"ჩემს გოგონას სამარშრუტო ტაქსიში აერია გული - პირდაპირ უცხოელი ტურისტის კალთაში" - უხერხული სიტუაციები, რომლებსაც მშობლები იხსენებენ
პატარების ქცევის გამო მშობლები ხშირად ხვდებიან უხერხულ სიტუაციებში. სწორედ ასეთ შემთხვევებზე გვიყვებიან მშობლები, რომლებიც შვილებმა სასაცილო მდგომარეობისთვის გაიმეტეს:
"ჩემი ქმარი შვილს აჯავრებდა, დედიკო ვცემეო. გვაინტერესებდა მისი რეაქცია, ჰოდა, ერთხელ მარშრუტში ყვირის: "დე, დე, გახსოვს, მამამ რომ გცემა და მე დაგიცავიო?" - გაოცდა ხალხი ამის გაგონებაზე".
"საავადმყოფოში მენეჯერი თუ ვიღაც, საბუთს მივსებდა და ჩემმა ბიჭმა გაკრიალებულ-გაპწკიალებულ კაბინეტში გაუშვა ფისები... ისე შემრცხვა".
"ჩემს ქმარს მიჰყავს ბაღში და წინ ძალიან მოკლეკაბიანი გოგო მიდის, მიწისქვეშა გადასასვლელში. უცებ ელენემ ატეხა ყვირილი: "მამიკო, იმ გოგოს"ფუფუნები" უჩანსო..." ჩემმა მეუღლემ დაავლო ბავშვს ხელი და უკან მოტრიალდა, ვითომ ესენი არ იყვნენ".
"ერთხელ მამაჩემთან მეზობელი გადმოვიდა... ჩემმა ჭორიკანამ ვერ დაინახა და ვინ არისო, მკითხა: ბაბუას მეგობარია-მეთქი... გავარდა შეხედა და ყვირის: რა მეგობარი, ბებერი კაციაო... ისე შემრცხვა, კინაღამ მოვკვდი".
"მე აღმოვჩნდი ერთხელ უხერხულ სიტუაციაში. მანქანა გავაჩერე ავტოსადგომზე. ცოტა ხანში დავბრუნდი და ვცდილობდი პულტით კარის გაღებას. თურმე ჩემი მანქანის მსგავსი სხვა მანქანა იყო. პატრონი იქვე იდგა სავარაუდოდ. თავისი პულტით გააღო კარი. მე მეგონა, მე გავაღე. ჩავსვი ბავშვი, კარი დავხურე და მძღოლმა პულტით ჩაკეტა. დამრჩა ბავშვი ჩაკეტილი სხვის მანქანაში. რამდენიმე წუთი თვალებით ვეძებდი ხალხში მძღოლს. თან ვიცინოდი საკუთარ თავზე. მერე დამინდო და გააღო კარი".
"რამდენად სასაცილოა არ ვიცი, მაგრამ ჩემი წლინახევრის ბიჭი ქუჩაში ვინმე კაცს რომ დაინახავს გაჩერებულს, მამაო, და ხელს მისკენ
იშვერს. ისე მრცხვენია, ვკვდები ხოლმე. მამამისთან რომ არის, ჩვეულებრივად არის გატრუნული. ალბათ ენატრება ხოლმე სეირნობის დროს, რა ვიცი".
"მოკლედ, გადარბენაზე ვარ, სექტემბერია, სკოლაში მივდივართ პირველად... ჰოდა გავქანდი ლილოში, წავაკონწიალე ორი ბავშვი და რძალი. მარშრუტში ვზივართ, ცხელა ისე, რომ ვკვდებით. ვატყობ ბავშვს, ფერი დაკარგა, ოფლი ასხამს, ცუდად გახდა, გული ერევა. მარშრუტიც გაჩერდა და ავიყვანე სწრაფად, რომ ჩავირბინოთ და უცებ ეს ჩემი შვილი მიტრიალდა, ერთადგილიანზე უცხოელი იჯდა და პირდაპირ კალთაში ჩაა...ია... ვაიმე, ატყდა ერთი ამბავი, იქ "ბაზარშიკი" ქალები აქოთქოთდნენ, მოკლედ დავიბენი, დავავლე ხელი ბავშვს, ჩამოვიყვანე... და ეს უცხოელი ტურისტი ზის გაოცებული. გავწმინდე ბავშვი. მერე ვიღაცამ დიდი ბოთლით წყალი მომაწოდა, ვეუბნები ამ კაცს (ნუ რას ვეუბნები, ვაჩვენებ, მე იმისი არ მესმის და იმას - ჩემი), ხელზე დაგისხამ და ჩამოიწმინდე-მეთქი. კაიო, მოეწონა აზრი, ხელზე არა, პირდაპირ შორტს მაჩვენებს, აქ დაასხიო. ჰოდა, ასე ჩავბანე და ,,გავაგვრიჭინე", "გავახვანჩალე" ავსტრიელი ტურისტი. თავიდან ძალიან შემრცხვა... მაგრამ მერე ვკვდებოდით სიცილით. მთელი ლილო დამცინოდა ჩემი გოგოს გამო".
"უხერხული რა გითხრა, მაგრამ ახლა სიცილით მახსენდება. ბორჯომში ვისვენებ ჩემს წლიანხევრის ბიჭთან ერთად. პარკში ვზივარ, ის კი იქვე დატლიკინობს საყვარლად. ქალი მომიჯდა გვერდით. ვუყურებთ ჩემი პატარას თამაშს და ვტკბებით. მოვიდა. ქალმა ხელში აყვანა დაუპირა. მას არ მოეწონა, გაიჭიმა, ტაკო უკან გაწია და გარიდება დააპირა, მაგრამ... ისეთი დააბუთქა, მეგონა, გასკდა-თქო. არ ვიცოდი ხმამაღლა გამეცინა თუ მომებოდიშა..."
"ღამის ქოთანი სკამივით რომ არის, შიდა ნაწილი, სადაც ფისები ჩადის, ამოღებული გვქონდა. ჰოდა ეს სკამქოთანი ჩამოიცვა ბავშვმა თავზე. ვაძრობთ და ვერ ვაძრობთ. დაიწყო ტირილი. ამ ქოთნიანად ჩავისვი კალთაში და ვეფერებოდი, თან მეცინებოდა და ამაზე ბრაზდებოდა. მერე მეუღლემ გაჭრა და ისე ავაცალეთ თავიდან" .
"ერთხელ მე და ჩემმა პატარა ბიჭმა, რომელიც 4 წლის იყო მაშინ, გავიარეთ ერთ ადგილას და ძალიან ლამაზი ყვავილები იყო დარგული. ერთი ძირი მოვიპარე და სახლში წავიღე. ერთი წლის შემდეგ ისევ მოგვიხდა იმ ადგილას მისვლა და უფრო ლამაზი ყვავილები ყვაოდა და ვთქვი, რა ლამაზებია-მეთქი და ჩემმა შვილმა ხმამაღლა მკითხა, დეე, კიდევ უნდა მოიპაროო?"