უნდა გადავუხადოთ თუ არა შვილს დაბადების დღე გრანდიოზულად? - შეწუხებული მშობლის წერილი
უნდა გადავუხადოთ თუ არა შვილს დაბადების დღე გრანდიოზულად? - შეწუხებული მშობლის წერილი
შეწუხებული მშობელი გწერთ. მგონია, რომ ჩემსავით ბევრი ფიქრობს, მაგრამ იმდენად აჰყვა "მოდის ტენდენციებს" და "საზოგადოებრივ დაკვეთას", უარს ვეღარ ამბობს.
საშუალო შეძლების ოჯახი მაქვს, შეიძლება, საშუალოზე ცოტა დაბალიც. ანუ ისეთი, როგორც საქართველოში მცხოვრებთა დიდ უმეტესობას – მე და ჩემი ქმარი დღე და ღამ ვმუშაობთ და თვიდან თვემდე საარსებო ფულს ვშოულობთ. ძირითადი სახსრები მიდის კვებაზე, ბავშვების ჩაცმა-დახურვაზე, გადასახადებზე. იშვიათად თუ მოვახერხებთ, რომ პატარები სადმე გავასეირნოთ (მოგეხსენებათ, ჩვენი გასართობი პარკები საკმაოდ ძვირი ჯდება,
თითო კარუსელი 1-2 ლარი ღირს და ორი შვილის წასაყვანად მინიმუმ 20-30 ლარი მაინც გჭირდება), ან რაღაც ისეთი, გამორჩეული ვუყიდოთ. კურორტებზე წასვლას აღარც კი ვახსენებ – ღმერთმა გადმოგვხედა და სოფელი გვაქვს, თორემ ჩვენი შვილები თბილისში გაატარებდნენ ყოველ ზაფხულს.
ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ ვარსებობთ, როგორც ბევრი.
სულ მალე ჩემი გოგონა 10 წლის ხდება. აქამდე არასოდეს გადაგვიხდია მისთვის დაბადების დღე "ცენტრში". არადა, ჩვენ გარშემო რატომღაც ვალდებულებადაც კი იქცა, ყოველ წელს იხდიან დაბადების დღეებს. ხანდახან ანანოსაც პატიჟებენ. აქამდე დამყავდა, ბოლო დროს უარს ვამბობ ხოლმე და თვითონაც მეთანხმება – არა, საჩუქრის გამო არა. საჩუქარს როგორმე მოვაბამთ თავს, მაგრამ შენ რომ გპატიჟებს ადამიანი სტუმრად, მერე ხომ შენც უნდა მოიწვიო? სახლში
გავშლიდი ათკაციან სუფრას, იქნებ, 15 პატარისთვისაც მომეყარა თავი, მაგრამ გარშემო სულ მესმის, რომ ეს "გოიმობაა", რომ ასე აღარავინ იხდის და ბავშვს დაბადების დღის ცენტრში უნდა გადაუხადო აუცილებლად. აქამდე ჩემი შვილიც შედიოდა ჩვენს მდგომარეობაში და არასოდეს უთხოვია მსგავსი რამ, მაგრამ ახლა აიტეხა, ერთხელ მაინც გადამიხადეთო, თან უნდა, მთელი კლასი მოიწვიოს – 25 ბავშვი!!!
მამას რომ ვუთხარით, კინაღამ ფანჯრიდან გადახტა. სად არ იკითხა, ფასდაკლებებიც კი დაძებნა ინტერნეტში, მაგრამ 400 ლარზე ნაკლები არსად ჯდება ამგვარი ზეიმი (ამდენი ბავშვით). ვეუბნებით, ამ ფასად იმდენი რამის ყიდვა შეიძლება, რატომ უნდა გადავყაროთ ამ ერთ დღეში, თანაც ნასესხები ფული (აბა, "ზედმეტ" 400 ლარს ჩვენ ვერასოდეს მოვუყრით თავს), მაგრამ თავს იგიჟებს ტირილით – მერე სკოლაში დამცინებენ, ჩემს მეტს ყველას უხდიან, 4 წლიდანაც კი იხდიან დაბადების დღეებს, წელს არ ტოვებენო.
