მშობლების შესარიგებლად ანიმ სახლიდან გაპარვა გადაწყვიტა...
"ბავშვების მიყურადება არ მიყვარს, თუმცა იმდენად შეშინებული ვარ ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან, რომ მეგობრებთან თამაშის დროსაც კი ჩუმად მაინც ვახერხებ მათ მოსმენას. ჩემი ნატუკა და ანი ბაღის ასაკიდან მეგობრობენ. ახლა მესამე კლასში არიან და სკოლაშიც ერთად დადიან. გამომდინარე იქიდან, რომ მშობლებს გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გვაქვს, კარგა ხანია არც გვინახავს სალაპარაკოდ ერთმანეთი. ბავშვმა კი მითხრა, რომ ამ ბოლო დროს ანი სულ დედას მოჰყავს სკოლაშიო და სულ უხასიათოდ არისო.
ეს დეტალი მას მერე გამახსენდა, რაც სახლში ბავშვების თამაშის დროს მოვისმინე და ცოტა არა იყოს დავიბენი...
ნატუკა: - ანი, გასაფერადებლები არ გინდა?
ანი: - არა. რაღაც უფრო მნიშვნელოვანი უნდა გავაკეთო და შენი დახმარება მჭირდება!
- და მაინც რა?
- თამაში არ მინდა, კომპიუტერი ჩავრთოთ, რაღაც უნდა ვიპოვო.
აქ უკვე ძალიან დავძაბე გონება და უფრო დავინტერესდი, რა უნდოდა ანის. ჩემმა შვილმა კომპიუტერი ჩართო და ანის გვერდზე სკამზე მოუჯდა.
ანი: - იცი? დედას და მამას ერთმანეთი აღარ უყვართ!
ნატუკა: - საიდან მოიტანე?
- მამა ჩვენთან აღარ ცხოვრობს.
- ვინ გითხრა, რომ აღარ უყვართ?
- მაშინ რატომ აღარ მოდის მამა ღამე ჩვენთან?
- ო, ეგ აღარ ვიცი...
- დედამ მითხრა, რომ ყველასთვის ასე ჯობია...
- ჩემი დედიკო და მამიკო სულ ერთად არიან, მალე შერიგდებიან შენებიც...
- ვერ დაველოდები მაგათ შერიგებას, გთხოვ დამეხმარე, დედას და მამას ერთმანეთი შევაყვარო და ისევ ერთად იყვნენ...
იქნებ ინტერნეტში რამე წერია, უფროსები ხომ აქ კითხულობენ რაღაცებს...
- ჩემს დედიკოს ვკითხოთ.
- არააა, უფროსებს ხშირად არ ესმით პატარების... ჩემს დედიკოს და მამიკოსაც რომ არ ესმით ჩემი, იმიტომაც არ არიან ერთად... მე სხვა დედა და სხვა მამა არ მინდა... ორივე მიყვარს, ორივესთან მინდა...
როგორც აღმოჩნდა, ჩემმა შვილმაც სხვა ვერაფერი მოიფიქრა და ურჩია მეგობარს სახლიდან გაპარვა... აი, ეს კი პიკი იყო და დროულად უნდა მემოქმედა. მივედი ბავშვებთან და ვცადე მათთან ლაპარაკი. ავუხსენი, რომ რაც არ უნდა მოხდეს უფროსების ცხოვრებაში, სახლიდან გაპარვა და მსგავსი რამის ჩადენა არ შეიძლება... მიჭირდა ატირებული ანის კითხვებისთვის პასუხის გაცემა, თუ რატომ აღარ იყვნენ მისი მშობლები ერთად. ერთადერთი, რაც ვიცოდი ის იყო, რომ ბავშვები ყველაზე მეტად განიცდიან ამ ამბავს, მით უმეტეს, როცა არც ესმით, რატომ აღარ უყვართ მშობლებს ერთმანეთი, რატომ აღარ უნდათ ერთად ცხოვრება. არაერთი რჩევა და დარიგება მომისმენია, როგორ უნდა გადაალახინონ ბავშვს მშობლების დაშორებით გამოწვეული სტრესი და რა უნდა გააკეთონ უფროსებმა ამისთვის, თუმცა ანის ვერაფერი ვუთხარი, რადგან მას არც ჰქონდა მოსმენის სურვილი, რომ შეიძლება მისი მშობლები აღარ იყვნენ ერთად და როცა ბავშვი ამ აზრს ჯიუტად ეწინააღმდეგება, ძნელია აუხსნა, რომ დედმამის ცალკე ყოფნით მას არც ერთის სიყვარული არ მოაკლდება... საბოლოოდ, დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ნატუკას დედისთვის დამერეკა...
ცხადია, ძალიან უხერხული იყო ჩემთვის მასთან ამ თემაზე საუბარი. აღმოჩნდა, რომ მას ვერც წარმოედგინა, თუ ასე მძიმედ გადასატანი აღმოჩნდებოდა შვილისთვის ეს ამბავი, რადგან არაერთ ბავშვს ჰყავს საახლობლოში მშობლები დაცილებული... ბუნებრივია, ზედმეტად ვერ ჩავერეოდი სხვისი ოჯახის საქმეში, მაგრამ სულ ვფიქრობ, რამხელა მსხვერპლის გაღება გვიხდება მშობლებს შვილების კეთილდღეობისთვის, ჩვენ კი ან ვართ მზად ამისთვის ან არა, ან შეგვიძლია, ან არა, მით უმეტეს, როცა შვილს ასაკის გამო ყველაფერს ვერ ვეუბნებით, ვერ ვეუბნებით თუნდაც იმას, რომ მშობლების ერთმანეთისგან შორს ყოფნა, ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალია..."
ნანა, 35 წლის