"ჩემი დაორსულების ამბავს მთელი სანათესაო და სოფელი განიხილავდა..." - ემიგრაციაში მყოფი დედის გულახდილი წერილი
"ჩემი დაორსულების ამბავს მთელი სანათესაო და სოფელი განიხილავდა..." - ემიგრაციაში მყოფი დედის გულახდილი წერილი
მშობლებისა და შვილების გაუცხოებული ურთიერთობების შესახებ საუბრისას უმრავი პრობლემა იყრის თავს. თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან დიდი ტვირთია გერქვას მშობელი და იყო შვილი. სწორედ მშობლებისა და შვილის ურთიერთობებზე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ემიგრანტი ქართველი დედა, რომელმაც ანონიმურობის დაცვით გვთხოვა გამოგვექვეყნებინა მისი წერილი. წერილში ნახსენები მამაკაცის სახელიც, თავისთავად, შეცვლილია.

"მიზეზი, რის გამოც ჩემ შესახებ მინდა დავწერო, არის ის, რომ სხვისი ცხოვრების მჩხრეკავები მინდა ოდნავ მაინც დავაფიქრო, დავაფიქრო იმაზე, როგორ კლავენ და ანადგურებენ თავიანთი დამოკიდებულებით განსაცდელში მყოფ ადამიანს.
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გავაგრძელე სწავლა. ჩემი
ოჯახი თითით საჩვენებელი იყო სოფელში თავისი პატიოსნებითა და ზრდილობით. მთელი ბავშვობა მხოლოდ ის მესმოდა, რომ მშობლები არ უნდა შემერცხვინა. აქვე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მკაცრები იყვნენ და არასოდეს მქონდა განცდა იმის, რომ მათთვის გული გადამეშალა. მე ხომ სანაქებოდ აღზრდილი ვიყავი და არ შეიძლებოდა, რამე ცუდს გადავყროდი, ვინმეს გავლენის ქვეშ მოვქცეულიყავი.

მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ვიყავი, სულ მაკლდა დედ-მამასთან გულწრფელი საუბარი. მოკლედ, ამ მცირე შესავლის შემდეგ, გაგიზიარებთ გამოცდილებას, რომელმაც სიცოცხლის ბეწვის ხიდზე გამატარა...

გარეგნულად თვალში საცემი ვიყავი, ნაზი და თითქოს დაუცველიც, შებოჭილი და დამფრთხალი. გავურბოდი კურსელებს, მხოლოდ ნათესავებს ვეკონტაქტებოდი დედაქალაქში, არადა შინაგანად
გული მიმიწევდა მყოლოდა ახალი მეგობრები და ვინმესთან საერთო ენა გამომენახა. დაახლოებით პირველი კურსის დასასრულს ერთ გოგონას დავუმეგობრდი და მის დაბადების დღეზე გავიცანი ლექსო. ფაქტობრივად, პირველად ვიგრძენი ბიჭის ყურადღება ჩემ მიმართ და არ ვუარვყოფ, ეს სასიამოვნო გძრნობა იყო. როგორც ჩანს, ძალიან გაუადვილდა, თავი შეეყვარებინა და მეც ისე ავყევი ამ ურთიერთობას, რომ არაფერში ვიყავი გარკვეული. დედაჩემს არასოდეს უთქვამს, როგორ შეიძლებოდა თავი დამეცვა, გამომეჩინა სიფრთხილე, მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არ უნდა შემერცხვინა ოჯახი და ამის მიღმა ვინ რას გულისხმობდა, ნაკლებად მესმოდა. ისიც კი არ ვიცოდი, როგორ გამებედა და მეთქვა, რომ ბიჭს მოვწონდი. ახლა ბევრად მარტივია და გათამამებული ურთიერთობები. მშობლებიც მეტნაკლებად ინტერესდებიან შვილების ცხოვრებით. 20 წლის წინ, კი ძალიან ჩაკეტილები ვიყავით ყველა...

ძალიან მიჭირს წერა...
გაცნობიდან წლის თავზე ლექსოსგან ორსულად დავრჩი... მისი ნათქვამი თითოეული სიტყვის მჯეროდა... გეგმები დალაგებული ჰქონდა და... ერთი წუთით არ ვიმართლებ თავს, აბსოლუტურად ვგრძნობ ჩემს შეცდომებს... განვიცდი და მტკივა...
თვითმკვლელობა ვიფიქრე, მაგრამ ამასაც თურმე დიდი გამბედაობა სჭირდება და ასე ჩავედი ორსული სოფელში... მუცელი დიდად არ მეტყობოდა, მოსუქებულს ვგავდი... ლექსო რომ ცოლად არ მომიყვანდა, ეს უკვე ვიცოდი... დაძინებამდე დედაჩემს ვუთხარი და პირველად ვიგემე დედაჩემის ხელები, მერე - მამაჩემის...

