"22 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. საყვარელ ადამინს ცოლობაზე უარს იმიტომ ხომ ვერ ვეტყოდი, ცალკე საცხოვრებელი რომ არ ჰქონდა, ვფიქრობდი, ორივე ვიმუშავებდით, მშობლებიც დაგვეხმარებოდნენ და დადგებოდა ჩვენი მარტო ცხოვრების დროც, თუმცა ეს ოცნება, ვეჭვობ, ოცნებად დარჩება, რადგან ბინის საყიდელ ფულს ვერადა ვერ მოვაბით თავი. ორი ბავშვი მყავს და 6 ადამიანი ვცხოვრობთ ოროთახიან ბინაში. ახლა რასაც ვწერ, იმდენად არ ეხება ჩვენს მატერიალურ მდგომარეობას, რამდენადაც იმ მანკიერ თვისებებს და ჩვევებს, რომელსაც უფროსები პატარა ბავშვების მიმართ იჩენენ. ძალიან რთულია, როცა საკუთარი შვილების აღზრდისას თავს გახვევენ თავიანთ მოძველებულ მეთოდებს, რაც ჩემს დედამთილს მომეტებულად ახასიათებს. მუდმივი რჩევა, რა ჩავაცვა ბავშვს, თმები შევჭრა თუ არ შევჭრა, რა ვაჭამო, ცოტა არ იყოს გამაღიზიანებელია. ვერ წარმოიდგენთ, რამდენს ვითმენდი, როცა ბავშვები ჩვლები მყავდნენ, მოსულ ნათესავებს სათითაოდ ანახებდა გაშიშვლებულ ბავშვებს და ტაკოებზე ეფერებოდა, თითქოს მხოლოდ ეს გზა იყოს სიყვარულის გამოხატვისთვის საუკეთესო. ყველაზე მწვავე რეაქცია მაქვს, როცა ბავშვებს აშიშვლებენ და ფოტოებს უღებენ, სწორედ ამიტომ ვიჩხუბეთ პირველად. ჩემმა მულმა ფეისბუქზე ატვირთა ჩემი შვილის შიშველი ფოტოები. დედამისს რომ არ ესმის გასაგებია, ჩამორჩა დროს, ის ხომ მაინც ახალგაზრდაა, თან ჩემს შვილებზე მე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს, თუ მათ?! რომ წამოიზარდნენ, ნათესავებს დასანახად მოსთხოვეს ბავშვებს ნიჭის გამოვლენა, აბა იმღერე, იცეკვე, ლექსი ხმამაღლა თქვი... უფროსი ბიჭი ლუკა, ისე დამიკოპლექსეს, სკოლაში ორო წელი ხმას არ იღებდა და არ აქტიურობდა. თან ბავშვები ერთმანეთს დაუპირისპირეს - აი, სალომე რა ყოჩაღია, ცეკვავს, ბებოს გულს ახარებსო. ვერ გავგებინე, რომ ბავშვები ინდივიდუალურები არიან და მათ ფსიქიკაზე ზეწოლა არ შეიძლება. იმაზე აღარაფერს ვამბობს, როგორ უნდა იქცნენ ჩემი შვილები ნასვამი მამათილის გასართობ კლოუნებად. გასაოცარი კი ის არის, რომ ჩემს ქმარს ეს არ აწუხებს.
როგორც გინდათ, ისე გამიგეთ, მაგრამ, ჩემთვის მიუღებელია საწოლზე წამოგორებული ტიტველი ბავშვისთვის ფოტოების გადაღება, სხვების დასანახად პატარების სურვილებზე ძალადობა და დედისთვის ჭკუის სწავლება, როგორ გაზარდოს შვილი. მართალია, ჩემი დედამთილისთვის, "სვეცკი" რძალი ვარ და "ზედმეტი მომდის", მაგრამ მის მანკიერ ჩვევებს ჩემი შვილების ფსიქიკას ვერ შევწირავ.
ანა, 30 წლის.