წინაასაახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შედის და დიასახლისები სადღესასწაულო სუფრაზე იწყებენ ზრუნვას. სამზარეულოში ფუსფუსი და სადღესასწაულო კერძების მომზადება ქალბატონებს მოსწონთ კიდეც, თუმცა თუ ოჯახს ორი დიასახლისი ჰყავს, შესაძლოა საახალწლო სუფრისთვის სამზადისი რძალ-დედამთილის ჩხუბში გადაიზარდოს. სწორედ ასეთ შემთხვევაზე გვწერს ჩვენი მკითხველი, გასული წლის გამოცდილებიდან.
"მოკლედ, რაც გინდათ, ის უწოდეთ და დაარქვით ჩემს ამბავს, რაც ახალ წელს გადამხდა თავს. სამზარეულოში ორი ქალის ტრიალი რომ კარგად არ მთავრდება, ეგ ზღაპარია იმასთან შედარებით, რაც მე დამმართა ჩემმა დედამთილმა. 5 წელია გათხოვილი ვარ და თავისუფლება არსად და არაფერში მეღირსა, სუნთქვის საშუალება მაქვს დაკარგული. ვითმენ, ვითმენ ჩემი ქმრის ხათრით ყველაფერს, მაგრამ უფრო მეტად მამცირებს დედამთილი. სხვას არაფერს მოვყვები, ახალი წლის პერიოდიც საკმარია იქნება დასკვნის გამოსატანად.
ერთი სიტყვით, წავედით მე და ჩემი ქმარი საყიდლებზე და მოვიტანეთ პროდუქტი, მანამ სულ მას მოჰქონდა - მე ვიცი კარგი ნიგვზის და ინდაურის არჩევაო, არადა და რომ ჰკითხო, თვალში ვერ იხედება. სარშან ისეთი ნიგოზი მოიტანა, მთელი დღე ვარჩევდით საცივისთვის. წელს კი თურმე გაბრაზებულა, რატომ მე არ წამიყვანესო და ბავშვები მთელი დღე მშივრები დამიტოვა. თავიდან არაფერი უთქვამს, დავიწყე ნამცხვრის გამოცხობა, წინ დამიჯდა და დამიწყო რჩევები, ისე ვკანკალებდი, კვერცხი ხელებში "სალტოებს" აკეთებდა, ახლა კი მეცინება, მაგრამ ცილა რომ უნდა ჩამესხა ჯამში, იმის ნაცვლად გულიანად მივარდებოდა კვერცხები. საბოლოოდ ნამცხვარი გამოვიდა ნამდვილი პროვოკაცია და ამასაც მიზეზი მიეცა, ჩემი რჩევა არ გინდა და არც არაფერი გამოგდის ხელიდანო. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. ახალ წელს ცირკად ხომ არ ვაქცევდი. მერე ქათამი შევდე ღუმელში შესაწვავად და რომ გამოვედი, ტემპერატურა ისე აუწევია, მეზობლის ქალმა იგრძნო დამწვრობის სუნი და შემოგვძახა, ცეცხლი ხომ არ გეკიდებათო... ასე არ დამთავრებულა მისი ოინები, საცივი სქელიაო და ეგეც გამიწყალა. წელს არ ვიცი, რა მელოდება, შარშან ერთიც და მეორეც ვისხედით ბოღმისგან დასიებულები, სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად ცხვირ-პირი ჩამოგვტიროდა. რაც მე დამმართა ჩემმა დედამთილმა ახალ წელს, არავის ვუსურვებ".
ნათია, 25 წლის.