"ბავშვზე შეტევით წარმოაჩინა თავი მომთხოვნ დედად, რომელიც არასდროს დაუშვებს დავალების გარეშე შვილის სკოლაში გაშვებას"
ამ ფაქტს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის წინ შევესწარი. გამომდინარე იქედან, რომ მსგავს თემებს mshoblebi.ge აქტიურად აშუქებს, გადავწყვიტე, ეს ამბავი თქვენთვის მომეწერა:
სკოლის შესასვლელთან რამდენიმე მშობელი იდგა, სავარაუდოდ, პირველკლასელ შვილებს ელოდებოდნენ. მოულოდნელად ხმაური შემომესმა, დედა ჯიუტად უბრიალებდა შვილს თვალებს და უყვიროდა: "არ მაინტერესებს, აქვე დაწერ დავალებას". გოგონა დაახლოებით 8-9 წლის იქნებოდა, როგორც ჩანს, დედის გაბრაზების მიზეზი ის გახდა, რომ სხვა მშობლისგან გაიგო დავალების შესახებ, რომელიც შვილს არ ჰქონდა შესრულებული.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სკოლა არის გზის პირას და შესასვლეთან, სადაც ეს ამბავი ხდება, უამრავი ადამიანი გადი-გამოდის. სულ რომ მოინდომოს ბავშვმა დავალების შესრულება, ჩნდება კითხვა, სად უნდა დაწეროს, რამდენ ხანში უნდა მოასწროს ან როგორ? თავი დავანებოთ იმას, რომ ასეთი წნეხის და ფსიქიკური ძალადობის ფონზე, რამდენად კარგად შეძლებს თავი გაართვას დედის მოთხოვნებს, ცალკე საკითხია...
ძალიან მიჭირს ავხსნა მშობლის საქციელი, რომელიც იმ წუთას ალბათ საკუთარ შვილზე მეტად ყველა დანარჩენს უწევდა ანგარიშს. ფიქრობდა იმაზე, როგორ შეიტყო სხვა მშობლისგან, რომ თურმე დავალება ჰქონია ბავშვს დასაწერი, ბავშვზე შეტევით წარმოაჩინა თავი მომთხოვნ დედად, რომელიც არასდროს დაუშვებს დავალების გარეშე შვილის სკოლაში გაშვებას...
ცხადია, ყველას თავისი აღზრდის მეთოდები აქვს და საკუთარი დამოკიდებულება, თუ როგორ მისცეს შვილს განათლება, თუმცა ბავშვის ასე სახლახოდ შერცხვენით, მან იმაზე ბევრად მეტი დააშავა, ვიდრე მოსწავლის სკოლაში დავალების გარეშე მისვლაა“.
როგორ იწყება გაუცხოება მშობლებსა და შვილებს შორის - ემოციური ვიდეო
მანანა, 36 წლის
როგორ მოვამზადოთ სასკოლო დავალებები სტრესის გარეშე – რჩევები მშობლებს