"ვიცი, რომ ქართულ ზღვის კურორტზე არასდროს აღარ წავალ დასასვენებლად..." - გამოხმაურება
"ვიცი, რომ ქართულ ზღვის კურორტზე არასდროს აღარ წავალ დასასვენებლად..." - გამოხმაურება
ეს გამოხმაურებაა გუშინ გამოქვეყნებულ წერილზე ურეკში პლაჟის ანტისანიტარიულ მდგომარეობასა და სხვა პრობლემებზე („სანაპიროს ქვიშა სავსეა ნახმარი ერთჯერადი შპრიცებით“ - ერთი დედის წერილი). გთავაზობთ მას უცვლელად და ჩვენც ვუერთდებით დედების წუხილს, რომ საქართველოში სულ უფრო ცოტა რჩება ადგილი, სადაც შეიძლება, მშობელმა ბავშვი წაიყვანოს და სიძვირეზე რომ აღარ ვილაპარაკოთ, ის ელემენტარული პირობა მაინც მიიღოს, რაც იგულისხმება სრულფასოვან დასვენებასა და ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლაში.

"თქვენს საიტზე წავიკითხე ჩემსავით გაბრაზებული დედის წერილი ურეკზე, ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოზე. ასე მეგონა, რომ მე ვწერდი ამ ყველაფერს. ჩემი ისტორია
არ განსხვავდება თქვენი ისტორიისგან, უბრალოდ, არ შემეძლო ეს ყველაფერი არ დამეწერა!
ურეკში ბავშვის დასვენება რომ სასარგებლოა, ეს ყველა ექიმმა იცის! ეს ვიცით ჩვენც, ახალგაზრდა მშობლებმა და ჩვენმა მშობლებმაც, რომლებსაც ურეკში დავყავდით დასასვენებლად. ამ კურორტს თავისი უნიკალური სამედიცინო ფაქტორებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის გამაჯანსაღებელ და სამკურანლო ზღვისპირა კურორტებს შორის. ჩემი შვილი 5 წლის არის, მე და ჩემს მეუღლესაც გვინდოდა ზღვაზე დასვენება და რადგან ბავშვისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, ურეკი შევარჩიეთ.
მაგნიტურ ქვიშასთან და სხვადასხვა მინერალთან ერთად სანაპიროზე დაგვხვდა უამრავი ხალხი, დაყრილი ნაგავი, ზედაპირულად დამარხული ნახმარი შპრიცები თავისი „ატრიბუტებით“, გატეხილი მინის ბოთლები და ა.შ. ანუ თუ
ბავშვი ქვიშაზე დაწვება ან ითამაშებს, შესაძლოა დაინფიცირდეს სხვადასხვა დაავადებით, მათ შორის - აივ ინფექცია, ცე ჰეპატიტი და ყველა ის დაავადებაა, რომელიც ინფიცირებული შპრიცის შერჭობით შეიძლება გადაეცეს ადამიანს! სასმელად უვარგის წყალზე აღარ დავიწყებ საუბარს და მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალს მაღაზიაში ვყიდულობდი, ბავშვს მაინც დაემართა ენტეროვირუსი.
ძალიან ხშირი პირღებინების შემდეგ აუცილებელი გახდა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა. გაგვიმართლა, რომ მანქანით ვიყავით წასულები და საჭიროების შემთხვევაში ჩვენით მივიდოდით კლინიკაში. თუმცა, მაინც სასწრაფოს გამოძახება ვარჩიე, რადგან ბავშვი ძალიან სუსტად იყო და ექიმის მეთვალყურეობით ჯობდა საავადმყოფომდე მისვლა. დავრეკე 112- ში და გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, ოპერატორს ვთხოვე სასწრაფოსთვის გადაეცა, რომ დამკავშირებოდნენ ტელეფონზე, რადგან მინდოდა მეკითხა, თუ შეაგვიანდებოდათ, გულის წასვლის შემთხვევაში როგორ მოვქცეულიყავი. ოპერატორმა მითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დამიკავშირდებოდნენ, თუ სასტუმროს ვერ მოაგნებდნენ. ამ შემთხვევაშიც გამიმართლა, რადგან დავრეკე „სასწრაფო პედიატრის“ ცხელ ხაზზე, მათ ძალიან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია გამიწეს, დამამშვიდეს და მომცეს რჩევები, სანამ მე სასწრაფოს ველოდებოდი. როდესაც კიდევ გადავრეკე 112-ში იმის საკითხავად, თუ საიდან მოდიოდა სასწრაფო დახმარება, ვერც ამაზე მიპასუხა ოპერატორმა, გამოსულია და დაელოდეთო. საიდან არის გამოსული და რამდენ ხანში მოვა, ეს უნდა მემკითხავა.
როგორც იქნა, მოვიდა სასწრაფო დახმრება და ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში შემოგვთავაზა გადაყვანა, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. იქ მისულებს დაგვხვდა საშინელი ანტისანიტარია. შენობა არის საკმაოდ ნორმალური, ნორმალური რემონტით, მაგრამ არის არნახული სიბინძურე! თუ ენტეროვირუსით არ მოხვდით ამ კლინიკაში, აქ აუცილებლად დაგმართებენ მას. მადლობა სამედიცინო დახმარებისთვის და იმისთვის, რომ ბავშვს ნორმალური სამედიცინო დახმარება გაეწია, მაგრამ დილამდე ვიყავით სრულ სიბინძურეში! ბავშვს გული აერია, მგონი ახლაც არ მოუწმინდავთ იატაკი!!! იქ ძალიან ბევრი პაციენტი მოვიდა, ძალიან პატარებიც და დიდებიც იგივე დიაგნოზით, ფაღარათით, პირღებინებით და ა.შ. ამ ყველაფერს კი ემატებოდა ის, რომ საპირფარეშოში წყალი მოწანწკარებდა, ტუალეტს კი საერთოდ არ ჰქონდა ჩასარეცხი! მოკლედ სრულ სიბინძურეში გავატარეთ ეს დრო და როდესაც ბავშვმა დაიძინა, ეს ფოტოები გადავიღე.