მეორე დღეს სრულიად სანათესაოს უხუცესებმა მოიყარეს თავი და უნდა გამოეტანათ განაჩენი... ან ლექსოს უნდა წავეყვანე ცოლად, ან ბავშვი უნდა მოეშორებინათ.... ერთი კვირის თავზე გაიგეს, რომ ვეღარ მათხოვებდნენ და ამასობაში უკვე მთელმა სოფელმა იცოდა, რომ შერცხვენილი ვიყავი, ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია ოჯახისთვის,.სოფლის რეაქცია, რომლისთვისაც შვილიც უნდა შეეწირათ და უცოდველი პატარაც...

გინეკოლოგმა, აბორტი ვერ გაკეთდება, 5 თვის არის ორსულიო. მოკლედ, ხსნა ვერსაიდან მოიძებნა, ცოტათი მაინც რომ გადაგვერჩინა ოჯახის „ღირსება“...

ერთი წამით ვერ დავიჯერებ, რომ დედაჩემს და მამაჩემს არ ვეცოდებოდი, არ ვუყვარდი, არ განიცდიდნენ, არ მითანგრძნობდნენ, მაგრამ ამაზე მაღლა იდგა შეხედულება, ჩვენზე რას იტყვის ხალხი. ყველაფერი მესმოდა, რას ამბობდნენ მეზობლები, მიუხედავად იმისა, რომ ოთახიდან არ გამოვდიოდი, თან ისეთი მეზობლები, რომლებსაც მორალის წაკითხვის უფლებაც კი არ ჰქონდათ...

საბოლოოდ გადაწყდა, მამიდაჩემთან გავეგზავნე გერმანიაში და იქ გამეჩინა ბავშვი. გადაწყდა ისიც, რომ სოფელში, სადაც გავიზარდე, არასდროს ჩამოვსულიყავი; გადაწყდა ისიც, რომ მშობლებმა დაკარგულ შვილად გამომაცხადეს...

ამ ყველაფრის შემდეგ 20 წელი გავიდა, ვარ ემიგრანტი, მარტოხელა დედა, ჩემი გოგო არის ერთადერთი, რომელმაც მომცა ძალა არსებობის, რომელიც ისეთი შვილია, რომ ყველა იმ მეზობელზე და ნათესავზე მაღლა დგას ჩემთვის; რომელსაც არასდროს არავისთვის არ დავთმობ... მე ვისწავლე ჩემი მწარე ცრემლიანი გამოცდილებით, როგორი ვიყო შვილისთვის, როგორ მტკიოდეს, მციოდეს, ვტიროდე, მიხაროდეს მისთვის. ჯერ არ მახსოვს, რამე დაემალა ჩემთვის, ჯერ არ მახსოვს რამე საკითხი ერთად არ გადაგვეწყვიტა, ჯერ არ მახსოვს, აზრი ჩემთვის არ ეკითხა. დღეს ის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია, ამასთანავე საქველმოქმედო ფონდის წევრია და უამრავ გაჭირვებაში მყოფ ოჯახს ეხმარება. ბებიასაც და პაპასაც უხარიათ მისი წარმატებები, მაგრამ აღიარება უჭირთ, ის ხომ ოჯახის შემარცხვენელი შვილის შვილია...

ჩემი შვილი, ჩემი ტკივილის პასუხია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ, მოვეკალით... არასდროს დამავიწყდება, ჩემი დაორსულების ამბავს მთელი სანათესაო და სოფელი რომ განიხილავდა... 

პ.ს. არავინ და არაფერი ღირს იმად, რომ შვილზე თქვათ უარი. შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული. ვერც ერთი მეზობელი და ნათესავი ვერ გაგიწევთ შვილის მაგივრობას. ბავშვობიდანვე აგრძნობინეთ, რომ შეუძლიათ დაგეყრდნოთ".
13731
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ტატა
0
ბედნიერი გამყოფოთ ღმერთმა...ჯობია ყველამ თავის ცხოვებას მიხედოს!არავინ არ იცის ხვალ ვის რა ელოდება..
16:33 / 16-03-2019
ხატია
0
ჩემთვის ჩემი შვილი ყველაზე მაღლა დგას.არ დამაინტერესა ერთი წამითაც კი რას ამბობდა შინაური და გარეული.როგორ შეიძლება შვილს ზურგი აქციო.ახლა უტკბილესი გაბრიელი გვყავს..
11:43 / 14-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```