"ქალის და დედის ისტორია. სულ მინდოდა მომეყოლა ვინმესთვის: ეს ამბავი ნამდვილია და კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა დიდი ხნის უკან. ნინა ბებიაჩემის და იყო. 13 წლის გაათხოვეს. ასე რომ, ოცი წლისას უკვე 6 შვილი ჰყავდა. უფროსი ბიჭი - ვალერი, შემდეგ გოგო - ჟენია, ბიჭი-გოგა, მერე ისევ გოგო-ელენე და ბოლოს ტყუპი საშკა და გურამი. როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ტყუპი რამდენიმე თვის მოვლენილი იყო ამქვეყნად, თუმცა ნინას ქმრისთვის ჩვილი ბავშვების გამო შეთღავათი არავის გაუწევია. ის და მისი ორი ძმა ერთად ერთ დღეს წაიყვანეს ომში. დარჩა ნინა 6 შვილით მარტო. ომი ზაფხულში დაიწყო. ცხელოდა. ტყუპები ამ დროს უკვე 6 თვისები იყვნენ. ისე ცხელოდა კახეთში, ბავშვები ვერ იძინებდნენ. ნინა იძულებული იყო, მზეზე წყალი გაეთბო და ასე გაეგრილებინა პატარები. საშკას პირველს მოუწია გაგრილება და ტკბილად ჩაეძინა. გურამი კი მის ჯერს ელოდა. ნინამ ჩასვა ბავშვი წყალში და ცოტა ხანში ამოყვანა დაუპირა თუმცა პატარა გაჯიუტდა და გაუტკბა წყალში ჭყუმპალაობა. ჩამოჯდა ნინა შორიახლოს და თან ბავშვს უყურებდა. ის კი მისი პატარა ხელებით ბედნიერი ეთამაშებოდა წყალს. ქმრის დარდით და შრომით გადაღლილ ნინას რაღაც მომენტში ალბათ ორი წუთი წასთვლიმა. შეშინებულმა გაახილა თვალები და მტერს, რაც მან ნახა. არ ვიცი როგორ მოხდა, ბავშვი ჯერ კიდევ თბილი, იმ პატარა ტაშტში დაიხრჩო.
მტერსაც არ ვუსურვებ ნინას უბედურებას. თავს იდანაშაულებდა და ლამის თავი მოეკლა. პატარა გურამი დაასაფლავეს, მაგრამ ნინას წამება დაიწყო. თეთრად ნათევი ღამეები. მკვდარი შვილი. ქმარი ომში და 5 ბავშვი. ამას ისიც დაემატა, რომ საშკა ანუ ტყუპისცალი ჭირვეული გახდა. უცნაური ქცევები ქონდა. თითქოს ვიღაცას უყურებდა და ეკონტაქტებოდა. ცოტაც რომ წამოიზარდა და თავისებური ბავშვური ლაპარაკი დაიწყო, აშკარად ვიღაცას უხილავს ელაპარაკებოდა. ომიდან სახლში იშვიათად მოდიოდა წერილები. გავიდა სამი წელი. უფროსი ბავშვები უკვე პირველ კლასში შევიდნენ. ზამთარი იყო. და-ძმა, გოგა და ჟენია ავად გახდა. ამ დროისთვის საშკა უკვე მეოთხე წელშია გადასული. ექიმმა საშინელი დიაგნოზი დაუსვა ბავშვებს - ჭლექი. საწყალი ნინა რას არ აკეთებდა ბავშვების გადასარჩენად. ერთ საღამოს კი პატარა საშკამ უთხრა: დედა, გოგაც და ჟენიაც გურამთან წავლენ მალეო. გურამმა მითხრა ასეო. ნინას ენა ჩაუვარდა და ჰკითხა, ვინაა შვილო, გურამი? ჩვენთან მოდის ხოლმე და მეთამაშებაო. ნინას ლამის გული წაუვიდა. თანდათან უფრო მძიმდებოდა ბავშვების მდგომარეობა. მაშინ ყველაფერი ფრონტზე იგზავნებოდა და წამლის შოვნა გამორიცხული იყო. შობა ღამეს ორივე გარდაიცვალა. ქვაც კი ტიროდა ნინას საცოდაობით. ერთ ღამეში ორი ბავშვის სიკვდილი წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა გამწარებული დედისთვის. ისინიც დაასაფლავეს. დარჩა 3 ბავშვი. შეშინებულ ნინას უკვე ყველა მხრიდან საფრთხე ელანდებოდა. წამით არ ტოვებდა ბავშვებს. დროდადრო კი საშკას ამჩნევდა ისევ უცნაურ ქცევას.
ისევ გავიდა 1 წელზე მეტი... მაისი დადგა. მოულოდნელად საშკა დედასთან მივიდა და უთხრა: დედა, გურამმა მითხრა, რომ მამა მათთან ერთად არის. რომ სამივეს კარგად უვლის და ეფერება. ორი დღის მერე ფოსტალიონმა ბარათი მოიტანა. თუმცა ნინამ უკვე იცოდა რა ეწერა იქ. მისი ქმარი გმირულად დაიღუპა ომში. მაზლებიც სხვა შორის. დამთავრდა ავადსახსენებელი ომი. საშკას ქცევები უკვე აღარ იყო უცნაური. აღარ ელაპარაკებოდა უჩინარს. 24 წლის ასაკში ამდენი ტანჯვის გადატანა მოუხდა საწყალ ნინას...
თუმცა არც მერე ყოფილა მისი ცხოვრება იავარდით მოფენილი. 72 წელი იცოცხლა და 72 წამი არ ყოფილა ისეთი, მისი შვილები და ქმარი რომ დავიწყებოდა. 1992 წელსაც ძალიან ცხელი აგვისტო იყო. წინა დღეს ნინა ბებომ მითხრა, რომ ხვალ მისი საცოდავი ტყუპის გარდაცვალების დღე იყო. იმ საღამოს თავი შეუძლოდ იგრძნო და ბებიაჩემი, ანუ მისი და, მასთან დარჩა. მე ბავშვი ვიყავი. დილას ბებიამ კარი შემოაღო. თვალები წითელი ჰქონდა. სკამზე მძიმედ დაეშვა და თქვა. დაისვენა ჩემმა დატანჯულმა დამ. საშკა კი იმ დილას მოვარდა ქალაქიდან. არავის არ უთქვამს, დედა გყავს ცუდადო. რომ ჰკითხეს, საიდან გაიგე დედის ამბავიო, უპასუხა, რომ პატარა ბიჭმა გააღვიძა და უთხრა, ჩქარა, ძმაო, დედას ცოცხალს ჩაუსწარიო. ეს გურამი იყო. საშკას ხელებში დალია სული ნინა ბებომ".