mshoblebi
თავი სიზმარში მეგონა. იძულებულები ვიყავით, წამოვსულიყავით კლინიკიდან და თბილისისკენ დავიძარით. ბავშვი იმდენად ცუდად იყო, რომ გაგვიჭირდებოდა თბილისში ჩამოსვლა, ამიტომ ქუთაისში ჩავედით, ახალ ინფექციურ საავადმყოფოში. ფოთის საავადმყოფოდან მოვხვდით სრულ სამოთხეში! სისუფთავე, კვალიფიციური ექიმები, მოღიმარი პერსონალი, კეთილმოწყობილი პალატა, ემერჯენსი, პალატაში საბავშვო მულტფილმები, ცხელი წყალი! აქ ნამდვილად ვიგრძენით თავი ადამიანებად! გაგვიწიეს ძალიან კარგი სამედიცინო დახმარება, დამამშვიდეს, დაგვაკვალიანეს, გზაში გართულების შემთხვევაში როგორ მოვქცეულიყავით, მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ და მადლობა მათ! ორივე საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯები საყოველთაო დაზღვევამ აანაზღაურა. რამდენად უნდა ფინანსდებოდეს ერთნაირად ორი რადიკალურად განსხვავებული კლინიკა, ეს უკვე სხვა საკითხია.
ასე დასრულდა ჩვენი ზღვაზე დასვენება, მშვიდობით დავბრუნდით თბილისში და ვიცი, რომ ურეკში არასდროს აღარ წავალ დასასვენებლად. მაგნიტური ქვიშისგან მიღებული სარგებელი 3-დღიან ნერვიულობაში, ენტეროვირუსებში და სხვა „სიკეთეებში“ დავხარჯეთ!

სამწუხაროდ, მსგავსი ვითარებაა თითქმის ყველა ხალხმრავალ კურორტზე საქართველოში. ზღვაზე დავირუსება ბავშვის თუ დედის დაავადება ზღვის ბინძური წყლისგან, ახალი ამბავი არ არის არავისთვის...

მინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ საკუთარი გამოცდილებიდან:
• დასასვენებლად როდესაც მიდიხართ, თან იქონიეთ გადაუდებელი დახმარების ჩანთა.
• ყოველთვის გქონდეთ ტელეფონის სატენი ახლოს + ანგარიში ტელეფონზე.
• შეძლებისდაგვარად გქონდეთ ინტერნეტთნ წვდომის საშუალება.
• გქონდეთ თანხა ხელზე - ბანკომატების პრობლემაც ძალიან აქტუალურია.
• უნდა იცოდეთ თქვენს ლოკაციაზე ყველაზე ახლოს მდებარე საავადმყოფოების მისამართი."
სალომე, 32 წლის
12901
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
Ikas
0
1 ოთახში რომ მხოლოდ 6 საწოლია, არც კარადა,.არც.არაფერი სათავსო, ამას რა ჰქვია? ოთახს რომ მოგაქირავებენ და ტანსაცმლის დასადები ადგილი რომ.არ აღმოჩნდება, ეს რაა? წამოვიდე და ჩემოდნებით ვიარო სიცხეში უკეთესი ადგილის საძებნად? რატომ.ჰგონიათ რომ დამსვენებელი ამას აიტანს? ელემენტარული კომფორტი ხომ უნდა იყოს? რამე განსაკუთრებულს ვითხოვთ? მაგრამ.რატომ? იმ კარადის ადგილზე სანამ.1.საწოლი კიდევ დაეტევა, არ გეღირსება არაფერი)))))
21:04 / 26-09-2018
0
და ისიც არ იცი რო ურეკი აჭარა არაა
14:59 / 30-07-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```