როცა ბავშვს მშობლების ინტიმური ურთიერთობის ხმები ესმის: "ამ ტრავმას წამლებით ვეღარ განკურნავთ"
როცა ბავშვს მშობლების ინტიმური ურთიერთობის ხმები ესმის: "ამ ტრავმას წამლებით ვეღარ განკურნავთ"

ეს წერილი ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა მოგვწერა. თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, წერილის ავტორის ანონიმურობას ვიცავთ. სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემები არაა ერთეული და ამ თუ სხვა მიზეზებით ბევრი ცოლ-ქმრული კავშირი ირღვევა და ბევრი ოჯახი ინგრევა.
უცვლელად გთავაზობთ წერილს, გამოცდილი ფსიქოლოგის პასუხს მასზე და მკითხველებსაც შეუძლიათ კომენტარებში მხარდაჭერის მიზნით გაუზიარონ ავტორს მსგავსი შემთხვევების შესახებ. 

ვიჭრაჭუნოთ... ბავშვია, ვერ მიხვდება


გამარჯობა. სკამები წრიულად დაალაგეთ, დასხედით და გაგვეცანით.
- გამარჯობა, მე ნატო ვარ და ვაგინიზმით ვარ დაავადებული.
- გამარჯობა,
მე თეონა ვარ და ვაგინიზმით ვარ დაავადებული.
- გამარჯობა, მე თაკო ვარ და ვაგინიზმით ვარ დაავადებული.....

მაინც რამდენი ქალი გგონიათ თქვენ გარშემო ისეთი, ვისთვისაც შეფასებები, რომ სექსი უდიდესი სიამოვნებაა, რომ ეს პროცესი ფრენას ჰგავს, რომ ის სტრესისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებაა, - უბრალოდ მითებია, რომელთანაც მათ არაფერი აკავშირებთ? ბევრი. ასეთი ქალი ჩვენ ირგვლივ ძალიან ბევრია.

ჩემი ისტორია ასეთია: რამდენიმე თვეა, დავოჯახდი და მე ისევ ქალწული ვარ. ამაზე ანონიმურადაც კი ვერ გავბედავდი წერას, ამ თემაზე უდიდეს ინფორმაციას რომ არ გავცნობოდი და არ გამეგო, რომ მე არ ვარ ერთეული შემთხვევა.
ჯერ ვთქვათ, რა არის ვაგინიზმი. ესაა ვაგინალური კუნთების შეკუმშვა, საშოს ისეთი მდგომარეობა, რომლის დროსაც, მასში შეღწევა
შეუძლებელია. ამ რეფლექსური რეაქციის კონტროლი ქალისთვის ძალიან რთულია. მე ეს ამ დრომდე ვერ გადავლახე.

მცდელობა დაოჯახებამდეც იყო, - თუმცა მაშინ ჩემი მდგომარეობის სიმწვავე სწორად ვერ შევაფასე და ვიფიქრე, რომ ეს იმ დოგმების ბრალი იყო, რომელთა გარემოცვაშიც გავიზარდე. ვგულისხმობ იმას, რომ ყოველთვის მესმოდა,- ჯვრისწერის გარეშე სექსი დაუშვებელია. დაოჯახებამდე ჯვარიც დავიწერეთ, მაგრამ უკვე ორი წელია, ყოველი მცდელობა ისევ კუნთების სპაზმითა  და ჩემი საშინელი პანიკით სრულდება. ბევრს არ დავწერ იმაზე, რამდენად სტრესულია ეს მდგომარეობა და რომ ყოველი წარუმატებელი მცდელობა კიდევ ერთ მარცხთან შეჯახებას ნიშნავს. ცალკე საკითხია დანაშაულის შეგრძნება პარტნიორის მიმართ და განცდა, რომ შენი ამ პრობლემით მის ჯანმრთელობასაც აზიანებ.

