"ერთ დღესაც როცა ბინის კარები შევაღე უჩვეულო სიჩუმე დამხვდა. მაგიდაზე არ იდო გაურეცხავი ჭურჭელი..."
ცოლ-ქმრის ურთიერთობაში არაერთხელ დგება რთული მომენტები, ხანდახან წყვილებს ბეწვის ხიდზეც უწევთ გავლა, რომ ურთიერთობა გადაარჩინონ. ზოგი იმ გადაწყვეტილებამდეც კი მიდის, რომ ოჯახის დანგრევა გარდაუვალი ხდება. სწორედ ცოლქმრულ პრობლემებზე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას ჩვენი აქტიური მკითხველი.
"24 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მე და ჩემს მეუღლეს სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი. დაოჯახებიდან ერთი თვის თავზე ცალკე გადავედით საცხოვრებლად. მე პოლიგრფიულ სტამბაში ვმუშაობ წარმოების უფროსად, ის კი ამ ეტაპზე უმუშევარია. წლების განმავლობაში კურიერად მუშაობდა. ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ამიტომ მოუწია სამსახურისთვის თავის დანებება.
ცხადია, ოჯახში შემოსავალი რომ შეგვიმცირდა, პრობლემები გაჩნდა, თან ორი პატარა გვყავდა. სულ ვცდილობდი ზურას მხარდაჭერას, ვგრძნობდი, თვითონაც როგორ განიცდიდა. თუმცა რაზეც ახლა მინდა დავწერო, ჩვენს ფინანსურ პრობლემებს არ ეხება.
მახსოვს, სამსახურიდან დაბრუნებულს რამდენი რამის გაკეთება მიწევდა - სახლის საქმე, ბავშვების მოწესრიგება, საჭმლის მომზადება. როცა ზურა სამსახურიდან წამოვიდა, რამდენიმე დღე უხასიათოდ იყო. მეც არაფერს ვეუბნებოდი.
ერთ დღესაც, როცა ბინის კარი შევაღე, უჩვეულო სიჩუმე დამხვდა. მაგიდაზე არ იდო გაურეცხავი ჭურჭელი. ფეხებში არ მედებოდა ბავშვების სათამაშოები, უფრო მეტიც, ცხელი კერძი დამხვდა გაზქურაზე და როცა საძინებელი ოთახისკენ შევიხედე, ჩემს ორ შვილს და მეუღლეს ერთმანეთზე მიხუტებულებს ეძინათ. მაშინ პირველად დავფიქრდი, რამხელა მნიშველობა აქვს, როცა ცოლ-ქმარი პრობლემას თანაბრად იზიარებს. ასე მგონია, არაფერი გაანელებდა ჩემი ქმრის სიყვარულს, მაგრამ მისი ასეთი დამოკიდებულებით უფრო მეტად მიყვარდებოდა. ის გრძნობდა პასუხისმგებლობას, ის გრძნობდა, რომ რაღაცით შეეძლო დამხმარებოდა, ნაცვლად იმისა, რომ დღე და ღამე ეწუწუნა სამსახურზე, როცა უხელფასოდ დარჩა.
იმ თვის ბოლოს, ჩემი ხალფასიდან გარკვეული თანხა ქურთუკის ჯიბეში ჩავუცურე. ჩემი დედამთილის დაბადების დღე იყო და მინდოდა გაეხარებინა. აქამდე სულ თავისი ფულით ყიდულობდა საჩუქრებს, არ მინდოდა ეფიქრა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მიდგომები შეგვეცვალა. გვიყვარდა, გვიყვარს ერთმანეთი და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, სახლს ვინ დაალაგებს, ბავშვებს ვინ დააპურებს.
ერთი წელი გავიდა, რაც ოფიციალურ სამსახურში არ გასულა. სახლში დაიწყო ბავშვების მომზადება მათემატიკაში. მართალია, იმდენი არ აქვს ანაზღაურება, რამდენიც კურიერად მუშაობის დროს ჰქონდა, მაგრამ მაინც ცდილობს, რომ გვერდში დაგვიდგეს, პარალელურად საოჯახო საქმეებში მუდმივად მეხმარება.
ვფიქრობ, ერთმანეთს ძალიან გავუგეთ გაჭირვების დროს. მისთვის ისტერიკები რომ მომეწყო და ყოველდღე შემეხსენებინა, რა ცუდ დღეში ვარ, როცა არ მუშაობს, ალბათ ჩვენი ურთიერთობიდან ნამსხვრევები დარჩებოდა.
ჩვენ ამბავს იმიტომ გიზიარებთ, რომ ბევრი წყვილი ხვდება მსგავსი დაბრკოლებების წინაშე. ვფიქრობ, რომ მთავარია ერთმანეთს გავუგოთ და თანაბრად ვიფიქროთ იმ პასუხისმგებლობებზე, რაც ცოლქმრულ ურთიერთობებს ახლავს თან. პრობლემებიდან თავის დასაღწევად, გაქცევა ყველაზე ცუდი გზაა.
ელენე, 36 წლის"