"შვილი გათბობის მილზე მივაბი და მთელი დღე ასე მყავდა... ვსჯიდი კიდევაც და ვცემდი კიდევაც" - რას აღიარებენ ასაკოვანი დედები - მშობლები

"შვილი გათბობის მილზე მივაბი და მთელი დღე ასე მყავდა... ვსჯიდი კიდევაც და ვცემდი კიდევაც" - რას აღიარებენ ასაკოვანი დედები

2019-04-14 18:11:28+04:00

უნდა სცემოს თუ არა დედამ შვილს და თუ უნდა სცემოს, როდის და რა დოზით? შემზარავი კითხვაა, მაგრამ ამ თემას მთელი სერიოზულობით განიხილავდნენ ხანში შესული ქალბატონები ერთ-ერთ კლინიკაში, რომელსაც ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე შეესწრო და პოსტიც მიუძღვნა:
"პალატაში დღის მთავარი თემა ბავშვის აღზრდაა. აი, რა მოგონებებს უზიარებენ 75+ ასაკის ქალბატონები ერთმანეთს:

მოსაუბრე ა: ბავშვი არასდროს მიცემია, გარდა ერთი შემთხვევისა. ჩემს ახალგაზრდობაში თბილისში მანიაკი დადიოდა, 4 წლის იყო ჩემი შვილი ეზოში გავუშვი და აღარ დაბრუნდა. კინაღამ მოვკვდი იმ დღეს. მეორე დღეს ტუალეტის გათბობას მივაბი და მთელი დღე ასე მყავდა, რომ ეს დღე მთელი ცხოვრება დამახსოვრებოდა...

მოსაუბრე ბ: არასდროს ვცემდი ბავშვს. მხოლოდ მაშინ თუ სკოლიდან ცუდ ნიშანს მოიტანდა. იცოდა რომ ოთხიანზე ნაკლებ ნიშანზე დავსჯიდი. ან მე გავულაწუნებდი ან ჩემი ქმარი. სკოლა წითელ დიპლომზე დაამთავრა. მართალია, ეხლა სულ მსაყვედურობს, ფსიქიკა დამინგრიეო, მაგრამ ასე რომ არ მოვქცეულიყავი, უსწავლელი დამრჩებოდა ...

მოსაუბრე გ: ცელქი შვილი მყავდა. მესამე კლასელმა ბიჭმა რომ არ ემეცადინა, ელექტრობა დააზიანა ისე, რომ შუქს ვერ ვანთებდით. ეს რომ ჩემმა ქმარმა გაიგო, კინაღამ თითები დაუმტვრია. მთელი კვირის განმავლობაში, დღისით რომ სკოლიდან ბრუნდებოდა, კუთხეში აყენებდა და მხოლოდ ღამე სვამდა მაგიდასთან სამეცადინოდ, ისიც მხოლოდ სიბნელეში და ვაი მისი ტყავის ბრალი, რამის სწავლა ვერ მოესწრო... ახლა, ალბათ, ასე არ დავსჯიდი შვილს, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და საჭირო იყო.

მოსაუბრე დ: მამაჩემი მეუბნებოდა, ბავშვი ოჯახის სარკე არისო. მეც ამ სიტყვებზე გავიზარდე და შვილებიც ასე გავზარდე. ვსჯიდი კიდევაც და ვცემდი კიდევაც თუ საჭირო იყო. როგორ, დედამ შვილს თმა როგორ ვერ უნდა მოქაჩოს ან როგორ არ უნდა გაულაწუნოს. შვილი მტრად გაზარდე, მოყვასად გამოგადგებაო. ამის მჯერა მე. სულ არაა შვილების გათამამება საჭირო. ზედმეტი არასდროს უქნიათ. თუ იუზრდელებდნენ, ისე შემეძლო დამესაჯა, მთელი თვე ახსოვდათ. მივასიკვდილებდი ხოლმე. კი არიან ახლა მისაბაძები...

მართლა გულწრფელად მაინტერესებს ჩემთვის ყოველგვარი ძალადობა, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს დაუშვებელია, თქვენ როგორ ექცევით ბავშვებს რა მეთოდებს იყენებთ ?" - წერს ნინი ჯაფარიძე.
პოსტს, რა თქმა უნდა, გამოხმაურებაც მოჰყვა:
"კიდევ კარგ დღეშია ეს ქვეყანა"

"ეს ქალები კი მოხუცები არიან, მაგრამ ამათი გაზრდილია დღევანდელი თაობის დიდი ნაწილი... შვილები შვილიშვილები..."

"ყველა მშობელი, ვისაც ბავშვისთვის ერთხელ მაინც დაურტყამს, ყური აუწევია, თქმა მოუქაჩავს თუ სხვა - ყველა გარემოს მიუხედავად, როგორ ჰქონდა ნერვები ან რა ჩაიდინა ბავშვმა - უპირობო მოძალადე და დამნაშავეა"

"ყველაზე ძალიან მეზიზღება ეგ საცოდავი გამოთქმა, ან ვინ საცოდავმა მოიფიქრა შვილი მტრულად გაზარდე მოყვრულად გამოგადგებაო. ვაი მაგის პატრონს. შვილი მტრულად კი არ უნდა გაზარდო და ცემა ტყეპაში ამოხადო სული, არამედ ჯანსაღი აზროვნება ჩამოუყალიბო და აღარც ცემა დასჭირდება და აღარც დასჯა. რომელ განვითარებულ ქვეყანაშია მიღებული, რომ ბავშვს უნდა სცემო? მერე რომ იზრდებიან და მშობლებს ცხოვრებას უნგრევენ, ყველა ღირსია." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

alt "მეც მცემდა დედა... არასოდეს უკითხავს, რა მიჭირდა... არასოდეს ეცალა"

alt"მე რომ მცემდა დედაჩემი, ახლა ქმარი მცემს და ვიტან...!" - რატომ ცემენ საქართველოში შვილებს და რა შედეგები მოჰყვება ამას?

alt"მეზიზღებოდა დედა, რომელიც მცემდა..." - დედების მიერ გულნატკენი შვილების საშინელი ნაამბობი

alt"დედა მცემდა უმოწყალოდ, შავი რეზინის შლანგით..." - დედის მიერ დაწყებული ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა სკოლაში და მოძალადე ქმრის ოჯახი