"იმ ლოგიკით, რომ ბავშვს ზოოპარკი არ უნახავს და ამიტომ უნდა გავამართლოთ მისი საქციელი, სასაცილოა და მეტი არაფერი"
10 წლის ხაშურელი დავით ნოზაძე, პატრულის თანამშრომლებმა თბილისში დაკარგული იპოვეს. როგორც გაირკვა, ბიჭუნა, რომელიც ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ზოოპარკის ნახვაზე ოცნებობდა და სახლიდან გამოიპარა, მატარებელს გამოყვა და თბილისში ჩამოვიდა. ამ ამბის გავრცელების შემდეგ პატარა დათო ორი დღეა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. დღეს კი მას ოცნება აუსრულეს და ზოოპარკი დაათვალიერებინეს. ბავშვის ამ გადაწყვეტილებას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა ბიჭუნას საქციელი მოუწონა, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც კრიტიკულად შეაფასეს საზოგადოების აღფრთოვანება დათუნას საქციელის გამო. ერთ-ერთი კრიტიკული წერილის ავტორი ჩვენი აქტიური მკითხველია, რომელმაც გვთხოვა მისი წერილის გამოგვექვეყნებინა.
"დედა, შეიძლება მეც გავიპარო სახლიდან? ტელევიზორში გამოვჩნდები და ყველა გამიცნობს", - ამ ტექსტით დამხვდა დღეს ჩემი 9 წლის გიგი, როცა სახლში მივედი. როგორც ჩანს, მისთვის და მისი თანატოლებისთვის მისაბაძ და კარგ მაგალითად იქცა ხაშურელი ბიჭუნას საქციელი, რადგან მის შესახებ დღეს ყველა დიდი აღფრთოვანებით ლაპარაკობს: "რა საყვარელი ბავშვია, ზოპარკის ნახვა მოუნდა", "ეს რა ცხოვრებაა, მშობლებს ბავშვი ზოოპარკში ვერ წაუყვანიათ..."
ჩემო კარგებო, კარგად დაფიქრდით, ბავშვის როგორც ქცევას უკრავთ ტაშს! ეს ამბავი ცუდად რომ დამთავრებულიყო, ამაზე რა პასუხი გექნებოდათ. დავიწყოთ იქიდან, რა მძიმე ასატანია მშობლისთვის შვილის სახლიდან გაქცევა. როგორც გინდათ, ისე გამიგეთ და მიიღეთ, მაგრამ ჩვენ მიერ ბავშვის ამ ფორმით გაპიარება ნამდვილად არ არის კარგი და მოსაწონი საქციელი. როცა ამბავს ასე სახალისოდ ავრცელებთ, ვინმემ აღნიშნეთ, რომ არ შეიძლება ბავშვის მშობლის უკითხავად სადმე წავიდეს? როცა ჩვენ გარშემო ამდენი უბედურება ხდება და სიმშვიდე გვაქვს დაკარგული, ხაშურიდან პატარა ბიჭუნა თბილისში მატარებლით მარტო მგზავრობს ზოოპარკის სანახავად და ჩვენ მის ქცევას მივესალმებით... ლოგიკა, რომ ბავშვს ზოოპარკი არ უნახავს და ამიტომ უნდა გავამართლოთ მისი საქციელი, სასაცილოა და მეტი არაფერი... ნუ მიიღებთ ჩემს წერილს ბავშვზე თავდასხმად, ასე ნამდვილად არ არის. ეს წერილი ეძღვნება იმ უფროსებს, რომლებიც თეთრს და შავს ერთმანეთისგან ვერ არჩევენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატარები მიმბაძველი არსებები არიან და თუ ჩვენ ასეთ ქმედებებს მოვუწონებთ მათ, არაერთ ბავშვს გაუჩნდება სახლიდან გამოქცევის სურვილი იმ მიზნით, რომ რაიმე ტიპის სურვილი აისრულოს", - წერს მშობელი.
ჟანა, 42 წლის