"შვილები მხოლოდ "გასაპრანჭად" უნდოდა, ისე კი არც დღე ნახულობდა და არც ღამე..." - ყოფილი ძიძის გულახდილი ინტერვიუ
"შვილები მხოლოდ "გასაპრანჭად" უნდოდა, ისე კი არც დღე ნახულობდა და არც ღამე..." - ყოფილი ძიძის გულახდილი ინტერვიუ
ჩვენს რელობაში როდესაც ქალი ისევე დაკავებულია კარიერით თუ უბრალოდ, საარსებო ფულის შოვნით, როგორც მამაკაცი, ძიძის ინსტიტუტი ძალიან აქტუალური გახდა. რთულია, იპოვნო ისეთი ადამიანი, რომელსაც შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს - შვილს ანდობ, ხშირად დიდი ნერვიულობისა და მღელვარების საგანი ხდება ეს თემა, თუმცა, არიან ისეთები ძიძებიც, რომლებიც მათთვის მინდობილ ჩვილებს, საკუთარივით უვლიან და დროის სვლასთან ერთად ბავშვები მათ დედებისა და ბებიებისგან ვერ არჩევენ. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ბევრი სმენია ძიძისგან გაქურდულ ოჯახზე, ბავშვის მიმართ ძიძის უხეშ ქცევაზე და.ა.შ, მაგრამ ის რასაც ჩვენი რესპონდენტი
ანონიმურად გვიყვება, ნამდვილად ამჯერად მეორე მხარეს "ამხელს". ეს ქალბატონი 55 წლისაა და თითქმის 10 წელი სხვადასხვა ოჯახში ძიძად იმუშავა. ამჟამად საზღვარგარეთ არის, სადაც მოხუც ქალბატონს უვლის და მიღებული შემოსავლის დიდ ნაწილს საქართველოში გზავნის. ქალბატონ ნინოს მიაჩნია, რომ მედიაში ძიძები ძალიან ცალმხრივად არიან წარმოჩენილი, ამიტომ გაუჩნდა სურვილი, საკუთარი ამბები მოეყოლა.

- მოგვიყევით, დაახლოებით რა პერიოდში დაიწყეთ ძიძად მუშაობა?

- პროფესიით ბიოლოგი ვარ, ქვეყანა რომ აირია, დავრჩი უმუშევარი. შვილებს სწავლისთვის ფინანსური დახმარება სჭირდებოდათ, ვინაიდან ჩემი პროფესიით სამსახური ვერ ვიშოვე, გადავწყვიტე ძიძად მემუშავა. ჩემმა მეზობელმა სულ შემთხვევით გაიგო, რომ მისი ახლობლის ოჯახს, რომელიც თბილისის პრესტიჟულ უბანში ცხოვრობდა, ძიძა სჭირდებოდა