ვაგინიზმი, ისევე როგორც ყველა დაავადება, რომელიც ჩვენი ტვინიდან მოდის, - ხშირად, დაკავშირებულია ჩვენი ბავშვობის სტრესებთან.
ამ პრობლემის გაცნობიერებიდან მალევე ვიპოვე მთავარი მიზეზი, რამაც ჩემს ტვინში, სხეულში, სრულიად ფსიქიკაში ჩამინერგა რწმენა, რომ სექსი "ხიხიაა".

ჩემი ოჯახი მატერიალური შესაძლებლობებით არასდროს გამოირჩეოდა და თითქმის ყოველთვის, ხუთსულიან ოჯახს ერთ ოთახში უწევდა ცხოვრება. დაახლოებით ხუთი წლის ვიქნებოდი, როცა „ძილი გადამიცდა“, თუმცა მშობლებმა ჩათვალეს, რომ მეძინა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, კარგად მახსოვს სტრესი, რომელიც მივიღე, რადგან მივხვდი, რომ ოთახში „რაღაც ისე ვერ იყო“, რაღაც ზომაზე მეტად ხმაურობდა. ეს იყო პირველი გააზრება, თუმცა - არასრული.
ამის შემდეგაც არაერთხელ მოვისმინე ეს ხმები და მახსოვს, როგორ ვნატრობდი, მალე დამძინებოდა. ერთხელ, იმის გადასამოწმებლად, მართლა მეძინა თუ არა, დამიძახეს კიდეც, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ ხმაც ვერ ამოვიღე. მათ ისევ ჩათვალეს, რომ მე მეძინა...

შვიდი გვერდი რომ დავწერო, მაინც ვერ აღვწერ იმ ტანჯვას, რაც ამ შემთხვევების დროს გადამიტანია.
ამ გამოცდილების ბავშვი ზრდასრულობის ასაკშიც ვერაფრით გააცნობიერებს, რომ სექსი კარგია.
მე დღეს მჭირდება სექსოლოგის დახმარება და თერაპიის კურსი, რომელიც არც ისე იაფია. თუმცა, აუცილებლად მივმართავ სპეციალისტს.

კიდევ ერთი, - მე არასდროს არ მიკითხავს დაოჯახებული გოგოსთვის, არის თუ არა ორსულად. ყველას მინდა გახსოვდეთ, - ეს კითხვა გულისამრევია. ოჯახის წევრიც რომ იყოთ, ეს არაა ვინმეს გრძელი ცხვირისა და დიდი უკანალის საქმე. ჩემი პრობლემის შესახებ ჯერ მხოლოდ მეუღლემ იცის და სპეციალისტების გარდა, ამ თემაზე არავისთან არ ვაპირებ ღიად საუბარს. „მზრუნველი“ ადამიანების კითხვები, ვარ თუ არა ორსულად, უკვე მიჩენს სურვილს, ან ის მოვკლა, ან თავი მოვიკლა.
დაეტიეთ თქვენს საწოლებში, რადგან ისინი, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, ყავაზე ვერ ჩამოგისხდებიან და ამაზე ლაპარაკს ვერ დაგიწყებენ. არ ილაპარაკებენ იმიტომ კი არა, რომ ამაზე ლაპარაკი არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ადვილად ვიჯერებთ ადამიანის გასაჭირს, როცა ვხედავთ, მაგალითად, მის გადახლეჩილ ფეხს, ამოვარდნილ მაჯას. ფსიქიკური პრობლემა ზედაპირზე არ ჩანს. ამიტომ თუ ის არ გამოგიცდიათ, რაც არ უნდა ბევრი გელაპარაკოთ ამაზე, მის მდგომარეობაში ვერ შეხვალთ.

და მთავარი, - რის გამოც გადავწყვიტე ამის დაწერა: თუ შენ გაქვს ოჯახი, გყავს შვილები და ცოლ-ქმარს ჯერ კიდევ არ გაქვთ ცალკე საძინებელი, - ან ეს სივრცე შეიქმენით, ან ყველა მსგავსმა წყვილმა კეთილი ინებოს და მოთოკოს ვნებები. მშობლები ხომ ასე სხაპასხუპით აყალიბებენ ხოლმე, რომ მათთვის შვილებია მთავარი?! ჰოდა, იზრუნეთ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს არაა გრიპი, რომლისგანაც წამლებით განკურნავთ შვილებს. ეს იწვევს დაავადებას, რომელიც წლების შემდეგ გამოვლინდება და თქვენ ამ პრობლემის შესახებ არც კი მოგიყვებათ. თუმცა, ყოველთვის ეცოდინება, რომ დამნაშავე თქვენ ხართ.

