ზაფხული ის დროა, როცა მეტნაკლებად ყველა მივიჩქარით სოფლისკენ - სახლში, სადაც ცხოვრებენ, ან ცხოვრობდნენ ბებიები და პაპები. მათი თბილი და მხიარული ისტორიები ჩვენი იქ ჩასვლით ხელახლა ცოცხლდებიან. სწორედ ასე შევესწარი, როგორ აყოლებდნენ ელიჩკა ბებოს შვილიშვილები მისი დაოჯახების ისტორიას. ელიჩკა ბებოს ისტორია ნამდვილად იმსახურებს მეტ მსმენელს. ამიტომ სხვებსაც მინდა გავუზიარო.
ელიჩკა ბებოს ნაამბობი:
8 შვილიშვილი მყავს და ორი შვილთაშვილი. ზაფხული არ გავა, არ მომაყოლონ ჩემი გათხოვების ამბავი. არ ვიცი, ასეთი დაუსრულებელი რა გახდა, მეუბნებიან, ყოველ ჯერზე უფრო სასაცილოდ ყვებიო და მეც ვზივარ და ვყვები. ალბათ იმიტომ მაყოლებენ, რომ ახლა ასე არავის წარმოუდგენია გათხოვება.
მოკლედ, ზამთარია, ცა და დედამიწა ჩამოდის ძირს, ისეთი წვიმაა. სკოლიდან მოვდივარ სახლში. გზის ტალახი თავზე მეფინება ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე. უცებ მანქანამ ჩამიარა და მალევე გაჩერდა. გადმოვიდა მძღოლი, საჯიშე ულვაშები ჰქონდა და ღერაღერად გადავრცხნილი თმები. სანამ ავათვალიერე, მითხრა, სად მიდიხარ, სახლამდე მიგიყვანო.
ახ, ეს როგორ გამიბედა - მეთქი და ხელისგულზე რომ დამეტეოდა იმხელა ქვა ავიღე და მოვუქნიე, მოვუქნიე და თურმე კი არ შევაშინე, პირდაპირ შუბლში მოვარტყი. ისეთი სახე მიიღო შიშისგან ლამის ჩავიფსი. პოლიციაში წაგიყვან ახლავე, მითხარი ვინ ხარო. შემეშინდა და ვუთხარი, ვინც ვიყავი... კოპადასმული გამცილდა და თავისი "პაბედიანად", თვალისდახამხამებაში გაქანდა.
სახლში ვერაფერი ვთქვი. კოჭებამდე ნაწნავიდან საწყალი ბებიაჩემი ტალახის ბელტებს მაძრობდა. მამა არ იყო მოსული, ველოდებოდით. ასე ღამის 8 საათი იყო და ეზოში ხმაური მოგვესმა. მამას ვიღაცები მოჰყვნენ და სულ დამიბნელდა თვალში სინათლე, ეს კოპიანი კიდევ რომ დავინახე. ბაბუაჩემი კოლიას წამოდგომას უფრო დავიჯერედი საფლავიდან, ვიდრე ამის ჩემს სახლში ყოფნას. თურმე მამაჩემის ახალი თანამშრომელია და ჩემს გადასანახულებლად მოიყვანეს. ისე ვუქივართ ამასთან, ასეთი აღზრდილი გოგო მყავს, ნაზი და ენითუთქმელი, გარიგების ამბავში მთელი ჩაის ფაბრიკა ყოფილა ჩართული. ესეც „ანტიკვარი“ ბიჭი ყოფილა, პირველი „პაბედა“ ამას უყიდია სოფელში და ორივე ერთმანეთზე უკეთესები დავაკვდებოდით ერთმანეთს თურმე... სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი, კაცმა არ იცის, ჩემს გულში რა ამბავია, სად დავიმალო არ ვიცი.