1 წლის ბავშვისთვის, ვიფიქრე, ვცდი ბედს, თუ შევეწყვეთ ერთმანეთს, ხომ კარგი-მეთქი.
ძალიან საპასუხიმგებლო საქმეა ძიძობა, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბა, არაფერი უნდა შეგეშალოს, ეგ კი არა, რაღაც უხერხულ მომენტში რომ მოვიდეს მშობელი და ნახოს, მისი შვილი თუნდაც პირმოსაწმენდი დადის, უკვე შენიშვნას მოგცემს და იმასაც ვერ დააჯერებ, რომ ერთი წუთის წინ დაისვარა.
საბედნიეროდ, პირველად ძალიან კარგი ოჯახი შემხვდა, მაგრამ იქ სულ რაღაც 2 წელი ვიმუშავე, მერე ბავშვი ბაღში მიიყვანეს და ჩემი საჭიროება აღარ იყო. თავადვე იზრუნეს ჩემს დასაქმებაზე და მათსავე ახლობლის ოჯახში გადამამისამართეს. იქაც აღსაზრდელი 2 წლამდე ბავშვი დამხვდა, რომელიც უკვე ისე იყო მშობლებისგან გათამამებული, ვერაფერს შეასმენდი. დედა, 25 წლის გოგო იყო, რომელიც არც სწავლობდა და არც მუშაობდა, ან რად უნდოდა მუშაობა, ბიზნესმენის ცოლი გახლდათ, არაფერი აკლდა, პირველი რაც შემოდიოდა ქალაქში, მისი იყო. მათთან რომ დავიწყე მუშაობა, სახლში დამხმარე ჰყავდათ, მე მხოლოდ ბავშვის საქმე მევალებოდა. ჩემამდე სხვა ძიძა ჰყოლიათ, რომელიც პატარას ორი კვირის ასაკიდან (!) უვლიდა. მერე რაღაც დაავადება გასჩენია და მისი შეცვლის საჭიროებაც ამიტომ დადგა.
კი მიკვირდა, ნეტა საერთოდ რად უნდა ძიძა-თქო, მაგრამ მერე მივხვდი ყველაფერს.
არ ვიცი, ღამით რომელ სააათზე იძინებდნენ, მაგრამ მე 9 საათზე უკვე მათთან ვიყავი და ბავშვი ტირილით დაქანცული, გამოუცვლელი და მშიერი მხვდებოდა. ბუნებრივია, მე ჩემს საქმეს ვასრულებდი, ვაჭმევდი, ვუცვლიდი, ვაწესრიგებდი პატარას. დედა 12-1 საათზე ისე ადგებოდა, დალევდა ყავას და წასასვლელად მოემზადებოდა, ერთს არ იკითხავდა ბავშვის ამბავს, მოფერებაზე ლაპარაკი ზედმეტია. სად მიდიოდა და რატომ, მაგას მე ვინ მეტყოდა?! ან რა უფლებით ვიკითხავდი, მაგრამ ისე მოდიოდა ჩემი წასვლის დრო, ეს გოგო სახლში არ შემოდიოდა. გამონაკლისი მარტო ის შემთხვევები იყო, როცა მაღაზიებში ახალი კოლექციები შემოჰქონდათ. წავიდოდა, მოუტანდა ბავშვს ერთი მეორეზე უკეთეს ტანსაცმელს, სულ ბრენდებს და ძვირად ღირებულს, რომელსაც სადაქალოში წაყვანის წინ დიდი მონდომებით აცმევდა. ყოფილა შემთხვევა, მძინარე ბავშვი მხოლოდ იმისთვის გაუღვიძებია, რომ ახალი შარვალი მოესინჯებინა. მოკლედ, ბერვი რომ არ გავაგრძელო, მე და ბავშვის დედა, ფაქტობრივად სულ რაღაც ნახევარი საათი ვკონტაქტობდით. იღვიძებდა თუ არა, გადიოდა, მე ბავშვს დაძინებულს ვტოვებდი და ისიც ჩემს წასვლამდე ნახევარი საათით ადრე ბრუნდებოდა და ამაზეც წუწუნებდა, ამბობდა, ღამის ძიძახ უნდა დავიქირავოო... არადა ბავშვი ღამე არ იღვიძებდა, დილამდე მშვიდად ეძინა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი მთალიანად მე მომაბარა და თვითონ კაფიდან კაფეში დაადიოდა, მისი „საზრუნავი“ მხოლოდ ბრენდული სამოსი იყო, ძირითად საფიქრალს კი „ხვალ, სად გავერთოთ“ წარმოადგენდა.
მერე მოხდა ისე, რომ მათი დამხმარე ქალი წავიდა, მთხოვეს, მისი ფუნქციებიც შემეთავსებინა და შესაბამისად ამინაზღაურებდნენ. ბავშვი უკვე წამოზრდილი იყო, მოჩვეულიც მყავდა და ვიფიქრე, თავს გავართმევ ყველაფერს ერთად, სულ კუდში დევნა მაინც აღარ უნდა ბავშვს-მეთქი. ძალიან კი ვიღლებოდი, მაგრამ კარგად მიხდიდნენ და ამიტომ არ ვწუწუნებდი. ოჯახის დიასახლისი, როგორი დედაც იყო, იმაზე ბევრად უარესი მეოჯახე აღმოჩნდა. საღამოს, ჩემი წასვლის შემდეგ, რასაც შეჭამდენენ და დალევდნენ, იქვე ყრიდნენ, ჭურჭელი ნიჟარამდეც კი არ მიჰქონდა, გარეცხვაზე აღარაფერს ვამბობ. ორშაბათს მისულს შაბათ-კვირის დაგროვილი ჭურჭელი მხვდებოდა, სახლი კი, მაპატიეთ, მაგრამ საღორეს ჰგავდა.
ამასობაში 2 წელი გავიდა, ბავშვი გაიზარდა, დედასთან ურთიერთობის მოთხოვნილება უჩნდებოდა, რამდენჯერ ატირებულს დაუძინია, დედას ითხოვდა. ბუნებრივია, ვურეკავდი მოკრძალებით, რომ იქნებ მოსულიყო, მაგრამ ხან ტელეფონსაც კი გვითიშავდა, კინოში ჯდომა და კაფეში ყავის დალევა ერჩივნა შვილთან ყოფნას. იმ შვილთან, რომელსაც მისგან სითბოს მეტი არაფერი სჭირდებოდა. რაც გასაკეთებელი იყო, მე ვუკეთებდი, დედისგან მხოლოდ მოფერება უნდოდა, ამ ახალგაზრდა გოგოს კი 1 საათის გატარება არ უნდოდა შვილთან. ბავშვის საცოდაობით ვიწვებოდი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. ხან დღეში სამჯერ შემოივლიდა სახლში ტასნაცმლის გამოსაცვლელად, „ამ ლუქით იქ ვერ დავჯდებიო“ - იტყოდა ხოლმე. არადა, როცა ბავშვი დაურეკავდა, დედა, მომენატრე და მოდიო, ყურს არ იბერტყავდა, მის ლოდინში ჩაეძინებოდა ხოლმე თვალცრემლიან პატარს. შაბათ-კვირას, როცა მე ვისვენებდი, ბავშვს ბებია-ბაბუასთან, ქალაქგარეთა აგარაკზე უშვებდა... ბავშვი მხოლოდ იმისთვის ჰყავდა, რომ ქმართან რაიმე საერთო ჰქონოდა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ოჯახის იმიჯი შეექმნა. უბედურება ისაა, რომ რასაც მე ვუყურებდი, არ გახლდათ გამონაკლისი და რასაკვირველია, ახლაც ბევრია სწორედ ასე. მისი დაქალებიც ისევე ცხოვრობდნენ, როგორც ეს გოგონა, მათაც ანალოგიურად ჰყავდათ შვილები ძიძებისთვის მიბარებული, ან ბებიებისთვის და ჩვენთან რომ მოდიოდნენ, კიდევ მათზე საუბრობდნენ აუგად. არ ვიცი, რა უნდა იყოს შენს შვილთან ყოფნაზე უკეთესი, მით უმეტეს მაშინ, როცა საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელი, სითბო და ა.შ. საზრუნავი არ გაქვს. აბა, ჩვენ რა უნდა გვექნა, რა პირობებში დავზარდეთ ჩვენ შვილები?! ისე შემიყვარდა ეს ბავშვი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩემი გაზრდილია, რომ ჩემი შვილებისგან ვერ ვარჩევ ახლაც.


