"არასდროს მითქვამს შენთვის, რომ მიყვარხარ... გაგირბოდი, მრცხვენოდა შენი... ახლა კი მეტისმეტად გვიანია..." "დედა, მაპატიე. არასდროს მითქვამს შენთვის, რომ მიყვარხარ... ახლა კი მეტისმეტად გვიანია.
შენ წამომიყვანე სახლში, როცა სულ რაღაც ექვსი კვირის ვიყავი და უანგაროდ, უპირობოდ გიყვარდი. მე შენს გულში ვიზრდებოდი.
მაგრამ როცა პირველად მითხარი, რომ არ იყავი ჩემი ღვიძლი დედა, ძალიან შემეშინდა და გამიჭირდა შენი სიყვარულის მიღება. ძალიან პატარად და მარტოდ ვიგრძენი თავი უზარმაზარ სამყაროში და შემეშინდა, რომ შენც მიმატოვებდი.
ისე ვიზრდებოდი, სულ ვშიშობდი, რომ ვიღაც გამოგვააშკარავებდა და დაგვცინებდა. მე წაბლისფერთმიანი ვარ, შენ - წითური იყავი. შენ თეთრი კანი გქონდა, ჭორფლიანი, მე - ხორბლისფერთმიანი ვარ. ვინ დაიჯერებდა, რომ ჩემი ნამდვილი დედა იყავი? ყოველდღე ვცხოვრობდი შიშში, რომ ვიღაც გაიგებდა ამ ამბავს და გვამხელდა, რომ არ იყავი ჩემი ნამდვილი დედა.
ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებოს გოგონამ. პრინცესასავით მაცმევდი, ბალეტზე და ცურვაზე დავდიოდი. პარკში ვსეირნობდით, ვმხიარულობდით, თუმცა მე მაინც არ გიშვებდი ჩემი სულის იმ ნაწილში, რომელიც იმ ქალს ეკუთვნოდა, ვინც მიმატოვა.
ჩემი კლასიკური მოზარდული ბუნტი დაუნდობელი და სასტიკი იყო: "თქვენ არ ხართ ჩემი ოჯახი, ჩემი ნამდვილი მშობლები სხვები არიან!"
თქვენ ძალიან თავშეკავებულები და მომთმენნი იყავით ჩემთან. მე კი ვჩხუბობდი, რომ თქვენ მოსაწყენი ბურჟუები იყავით.
მე ვყვიროდი, რომ ალბათ საშინელი ადამიანი ვარ, რაკი დედამ უარი თქვა ჩემზე... შენ კი უბრალოდ მამშვიდებდი, როგორც შეგეძლო.
მერე, როცა გავიცანი ჩემი ბიოლოგიური ოჯახი, მივხვდი, რა ჯოჯოხეთისგან დამიცვა ბედმა, როცა თქვენ მიშვილეთ. და რომ მე კი არ ვიყავი საშინელი, არამედ დედა, რომლის ნახვაზე და რომელთან ჩახუტებაზეც ასე ვოცნებობდი. და რომელიც მინდოდა, შენში გამეცვალა...
მხოლოდ მას მერე, რაც ბიოლოგიური მშობლები გავიცანი, ნამდვილი კავშირი ვიგრძენი ჩემს ოჯახთან - თქვენთან. და მივხვდი, რამდენად მადლიერი ვარ თქვენი იმ მშვიდი "ბურჟუული" ცხოვრებისთვის, სიყვარულისა და უსაფრთხოებისთვის.
შენს გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, ბოლოს და ბოლოს ვიპოვე ძალა და ვიპოვე სიტყვები, რომ შენთვის მეთქვა: "მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ შენ ხარ დედაჩემი". მაშინ თვალები გაახილე და მკითხე: "რატომ?" მე კი თან ვიცინოდი, თან ვტიროდი და ვლაპარაკობდი დაუსრულებლად:
- დე, მაპატიე, რომ არ გითხარი ეს ადრე. შენ მაჩვენე, რომ აღზრდა გაცილებით ძლიერი და მნიშვნელოვანია, ვიდრე გაჩენა. შენ მასწავლე სიყვარული და ერთგულება. ისე მრცხვენია, რომ გაგირბოდი მთელი ბავშვობა, ყოველთვის მიყვარდი, მაგრამ საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ამაში.
შენი დამსახურებით მე უკვე ვიცი, რომ გიყვარდეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - გააჩინო".