"ხომ შეიძლება, მეც, ტრადიციულმა ადამიანმა ვისაუბრო ჩემს უფლებებზე?" ერთმა გოგონამ, რომელიც თავის დედიკოსთან ერთად, ჩვენი აქტიური მკითხველია და ახლახან გახდა 18 წლის, თავისი გულისტკივილი გაგვიზიარა:
"ძალიან მაწუხებს ის, რაც დღეს ჩემ გარშემო ხდება და მინდა გაგიზიაროთ... რატომღაც "მოდაშია" გოგოები, რომლებიც ადვილად თანხმდებიან ნებისმიერ წინადადებას და ბიჭები, რომლებიც ყველას სთავაზობენ პირდაპირ სქესობრივ ურთიერთობს... უკვე სოციალურ ქსელშიც კი დაიწყეს პირდაპირ მოწერა, ვითომ გიმეგობრდებიან და შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადადიან... თუ შორს დაიჭირე მათი წინადადება, მაშინვე "გოიმად" და "ქაჯად" გამოგაცხადებენ...
"რამდენიმეს ერთდროულად "ვეჩალიჩები", ვინც მალე დამთანხმდება, მასთან ვიქნები... ოჯახის შექმნას არ ვაპირებ, ცოლ-შვილის მოვლა და რჩენა მაგრად მეზარება. ვნახავ ისეთ გოგოს, ყველაფერზეც დამთანხმდება და დამაფინანსებს კიდეც..." - მსგავსი უთავმოყვარეო განცხადებები არაერთხელ მომისმენია...
ხანდახან ვფიქრობ, ამ ბიჭების უმრავლესობობას მკვეხარა ქოთანივით, მხოლოდ ტრაბახი შეუძლიათ... იმდენადად ნაცნობია ეს"მომხმარებლური" დამოკიდებულება, ალბათ გოგონაც ადვილად უნდა მიხვდეს, თუ რა თქმა უნდა, ზერელე ურთიერთობების მოყვარული არ არის...
მე გოგო ვარ და ისევე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს, გააზრებული მაქვს ჩემი არჩევანი, როგორი ცხოვრებით ვიცხოვრო, ვიარო ჩადრით, დეკოლტეთი თუ ტომრით, შევქმნა ტრადიციული ოჯახი, თუ ავყვე თანამედროვე თამამ ტენდენციებს... მაგრამ თუ ადრე ქუჩაში აწუხებდნენ კაცები ქალებს, ახლა, "მიშტერების" შესახებ გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ, ბიჭები აქტიურად გადავიდნენ სოციალურ ქსელში ნაცნობობის გაბმაზე. თავს უფლებას აძლევენ, გამოვიდნენ თავზე ხელაღებული ურთიერთობების ინიციატივით და "ჩათში" ორი მიმოწერის შემდეგ დაგიწყონ "ჩალიჩი" იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯერ საწოლი, რომელსაც თურმე მოაქვს უფრო რეალური გრძნობა, ვიდრე ეს შეიძლება ჩვეულებრივმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრებმა მოიტანოს... არ ვიცი, რისი ან ვისი დამსახურებაა ასეთი თავდაჯერებულობა, მაგრამ აშკარად ჰგონიათ, რომ უნდა ველოლიავოთ და ყველაფერზე თანხმობით ვუპასუხოთ, მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ მათი ყურადღება დავიმსახურეთ... და რატომღაც ყველა ბიჭი დარწმუნებულია, რომ მასთან დაწოლა გოგოსთვის პირდაპირ სიამოვნების მეცხრე ცაზე მოხვედრის გარანტიაა, ამ დროს უმეტესობას ქალის გრძნობებსა და ფიზიოლოგიაზე წარმოდგენაც არ აქვს.
უფროსი თაობის ადამიანებისთვის შეიძლება უცხო და გაუგებარი იყოს ჩემი გულისტკივილი და თემა, რაზეც ვსაუბრობ. მაგრამ მინდა მივმართო ასეთი ბიჭების მშობლებს. ასწავლეთ თქვენს შვილებს "ჩვეულებრივი", "არაგოიმი" გოგონების პატივისცემა თუ არა, ის მაინც, რომ არ შეაწუხონ და თუ მათ თამამ ახირებებს არ აჰყვებიან, არ შეურაცხყონ მაინც. ჩემთვის ჯერ სრულიად სხვა რამეებია პრიორიტეტული - მინდა სწავლა გავაგრძელო, ვიმუშავო და მერე შევქმნა ჩვეულებრივი, ტრადიციული ოჯახი. სრულიად არაფერში მჭირდება არაფრის მომცემი ურთიერთობები, ან ისეთ ბიჭთან ურთიერთობა, რომლისთვისაც სათადარიგო ბორბალი ვარ, რომელსაც მხოლოდ სარგებელი აინტერესებს ჩემთან - ფიზიკური თუ ფინანსური... რასაკვირველია, ჩემს თანატოლ გოგონებშიც არის მსგავსი პრობლემა - ბევრი გოგონაც მსგავსად აზროვნებს და ეძებს ბიჭს, რომელსაც აყიდინებს კარგ ტელეფონს, გადაახდევინებს დაბადების დღეს, იხეირებს მისით კარგად. პარალელურად კი შეიძლება სხვა ან სხვებიც ჰყავდეს ასეთები, და ბოლო სრულიად სხვას გაჰყვეს ცოლად... ყველაზე სარფიანს. გოგონებიც არიან ისეთებიც და ასეთებიც და ბიჭებიც. ჰოდა, ნუ დამიძახებთ გოიმს, მე უბრალოდ ასე მინდა ცხოვრება. მოვა დრო და ვიპოვი ჩემნაირ "გოიმ" ბიჭს, გავყვები ცოლად და შევქმნი ტრადიციულ ოჯახს... მე ასე მინდა და ეცით პატივი ჩემს არჩევანს... ხომ შეიძლება, მეც, ტრადიციულმა ადამიანმა ვისაუბრო ჩემს უფლებებზე?"
ლიკა, 18 წლის