- როგორც ვიცი, მერე სხვა ოჯახში გადახვედით...

- დიახ, სასკოლე რომ გახდა პატარა, ისეთი სკოლა იპოვეს, საკმაოდ ძვირად ღირებული, სადაც 7 საათამდე ტოვებდნენ ბავშვს და მერე მამას გამოჰყავდა. ამიტომ მე აღარ ვიყავი საჭირო, მხოლოდ მოახლის ფუნქციები კი არ მინდოდა შემესრულებინა. წამოვედი და დამხმარედ სხვა აიყვანეს. მერე ერთი წელი ვიყავი კიდევ ერთ ოჯახში, სადაც ის ერთი წელიც როგორ გავძელი, არ ვიცი. ამჯერად დედა სულ სახლში იყო, მაგრამ არც მას აინტერესებდა შვილები - გამუდმებულ დეპრესიაში ბრძანდებოდა. ფიქრობდა, რომ ქმარი ღალატობდა და დღე და ღამე ამაზე ფიქრობდა, წამლებს სვამდა, ათას ადგილას რეკავდა, დეტექტივი ჰყავდა დაქირავებული და მთელი დღე მხოლოდ იმის გარკვევაში იყო, მისი ქმარი სად და ვისთან იმყოფებოდა. მე და ბავშვები ცალკე ოთახში ვიყავით, ის - ცალკე და ფაქტობრივად, თავისთვის ცხოვრობდა... არადა, არც მას აკლდა არაფერი ამ ქვეყანაზე და ისღა დარჩენოდა, ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ არა...
ვერ გავუძელი მის დეპრესიებს, ნერვიულობას. მით უმეტეს, რომ მერე შენიშვნებზე გადავიდა - გამუდმებით წუხდა იმაზე, რომ ბავშვები ხმაურობდნენ. 4 და 7 წლის ბავშვებს ხმა არ უნდა ამოეღოთ და ისე მსხდარიყვნენ მთელი დღე? ვერ გავუძელი, ამ ბავშვების ცოდვით ვიწვოდი და წამოვედი... მას მერე აღარ მიცდია ძიძობა, ძალიან ტრავმირებული ვარ. მეგობარმა უცხოეთში წასვლის შესაძლებლობა მომცა და აღარ ვთქვი უარი... თუმცა ახლა რომ წავიკითხავ ხოლმე რაიმეს ძიძებზე, გული მწყდება. ძალიან ხშირად დედები არანაკლებ ცუდად ექცევიან შვილებს და ძალიან ხშირად ძიძა გაცილებით მეტად არის დედა...

თეკლა ჟვანია


alt”ცოლი მთელი დღე იწვა, ქმარი თავს ევლებოდა, მე - ბავშვს ვზრდიდი...” - ძიძის გულახდილი ჩანაწერების გაგრძელება



alt"დედაჩემი სხვის შვილებს უვლის, მე კი სულ მენატრება..." – როგორია ძიძის შვილობა?


ტეგები: ძიძა
3896
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ata-s
0
თავი ხომ არ ამოიცანი ასე რომ გამწარდი თუ ეჭვი გეპარება რომ ესე არ ხდება
11:50 / 18-03-2019
ატა
7
ფანტაზიას არ უჩივით და რამე სასარგებლო მაინც გააკეთეთ... დადებითისკენ მიმართეთ თქვენი ნიჭი და ზღაპრების წერა დაიწყეთ, სხვაც ნახავს სარგებელს...
12:35 / 17-03-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```