"იმ მშობლების გამკვირვებია, დღე და ღამე სოციალურ ქსელებში ენას რომ ილესავენ და ამ დროს ბავშვები ადუღებულ წყალში გახსნილი სუპებით რომ ჰყავთ გამოზრდილი" - ბაღის მასწავლებლის წერილი
საჯარო ბაღების კვების რაციონში ცვლილებებთან დაკავშირებული კამათი დღემდე არ ცხრება და მშობლების პრეტენზიებსაც არ უჩანს ბოლო. მიუხედავად სურვილებისა, ძნელი სათქმელია, რამდენად გაითვალისწინებენ მათ მოთხოვნებს. აღნიშნულ თემაზე mshoblebi.ge-ს ერთ-ერთმა მასწავლებელმა საკუთარი შეხედულება გაუზიარა და გარკვეული, გასაგები მიზეზების გამო საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა:
"25 წელია საჯარო ბაღში ვმუშაობ, რა არ მინახავს და რა არ გამიგია, რას არ მოვსწრებივარ, თუმცა ასეთი გატუტუცებული და მეტიჩარა მშობლები, თავიანთი პრეტენზიებით, უკვე მეტისმეტია. გამოვიარეთ 90-იანი წლები, ის პერიოდი, როცა ჩაისთვის შაქარი და წვნიანისთვის გასაკეთებელი მწვანილები ხან მასწავლებელს მოჰქონდა სახლიდან და ხანაც მშობლებს თავიანთი ნება-სურვილით. დამტვრეულ სათამაშოებზე და ავარიულ შენობებზე აღარაფერს ვამბობ. სიტუაცია ამ მხრივ რომ საგრძნობლად შეიცვალა უკეთესობისკენ, წესით ყველამ უნდა შეამჩნიოს. კერძო ბაღებში ფულს იხდიან და იქ ვერ იღებენ სათანადო მომსახურებას, საჯარო ბაღებს კი ნემსის ყუნწში ატარებენ. მესმის, რაზეც გაჩუმება არ შეიძლება, არ უნდა გაჩუმდე, მაგრამ მე იმ მშობლების გამკვირვებია, დღე და ღამე სოციალურ ქსელებში ენას რომ ილესავენ და ამ დროს ბავშვები ადუღებულ წყალში გახსნილი სუპებით რომ ჰყავთ გამოზრდილი. განა იმიტომ, რომ არა აქვთ ფული საკვებისთვის, უბრალოდ დრო არ ჰყოფნით მის მოსამზადებლად. სხვაგან რომ არ წავიდე, საკუთარ რძალზე ვიტყვი, იყიდის ქუჩაში გამომცხვარ ცომეულს და ჰგონია, რომ შვილი დანაყრებული ჰყავს. კომპოტი მივუტანე და მომაჯახა, არ სვამს, არ უყვარს ბავშვსო. გამოიღო მაცივრიდან გაზიანი ლიმონათი და დაალევინა. ამის მერე ეგეც დაჯდება დაქალებში და დაიწყებს ლანძღვას, თუ რა საშინელი კვების რაციონი აქვთ საჯარო ბაღებში.
"სამი წელი ვმუშაობდი კერძო ბაღში... ბავშვების სიყვარულმა გამაძლებინა"
თუ კრიტიკა გინდათ, ოჯახაშენებულებო, არგუმენტირებულად და ნორმის ფარგლებში გამოხატეთ. დაუბანელ და დაუვარცხნელ ბავშვებს რომ უშვებთ ბაღებში, ეგეც სხვამ ხომ არ უნდა მოგიგვაროთ... რამდენჯერ დამირეკავს მშობლისთვის, სიცხე აქვს ბავშვს და მოაკითხე-თქო, რა მიზეზს არ დაასახელებდა და საღამომდე არ მიჰყავდა ბავშვი. სანამ სხვის ვალდებულებებზე ისაუბრებთ, საკუთარი ვალდებულებები შეასრულეთ... ბუნებრია, ეს ყველა მშობელს არ ეხება... თუმცა მომრავლდნენ ასეთები, ბავშვების დაბანა და მოვლა რომ ეზარებათ და გრძელი ენები აქვთ...
პ.ს. მე, როგორც მასწავლებელი, ჩემს სათქმელს ვიტყვი. გასულ წელს იმდენი საჭმელი კეთდებოდა ბაღებში, ნახევარს ყრიდნენ დღის ბოლოს, რაც არ იყო მოსაწონი. ახლა რაც არის, ცუდი არ არის, თუმცა ისე უნდა შედგეს მენიუ, რომ ბავშვი თუ ერთ საკვებს არ ჭამს, ჰქონდეს მეორე საკვების მირთმევის საშუალება".