"ალბათ, მოვესწრები ისეთ შობა-ახალ წელს, როცა ჩემს სამსობლობში შვილების გვერდით, მეც მოვირგებ დედაჩემის როლს და დილით მასავით გავაღვიძებ შუბლზე კოვნით ჩემს შვილებს"
შობა-ახალი წლის აღნიშვნა ყველა ოჯახისთვის განსაკუთრებული ემოციის მატარებელია, თუმცა ქართველ ემიგრანტ ქალბატონებს საკუთარი ახლობლებისგან და შვილებისგან შორს უწევთ ყოფნა.
mshoblebi.ge-ს ემიგრაციაში მყოფი არაერთი მოქალაქე წერს საკუთარ განცდებზე. ამჯერად, ერთმა ქალბატონმა გვთხოვა, დედისადმი მიძღვნილი საშობაო წერილი გამოგვექვეყნებინა ანონიმურობის დაცვით, გარკვეული უხერხულობის თავიდან ასაცილებლად:
"ახლა, როცა აქ, ჩემი სამშობლოდან შორს, შობა-ახალი წლის ფიქრები თვალწინ მეშლება და ოჯახის ყველა წევრი ჩემი ფანტაზიით შეხვდა დღესასწაულს, "სკაიპის“ და ტელეფონის იმედად დარჩენილი გულს რას მოვიოხებდი. ათასი სამადლობელი სიტყვა მოვისმინე, იმისთვის, რაც გავუგზავნე შვილებს, ცრემლებიც სადღაც გადავმალე და ტელეფონის ზარი რომ გაწყდა, საწყალი დედაჩემი გამახსენდა. გამახსენდა იმიტომ, რომ რასაც დავპირდი, ვერ ავუსრულე.
ყველაფერს ვაკეთებ ჩემი შვილებისთვის, მაგრამ მისნაირი დედა მაინც არ ვარ. მახსოვს, სტუდენტობის დროს, სოფელში რომ ჩავდიოდი ახალ წელს, როგორი სიხარულით გამოჰქონდა ჩემთვის თავისი დაკოჟრილი და დანაოჭებული ხელებით ჩურჩხელა და ჩირები. სულგუნს სახელდახელოდ ბოლავდა, რადგან მე მიყვარდა. ერთხელ გავუბრაზდი, გაციებული დამხვდა, საწოლში ვერ დავხდები ბავშვსო და აკანკალებული, შეფუთული ელოდებოდა ავტობუსს, რომ დამხვედროდა. ბოლო ახალი წელი ყოფილა ჩვენთვის, როცა დავპირდი, მეც შენსავით ვიზრუნებ ჩემს შვილებზე-მეთქი. მითხრა, განა რა გავაკეთე, ან რას ვაკეთებ ისეთს, რასაც სხვა დედები ვერ აკეთებენო. სოფელი შეგინარჩუნეთ და მამაშენის კერა არ წავაქციო. არ ვიცი, არ ესმოდა მისი როლი, თუ ამ სიტყვებით მამაშვიდებდა, მარა ის სოფლის სახლი ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებებს მიცოცხლებდა...
როგორ მინდა და მინდოდა მეც, აქ ემიგრაციაში კი არა, ჩემს მიწაზე შევხვედროდი შვილებთან ერთად ახალ წელს და დედაჩემივით ცომში ამოგანლულს, სახეზე გაფქვილულს შვილებისთვის დამეცხო ხაჭაპური. აქედან, რომ გავუგზავნე არაფერს ნიშნავს, ვზრუნავ მათზე, ისინიც მიფასებენ ამ ყველაფერს, მაგრამ მაკლია და აკლია ბავშვებს სითბო, რასაც მე დედაჩემი მჩუქნიდა. ალბათ, მოვესწრები ისეთ შობა-ახალ წელს, როცა ჩემს სამშობლობში შვილების გვერდით, მეც მოვირგებ დედაჩემის როლს და დილით მასავით გავაღვიძებ შუბლზე კოცნით ჩემს შვილებს".
ემიგრანტი ქალის წერილი