"ვერ ვამბობ, რომ ვიტანჯები, როცა მის მაისურს უცხო სუნამოს სუნი ასდის და საკუთარი თავიც მეზიზღება" - ერთი ქალის ამბავი
"ვერ ვამბობ, რომ ვიტანჯები, როცა მის მაისურს უცხო სუნამოს სუნი ასდის და საკუთარი თავიც მეზიზღება" - ერთი ქალის ამბავი
ორი დღის წინ ძველ მეგობარს შევხვდი შემთხვევით. ქმარ-შვილთან ერთად სასექტემბრო საყიდლებზე დადიოდა სავაჭრო ცენტრში. სამი უფროსი ბიჭი სახლში დაეტოვებინა, ნაბოლარა ცისფერთვალება ფერია კი ყვავილივით მიჰკროდა მამას მკერდზე.

წლები არ მყავდა ნანახი, არც შეცვლილიყო. ისევ ისეთი ლამაზი და ტანადი იყო, მიუხედავად ოთხი შვილისა. მხოლოდ, თვალები აღარ უციმციმებდა უწინდებურად, თითქოს, მზერასაც მარიდებდა.
სიხარულით ჩავეკონეთ ერთმანეთს და თბილად დავშორდით.

დღეს დამირეკა. გამიხარდა. გულწრფელად გამოვხატე ჩემი სიხარული და აღფრთოვანება მისი სამაგალითო ოჯახის მიმართ. ჩემს სიტყვებს მისი მხრიდან დუმილი მოჰყვა. მეგონა, ტელეფონი გაითიშა, დავუძახე.

-
შენ ვერ დაგიმალავ, ნინო, შვილები მყავს, ქმარი -არა! - მითხრა გაბზარული ხმით და მომიყვა, როგორ ჩააკითხა ქმარს პატარა ქალაქში, სადაც ერთი თვით იყო გაგზავნილი სამსახურიდან. როგორ ფრთაშესხმული მიდიოდა და ბედნიერი ღიმილით გეგმავდა, როდის და როგორ ეთქვა ქმრისთვის, რომ თავის სხეულში ახალ სიცოცხლეს ატარებდა - სამი ბიჭის მერე ნანატრ გოგონას. შეხვედრისთანავე მიეხარებინა, თუ ღამეს დალოდებოდა - ვარსკვლავებიან ცას და სანთლის შუქზე ვახშამს...
მონატრებული შეხვედრის რომანტიკული წარმოსახვა ღალატის სასტიკმა რეალობამ სამუდამოდ გააცამტვერა და დაასამარა...

მერე ბუნდოვნად ახსოვს, როგორ უჭერდა ყელში უჰაერობა, როგორ გარბოდა გარეთ, მაგრამ არც უცხო ქალაქში იყო მისი სამყოფი ჰაერი, არც ქვეყანაში, არც
სამყაროში...

- საკუთარ თავს ვეღარ ვიტან, - მითხრა აკანკალებული ხმით. - არავინ არაფერი იცის, ყველას ბედნიერი ოჯახი ვგონივართ, მე კი სიმართლეს ვერ ვამბობ, ვერ ვამბობ, რომ იმ დღის მერე ჩემი ქმრის დანახვაზეც კი უჰაერობა მიჭერს ყელში. ვერ ვამბობ, რომ ვიტანჯები, როცა მის მაისურს უცხო სუნამოს სუნი ასდის და საკუთარი თავიც მეზიზღება, რადგან ვიტყუები, ამ უთქმელობით ვიტყუები. თავიდან ვტიროდი და ვჩხუბობდი, ახლა გული გავიქვავე, ქალობა დავასამარე. ახლა მხოლოდ დედა ვარ, მხოლოდ შვილებისთვის ვცხოვრობ. გუშინ რომ დაგინახე, საკუთარი თავი შემზიზღდა. გამახსენდა, ვინ და როგორი ვიყავი ადრე და ჩემი ახლანდელი ყოფა ვერ ავიტანე. ვერ შევძელი, შენთან გულწრფელი არ ვყოფილიყავი. იქნებ, გერჩივნა, მაგრამ ვერ შევძელი შენთან გაჩუმება, შენი მოტყუება... შვილებსაც ვერ ვუყურებ თვალებში, ვერ ვეუბნები, რომ მათი მამა მოღალატე ნაძირალაა. პატარები არიან, ვერ გაიგებენ. ერთი და ორი მაინც მყავდეს, საერთოდ გადავიკარგებოდი ქვეყნიდან, ოთხი ბავშვით სად წავიდე? როგორ უნდა ვიცხოვრო ასე... გულგაციებულმა.. მითხარი, როგორ?. რატომ?.. როდემდე?.. - ქვითინი აუვარდა.

ცრემლები ღაპაღუპით მცვიოდა, მაგრამ პასუხი არ მქონდა... იქნებ, თქვენ იცით...

ნინო ვეკუა
3228
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ღმერთო ყველას უშველე, მეგონა მე ვიყავი მარტო მაგ დღეში
11:46 / 01-10-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```