"შვებას მაშინ ვგრძნობდი, საჭირო ოთახში რომ შევდიოდი და ბავშვის ხმა არ მესმოდა..." - ახალგაზრდა დედის ამოძახილი ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ერთი ქართველი დედის გულწრფელ წერილს დედობის პირველ წელზე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ეთანხმებოდა ავტორს, ზოგი - კიცხავდა, ზოგიერთებმა კი თავიანთი შემთხვევებიც მოიყვანეს მაგალითად.
ესეც გამოხმაურებაა აღნიშნულ წერილზე, ერთ-ერთი დედის ასევე გულწრფელი ამოძახილი:
"მართალია, ბავშვის გაჩენა დიდ ენეგიას და ნერვებს მოითხოვს. არ მესმის იმ ხალხის, ვინც მრავალშვილიანია. მე პირადად ჯოჯოხეთი გამოვიარე მეორე შვილზე. არ ეძინა, ათი წუთი დამკავებელი არ მყავდა გვერდით, მეუღლე მუშაობდა, უფროსი შვილი სწავლობდა და მას ვერ დავავალდებულებდი, სახლში დამხმარე არ მინდოდა იმიტომ, რომ უცხო ადამიანს ვერ ავიტანდი... შვებას მაშინ ვგრძნობდი, საჭირო ოთახში რომ შევდიოდი და ბავშვის ხმა არ მესმოდა...
ალბათ ყველაფერში ზედმეტი მომდიოდა. სახლი მუდამ დალაგებული, სადილი მუდამ მზად მქონდა და რაც მთავარია, ირგვლივ სისუფთავე, რომ პატარას რამე არ დამართნოდა. ერთი წლის განმავლობაში გარეთ მუდამ აჯაჯული, ხელში ბავშვით ან ეტლით ვასეირნებდი და მშურდა იმ ქალის, ვინც მოწესრიგებული ჩამივლიდა გვერდით...
მაგრამ გაიზარდა ეს ჩემი ბიჭი, რომ იტყვიან, კონტაქტი შედგა და მასზე კარგი ქვეყნად არავინ მეგულება, მისი გულისთვის მთას გადავდგამ, ასე მგონია.
რა თქმა უნდა, ისევ ისეთი მოწესრიგებული გავდივარ გარეთ, აღარ მშურს სხვა ქალების და ვინმე ბავშვიანი რომ ჩამივლის, ვგრძნობ, რასაც განიცდის და მინდა ვანუგეშო, რომ ეს დროებითია..."