" რატომ ფიქრობენ საქართველოში კაცები, რომ რაოდენ ცუდებიც არ უნდა იყონ, თავი უნდა შევაკლათ?"
"ქმარს დავშორდი 6 თვეა და ჩემს მშობლებთან წამოვედი საცხოვრებლად შვილთან ერთად. უკიდურეს ზომამდე ვიყავი მისული და ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მესმის, რომ ბავშვი ძალიან განიცდის ამ ამბავს, მაგრამ იმასაც არანაკლებ განიცდიდა, როცა ხედავდა, მამისი თმებში როგორ მწვდებოდა. მიუხედავად ამისა, არასდროს მიმიცია უფლება ვინმესთვის, თემო ანის წინაშე გაელანძღათ. 5 წლის არის და არც ის მითქვამს, რომ ქმარს აღარ დავუბრუნდები. იცის, რომ ბებია და ბაბუასთან დროებით ვართ, რადგან ძალიან ვენატრებით, თუმცა ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ქმარმა ბავშვი ამიმხედრა. უსრულებს მას ყველა სურვილს, რასაც მე არ ვუკეთებ. ასმევს გაზიან სასმელებს, ტკბილეულს ზედმეტად შეაჩვია და საჭმლის ჭამაზე უკვე ისე ჭირვეულობს, რომ ომი გვაქვს ოჯახში...
არ ავყევი თემოს პროვაკაციებს კარგა ხანს, თუმცა, რასაც ამ ბოლოს დროს შვილს აკეთებინებს, არის მხოლოდ ამორალური, უსინდისო ადამიანის საქციელი, სხვა არაფერი. ბავშვს ტელეფონს არ ვათამაშებ ხშირად, მაგრამ არ მინდა გავანერვიულო, ისედაც გაურკვევლობაშია, სანამ შეეგუება ყველაფერს, წვრილმან დათმობაზე მივდივარ. როგორც აღმოჩნდა, თემო ანის ავალებს, ჩემი სმს-ები დააკოპიროს ტელეფონიდან. წარმოდგენაც არ მქონდა, ამდენს თუ გაბედავდა. ერთ საღამოს ღამის პირველ საათზე მომდის ტელეფონზე შეტყობინება: "ასე მალე გამცვალე ვიღაც ნიკოში?"
"ორი კვირაა ჩემს შვილს ვეღარ ვცნობ"- რაში ამხილა დედამ 5 წლის ბავშვი?
თავიდან აზრზე ვერ მოვედი. არაფერი ვუპასუხე. ცოტა ხანში მომდის ტექსტი: "ლიკა, 3 საათზე თავისუფალი ვარ". მივხვდი, რაშიც იყო საქმე, სტომოატოლოგთან დავდივარ ღრძილებზე სამკურნალოდ და ექიმის სმს დამიკოპირა. მისგან აღარაფერი მიკვირს, მაგრამ ბავშვს ასეთ რამეს როგორ ასწავლის. შვილს ჯაშუშობისთვის როგორ იმეტებს, აი, ეს მაგიჟებს...
დილით ანის ვკითხე, საიდან მოხვდა ჩემი სმსები მამასთან. იუარა, ცრემლებამდე დაიღვარა და არ აღიარა. ტყუილებსაც კი დააჩვია ბავშვი... არ ვიცი, რის მიღწევას ცდილობს, თავისი უაზრო ეჭვიანობით ოთხ კედელში ამომხდა სული და ახლაც არ მასვენებს, არც არავინ მყავს, მაგრამ მეორედ რომ მომინდეს ოჯახის შექმნა, მას რა ესაქმება? რატომ არიან ქართველი კაცები ასეთი მოძალადეები?
...მიყვარდა სიგიჟემდე, 8 წელი ვითმენდი მის გამო ყველაფერს... განელდა ეს სიყვარული უხეშობის, უყურადღებობის, ძალადობის და უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო... რატომ ფიქრობენ საქართველოში კაცები, რომ რაოდენ ცუდებიც არ უნდა იყონ, თავი უნდა შევაკლათ? - კიდევ კარგი, ჩემი მშობლები არ მიეკუთვნებიან იმ კატეგორიას, რომლებიც ასე ფიქრობენ.
სიმშვიდე მინდა, სხვა არაფერი... სანამ ფსიქიკურად შევიშლები, მინდა შვილის გაზრდა შევძლო... მირჩიეთ რამე.
ლიკა, 32 წლის".