მამიდაჩემმა სუფრა გაშალა, დედაჩემი აზრზე ვერ მოდის, ამ კოპდასმულ კაცს რატომ უნდათ, რომ მიმათხოვონ. კოპი კი მე ამოვუყვანე, მაგრამ ის დანარჩენი, რაც აბადია, მის მშობლებს დააბრალოს... ვზივარ გატრუნული. ის ულვაშა რამდენჯერაც გამომხედავს იმდენჯერ გამიცინებს, მე კიდევ ერთ სული მაქვს, ისევ მოვიქნიო რამე და ვუთავაზო ცხვირ და პირში... სმა-ჭამაში ნელნელა ირკვევა, რომ ჩემზე ათი წლით უფროსია. სკოლას დავამთავრებ თუ არა, თურმე ამ გამოშტერებულს უნდა ჩამაბარონ... რა უფლება გვაქვს, მამაჩემს ხმამაღალი სიტყვა გავუბედოთ... გავიდა ერთი კვირა და მარტო უნდა შევხდე, მართალია, არ მომწონდა, მაგრამ მაინც გამოვიპრანჭე, გაუთხოვარი მამიდის შუბა ჩამაჩვეს, "უშანკა" ქუდი დამახურეს და ისეთი დამძიმებული მივდივარ ქუჩაში პაემანი კი არა, თავი არ მახსოვს. გზად ჩემს ბიძაშვილს უნდა გავუარო, აბა, პატიოსანი გოგოს მარტო ბიჭთან გაშვება როგორ შეიძლება. ეს გამოგვეცხდა სოფლის ცენტრში თანამშრომელთან ერთად. ჩვენ წინ გაგვიშვეს, ის ორი ფეხდაფეხ მოგვდევს, ჩამჭრელ კითხვებს მისვამს ვაჟბატონი და მეც არ ვაკლებ, ოღონდაც გადავაფიქრებინო ჩემი ცოლად წაყვანა, ათას სისულელს ვროშავ, მაგრამ რად გინდა, ლამის "ცეკაშია" თურმე ჩემი ამბავი გადაწყვეტილი. თან მიკვრს, რატომ არ მახსენებს, კოპი რომ ამოვუყვანე თავზე. მეუბნება, კვირას პელა პატარაიას დაკრძალვაზე გამოჰყევი ბებიაშენს, დედაჩემმა უნდა გნახოსო. იმედი ჩამესახა, იქნებ დამიწუნოს იმ ოჯახაშენებულმა-თქო, თან გულში ვფიქრობ, ან რა მაქვს ამათი დასაწუნი-თქო. გათენდა კვირა დილა და პელას დაკრძალვა გადაფარა ჩემი დათვალიერების ამბავმა, თუ ვინმე ჰყავდათ ქალი არსება ჯიშში, ყველამ დასდო საწყალ პელას პატივი, ჩემი ნახვის ხათრით. ჰოდა, რაღას მაყოლებთ ამდენს, დავამთარე სკოლა და დღე არ გააციეს, ზეგ უნდა წავიყვანოთ ქალიო. გაწყვიტეს სახლში ფრინველის და პირუტყვის მოდგმა, თუ რამე იყო, გაამზადეს სუფრისთვით და ერთი მანქანით არიან მოსული, 6 კაცი ზის, ვფიქრობ, მე უკან უნდა გავეკიდო-თქო?.. ჩამტენეს... პირველად მაშინ ვიგრძენი დედამთილის გვერდებში მოწოლა რას ნიშნავს, ჩემი ქმარი კი იყო გაჯგიმული წინ. რა იცოდნენ, მგზავრობა რომ მწყენდა, ისე ეგ არც მე ვიცოდი, ქალაქში არავის მივყავდი და მანქანაც იშვიათობა იყო. დამიბერმა ღია ფანჯრებში ქარმა და დავუმშვენე დედამთილს კალთა, თან არ კი არა, ვერ ვჩერდებოდი, ისე მერეოდა გული. თვალის გახელა რომ შევძელი, გვერდზე არავინ მეჯდა, ჩემს ნეხვთან ვიყავი მარტო. ყველამ მიმატოვა, ბაბუათქვენის გარდა... მომიახლოვდა და "სალპეტკით" მომიწმინდა სახე. მას შემდეგ ერთი დღე არ მახსოვს, ჩემზე არ ეზრუნა. კიდევ კარგი, ზაფხული იყო და გამორეცხეს მანქანა. ისევ ჩავლაგდით და მიმიყვანეს იმ სახლში, სადაც თქვენ ასე გიხარიათ მოსვლა..."
ელიჩკა ბებო, 83 წლის.
P.S. ზედმეტი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, შეგნებულად არ ვასახელებთ ნამდვილ სახელებსა და გვარებს.