40 წლის ასაკში გავიგე, რომ არასასურველი შვილი ვიყავი... რომ დედას აბორტის გაკეთება უნდოდა... წამლებს სვამდა... ალბათ სხვა საოცარ რამეებსაც შვრებოდა, რასაც მაშინ შვრებოდნენ ქალები გაუცნობიერებლად, არასასურველი ნაყოფის მოსაშორებლად...
მაშინ, საბჭოთა საქართველოში ხომ, ისევე, როგორც დანარჩენ საბჭოეთში, აბორტი არ მიიჩნეოდა დიდ პრობლემად და ზოგიერთი ქალი ამაყობდა კიდეც, 25-30 და მეტი აბორტი რომ ჰქონდა გაკეთებული... მეთოდებიც ბევრი ჰქონდათ, მცირე ნაყოფის მოსაცილებლად, სანამ აბორტამდე მივიდოდნენ...
აღმოჩნდა, რომ დედამ ეს ბევრი მეთოდი სცადა - მათ შორის, კიბეებიდან გადმოხტომა და რაღაც წამლებიც დაულევია... თუმცა, ეტყობა ძალიან მინდოდა სიცოცხლე და გადავრჩი... სასწაულად გადავრჩი... თუმცა...
ეს ამბავი ახლა გავიგე, რომ დედას არ ვუნდოდი, იმიტომ, რომ მეორე შვილი ვიყავი მიყოლებით, ზუსტად მშობიარობიდან 3 თვეში... იმიტომ, რომ მამა ძაან უშლიდა ნერვებს, ეკონომიურად უჭირდათ და ა.შ. და ა.შ. თუმცა სანამ გავიგებდი, მთელი ცხოვრება მქონდა განცდა არასრულფასოვნების, თავდაუჯერებლობის, მთელი ცხოვრება ვეძებდი ადამიანებს, ვისაც ვეყვარებოდი და თან სულ ეჭვი მეპარებოდა ყველას სიყვარულში. სულ ვამტკიცებდი, რომ კარგი ვარ, სიყვარულის ღირსი ვარ...
სახლში სითბო და ყურადღება არ მაკლდა, მაგრამ მაინც რაღაც, ქვეცნობიერი, ალბათ იმ არასასურველი ნაყოფის დროიდან ჩარჩენილი არ მასვენებდა.
ნაყოფის ჯანმრთელობაზეც, როგორც ჩანს, მაინც იქონია გავლენა მცდელობებმა. საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა გონებრივი განვითარება, მიჭირდა სწავლა, სულ ვცდილობდი, სულ ვშრომობდი და არ მომყვებოდა გონებრივი შესაძლებლობები. მერე ისევ ბევრი შრომით მივაღწიე, რასაც მივაღწიე. მაგრამ ახლაც თითქოს ცოტა შენელებული მაქვს მეხსიერებაც, აღქმაც, ემოციებიც...
ახლა რომ გავიგე, რომ თურმე არ ვუნდოდი, ყველაფერი უფრო ადვილად გასაგები გახდა ჩემთვის... უბრალოდ იმიტომ დავწერე ეს ყველაფერი, რომ მინდა მშობლებს ვუთხრა - ყოველთვის კარგად გააცნობიერეთ, როდის გინდათ შვილი. კონტრაცეპტივების გამოყენება ადამიანის კულტურის და პასუხისმგებლობის ნიშანია და არაა სირცხვილი... და თუ დარჩით ორსულად, სიხარულით შეხვდით და შეინარჩუნეთ. ნუ აქცევთ შვილებს ნურც აბორტის მსხვერპლებად და ნურც მომავალში აგრძნობინებთ თავს არასასურველად, რომელსაც არ ელოდნენ და რომელიც არ უნდოდათ.
ნანი, 40 წლის