხვა წევრებისთვის.
თქვენც გისურვებთ ბედნიერებასა და ჯანმრთელ ურთიერთობებს!
2022 წელი.
მარი