"რომელი კაცი და სიყვარული ღირს, ორი ანგელოზის დატოვების ფასად?" - ქალის ნაამბობი, რომელიც დედის მიერ მიტოვებულ შვილიშვილებს ზრდის "- ღმერთო, ბებია მიცოცხლე... - დგას ჩემი 10 წლის შვილიშვილი ხატებთან და ლოცულობს, რომ გამიხანგრძლივდეს ცხოვრება. არ ვიცი, რამდენ ხანს შევძლებ გავუწიო მშობლობა დედისგან მიტოვებულ შვილიშვილებს. წამლებს ბავშვებისგან მალულად ვსვამ, რომ არ ანერვიულდნენ... ბევრჯერ მიფიქრია, რა საშინელებაა შვილების მიტოვება, მაგრამ როცა ეს ტკივილი ჩემს ოჯახს შეეხო, სულ სხვანაირად რთული გასააზრებელი გამიხდა.
ყველაფერი კი უფრო ადრე დაიწყო ალბათ, სანამ ჩემმა შვილმა აღმოაჩინა, რომ ცოლი ღამე სახლიდან გაიპარა. სირცხვილის თუ გაურკვევლობის გამო მთელი დღე არაფერს ვამბობდით. ვიფიქრეთ, რომ ნაწყენი იყო და სახლში დაბრუნდებოდა. არც ტელეფონს პასუხობდა. ბუნებრივია, ბავშვებიც მოვატყუეთ, თან არ ვიცოდით, რა უნდა გვეთქვა...
საღამოს რძლის დაქალმა დარეკა, ნუღარ ეძებთ, ის არ დაბრუნდება, გათხოვდაო. იმდენად შოკური იყო ამ სიტყვების მოსმენა, რომ არ მახსოვს, როგორ ურტყამდა ჩემი ბიჭი კედელს თავს... უფროსი შვილიშვილი 5 წლის იყო, პატარა კი - 3-ის, როცა ისინი დედამ მიატოვა. ამ ამბის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ხალხი ბევრს ვერსიას განიხილავდა - იქნებ ქმარი ცემდა, იქნებ დედამთილი ერჩოდა, იქნებ უბრალოდ აღარ უყვარდა და ამიტომ გადაწყვიტა სხვასთან ურთიერთობის დაწყება... მიუხედავად იმისა, რომ არავის ახსოვს ჩემი ბიჭის აწეული ხმის ტონიც კი და უპატივცემულობა ცოლის მიმართ, თუნდაც ყოფილიყო მოძალადე, რა გამართლებაა აქვს შვილების მიტოვებას. თუ ქმარი ცუდია და მისი გარემოცვა კიდევ უფრო უარესი, ასეთ ხალხს ბავშვებს როგორ უტოვებ... მოკლედ, წავიდა ჩვენგან... უბრალოდ, საკუთარი ახალი ცხოვრება მოიწყო, საკუთარი შვილების გარეშე...
რომ ვუყურებ შვილიშვილებს, ვცდილობ თვალებში არ შევხედო მათ და ცრემლები არ დავანახო. ჩემი ბიჭი მას მერე გულით დაავადდა, ან წამლებით იქარვებს ტკივილს ან სასმელით, თუმცა ყველანაირად ცდილობს, რომ შვილებს ყუარდღება არ მოაკლოს... მას უწევდა ამ ხუთი წლის განმავლობაში ეპასუხა ბავშვების მიერ დასმულ კითხვებზე: „დედას არ ვუყვარდით?“ "რატომ წავიდა დედა?“
რეზი უკვე 10 წლისაა და იმდენად ტრავმირებულია, რომ სახლში ყველას აუკრძალა დედის ხსენება. მახსოვს, ბაღიდან მოსულმა, დედების დღეს, როგორ დახია დედასთან გადაღებული ფოტოები. ვინერვიულე, ბავშვი სახლში რომ ვერ ვნახე და სახლის უკან, ეზოში, ხის ძირას, ატირებული, დაფლეთილი ფოტოებით რომ დამხვდა, გული გამისკდა...
დედის წასვლიდან სალომე სამი თვის განმავლობაში ძილში ბოდავდა მის სახელს. ერთხელ, როცა მამამისი თმას ვარცხნიდა, უთხრა, დედა ასე არ მიმაგრებდა თმის საბნევსო. მამის ცრემლიანი თვალების ნახვის შემდეგ კი ამოიფსლუკუნა: "წამომცდაო"...
არ მჭირდება ამ დღეების გახსენება, რადგან ყოველი დღე ერთნაირად მძიმე და ემოციურია, როცა მე და ჩემი ბიჭი ვუყურებთ უმიზეზოდ დედისგან დაობლებულ ბავშვებს. დიახაც, დაობლებულებულებს... ამ ხუთი წლის მანძილზე ერთხელაც არ გასჩენია ქალბატონს სურვილი, შვილები მოეკითხა. როგორც გავიგეთ, მეორე ქმრისგან შვილი გააჩინა და არც უნდა თურმე წარსულში დაბრუნება და საკუთარი შვილები წარსულია? ერთხელ ვანომ მითხრა: "დედა, ბავშვებიც რომ თან წაეყვანა, რაღაც მომენტში გამართლებას მოვუძებნიდიო, ეს რა უგოლო ვინმე ყოფილაო. წამსვლელს, როგორ დავაბამდი, გავშორდებოდით და ცივილურად მივხედავდით ორივე ბავშვებსო".
ამ ყველაფრის დაწერა რეზის ლოცვის გამო მომინდა, არც ჩემი შვილის და არც შვილიშვილების ნამდვილი სახელები დამიწერია... იქნებ მათმა დედამ წაიკითხოს და იცნოს მაინც თავისი შვილები, იქნებ გაუჩნდეს სურვილი, აღადგინოს მათთან ურთიერთობა, ყველაფერს დავთმობ, სიამაყესაც, წყენასაც, ოღონდ ისინი იყვნენ კარგად და მთელი ცხოვრება ამ ტკივილით არ იცხოვრონ - რომ დედამ მიატოვათ და დედას აღარ უნდა ისინი...
ნუ დატოვებთ შვილებს, თუნდაც ჩემნაირ ბებიებთან, რომელიც ცდილობს გაუწიოს შვილიშვილებს დედობა. მე ხომ ვიცი, რომ ბავშვებს გულის სიღრმეში დედას ვერავინ ჩაუნაცვლებს. ნუ კლავთ შვილების ფსიქიკას ასეთი ქცევებით. რომელი კაცი და სიყვარული ღირს ორი ანგელოზის დატოვების ფასად?"
ნაზი, 66 წლის