კიდევ ერთი, - ვაგინიზმი, ცხადია, ქალების დაავადებაა, მაგრამ არ იფიქროთ, რომ თქვენი დაუფიქრებელი „ჭრაჭუნი“ ბიჭ შვილებზე არ იმოქმედებს. ჩემი ძმის ფრაზა მახსოვს, - მაშინ ის 13-14 წლის იქნებოდა და მისი ნათქვამი მაშინ სერიოზულად ვერ აღვიქვი. მაშინ ერთ გოგოს ეპრანჭებოდა და თქვა ასეთი რამ - ვერ წარმომიდგენია, გოგო მიყვარდეს და მასთან რამე წარმოვიდგინო ან მომინდეს, ისეთი წმინდაა ჩემთვისო. თავდადებული რომანტიკოსის ნათქვამს ჰგავს ხომ? არა, ცხადია, რომ სექსი მასაც "ხიხიად" წარმოედგინა. როგორც ჩანს, მასაც ესმოდა...

ასე რომ, დაფიქრდით ვიდრე ქვემოდან ან ზემოდან მოექცევით. მიმოიხედეთ, - ბავშვი ხომ არაა იქვე. შვილები ოდესმე ფეხებზე დაიკიდებენ თქვენს შფოთვას მის განათლებაზე, თქვენს ბრტყელბრტყელ სადღეგრძელოებს შვილების დღეგრძელობაზე, რადგან თქვენ მას დაუმახინჯებთ მთავარს, - ფსიქიკას".


კომენტარი ვთხოვეთ საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრ “თანადგომას” ფსიქოლოგ მაია ჯიბუტს, რომელიც წერილის ავტორს უფასო ფსიქოოგიური კონსულტაციითაც დაეხმარება და ყველანაირად ეცდება მის დახმარებას:
- პირველ რიგში ეს არის ღრმა ბავშვობის ტრავმა, რაც ვფიქრობ მოგვარებადია... რადგან ამაზე დაიწყო საუბარი, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი... მთავარია მოტივაცია და სურვილი დაეხმაროს საკუთარ თავს... დანარჩენს უშუალოდ მასთან ვისაუბრებთ, როდესაც შევხვდებით...

51633
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
რაც უმფრო..
0
საბჭოთა კავშირის დროს სახელმწიფო აძლევდა ბინას ოჯახებს უფასოდ და რაც უფრო მეტი შვილი ყავდათ, ოთახებიც ემატებოდა ამ ბინებს. ვიცი ბავშვები რომლებიც ოთახების გამო არიან გაკეთებულნი:) მთავარი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში არის სექსის შესახებ ინფორმაციის არ არსებობა ახალგაზრდებში. აქლებს სექსი ცუდი რამ გონიათ, ცოლქმარს შორის სექსი ცოდვად მიაჩნიათ თუ მას ბავშვის ჩასახვის მიზანსურვილი არ ახლავს თან. არადა ღმერთმა ესე შექმნა ადამიანი, რომ მან უნდა ისუნთქოს, ჭამოს, დალიოს წყალი აკეთოს ბევრი რამ და მათ შორის ქონდეს სექსი - რაც ჩვეულებრივი ჯანსაღი ორგანიზმის მოთხოვნილება და საჭიროებაა და ცოდვა და დანაშაული არ არის
20:42 / 09-11-2019
2
მეც არასრულფასოვანი სექსი მაქვს ქმართან იმიტომ რომ 2 ბავშვი ჩვენ ოთახში წევს ,გვერდით ოთახში მაზლი და მოგუდულში ძალიან დავირალეთ ორივე.
19:30 / 12-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?