განგებ გავიკითხე ახლობლებში. აღმოჩნდა, რომ მართლა ბევრს გაუკეთებია ვალებით, ბევრსაც, საიდან, არ ვიცი, მაგრამ აქვს იმდენი, რომ ყოველ წელს გადაუხადოს დაბადების დღე და დიდი თანხებიც გაიღოს ამისთვის. მე რომ არ მაქვს, რა გავაკეთო? იქნებ არ არის ამის ასეთი აუცილებლობა? იქნებ დაფიქრდეს ყველა, რომ მეტისმეტად ავყევით მოდას თუ ერთმანეთს? მეც ვიყავი პატარა და ჩვეულებრივ, სამ-ოთხ მეგობარს შევკრებდით სახლში, მშვენივრად ვერთობოდით, გაცილებით უფრო მეგობრული და თბილი გარემოც იყო. ახლა კი ამ დაბადების დღეებზე ისეთი ხალხი მიდის, ხშირად ბავშვების დიდი ნაწილი ერთმანეთსაც არ იცნობს. მივლენ, მიირთმევენ, იცეკვებენ (დედებიც, რასაკვირველია), ანიმატორის ბრძანებებს შეასრულებენ და ბედნიერები ბრუნდებიან შინ... იქნებ მე არ მესმის და არ არის ასე? რატომ უნდა მოვაკლო ჩემს ოჯახს ამდენი ფული, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს არ ჩამოვრჩე? ვიცი, რომ ეს ბავშვის გასახარებლად ხდება, მაგრამ ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგვდის? თავიდან ისე კარგად დაიწყო ეს „მოდა“. მშობლებს უხაროდათ, რომ სახლში აღარ იყო აუცილებელი ამდენი ხალხის შეკრება, ტვინის ჭყლეტა მათ გართობასა და გამოკვებაზე. მაგრამ თანდათან მართლა ვალდებულებას დაემსგავსა და არჩევანიც ისეთი დიდია, უკვე იმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო უკეთეს და ძვირიან ცენტრს აირჩევს... მეტისმეტად ხომ არ დავივალებულეთ თავი და ვეღარც ვაღწევთ თავს ამ ვალდებულებას?

ელისო ლ., 36 წლის
12954
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (19)
მარიამ
0
ორი წელი ორივეს გადავიხადოთ ცენტრში იმიტომ რომ გარშემო მეგობრებოს შვილები იმდენი მყავს სახლში ვერ დავტევდი და არც ჯდება უფრო იაფი მაგრამ წელს გავედით გასართობათ მხლოდ ჩვენ 100 ლარი დაგვიჯდა და ბავშვიც კმაყოფილი იყო მოდა არაფერ შუაშია უბრალოდ სახლში 20 ბავშვის გამასპინძლებაც არ დაჯდება იაფი შეგილიათ ღია სივრცეში დაიქირაოთ ორი ანიმატორი დევს ფასდაკლებით არაა ძვირი გაამზადოთ ლობიანი ხაჭაპური ტორტი და გაზიანი სასმელი მორთეთ ბუშტებით გარემო და გაერთობიან მშვენივრად
17:51 / 24-02-2019
ნინა
1
შეგიძლია ბავშვს ღია სივრცეში მოუწყო დაბადების დღე.ბუშტებით და სხვა ინვენტარით გააფორმო სადმე საპიკნიკე ადგილი.ბუტერბროდები,ხილი,ტორტი წაიღოთ.ათამაშოთ.დარწმუნებული ვარ ანიმატორებზე ბევრად კარგად გაართმევს მებისმიერი მშობელი ბავშვის გართობას.მთავარი მონდომებაა.მე პირადად არასდროს გადავუხდი ბავშვს მაგ უაზრო ცენტრებში დაბადების დღეს.ვარსკვლავებს რომ უხსნიან აი ეგ არის სიგოიმის პიკი.მირჩევნია დავხარჯო დრო და ბევრად იაფად და გემოვნებიანად ჩემს შვილს თავად ვუქციო დაბადების დღე დაუვიწყარ დღედ.
22:08 / 06-08-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?