ოჯახის შექმნის შემდეგ წყვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი, ახალი ვალდებულებების და პასუხისმგებლობის გააზრება იწყება. ამას ემატება გარშემომყოფებისგან დაუსრულებელი კითხვები, "პატარას ხომ არ ელოდებით?" "უკვე დროა, რას უცდით?". ქართულ რეალობაში ეს საკითხი მწვავედ დგას და ხშირ შემთხვევაში, არც ეძებენ მიზეზეზებს, თუ რის გამო შეიძლება იკავებდეს წყვილი თავს ბავშვის გაჩენისგან. აქედან გამოდინარე არ არის მარტივი გუძლო წნეხს, რჩევებს და რეკომენდაციებს, რა ჯობია და როგორ უნდა დაგეგმო ცხოვრება სხვების აზრის გათვალისიწინებით. აღნიშნულ საკითხზე mshoblebi.ge- ს აქტიურმა მკითხველმა საკუთარი გამოცდილება და შეხედულება გაუზიარა:
"ოჯახი მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ შევქმენით. გვიყვარდა ერთმანეთი და მეტნაკლებად გააზრებული გვქონდა რას ნიშნავდა თანაცხოვება. გათხოვებიდან სამი თვის თავზე დაიწყო შემაწუხებელი კითხვები ვიყავი თუ არა ორსულად. გამოგიტყდებით და მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა მე და ჩემს ქმარს არ გავწუხებდა, უბრალოდ, არ გვინდოდა შვილი გვყოლოდა, ყოველ შემთხვევაში ასე მალე. გავიდა სამი წელი და არც მერე არ შეგვიცვლია აზრი, ჩვენ ორივე ვხდებოდით, რომ არ ვიყავით მზად შვილის ყოლისთვის. ამას რაც გინდათ, ის უწოდეთ, გნებავთ ეგოიზმი, მაგრამ არ გვინდოდა ჩვენი სიყვარულის სხვისთვის გაზიარება. ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ფსიქიკურად არ არიან მზად იმისათვის, რომ გახდნენ მშობლები. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და ჩვენს ბედნიერებას არაფერი უშლიდა ხელს, არც სხვების აზრს ვაქცევდით ყურადღებას, მანამ, სანამ არ წამოვიდა ბრალდებები, რომ თითქოს მე ვიყავი უშვილო და ქმარს "ვატრიალებდი" საკუთარ ჭკუაზე, რომ არ მიყვარდა ბავშვები და ა.შ.
ერთ დღესაც დავიბარეთ ჩვენი მშობლები და ვუთხარით, რომ არ ვაპირებდით ბავშვების ყოლას და ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დაგვეხურა. ბოლოსდაბოლოს, ეს ხომ ჩვენი უფლება იყო. მე არავის მოვუწოდებ, რომ უარი თქვან ბავშვის ყოლაზე, ეს წყვილების ნებაა. რატომაღაც მოხდა ისე, რომ არც მე და არც ჩემს ქმარს არ გვინდოდა შვილის ყოლა, ჩვენს ბედნიერებას ხელს ეს არ უშლიდა. სხვისი ჩიჩინის მიუხედავად არც გავაჩენთ პატარას, ეს ჩვენი არჩევანია".
ნანიკო, 31 წლის
მართალია, იშვითად თუ ვნახვათ წყვილს, რომელსაც შვილის ყოლა არ სურს, თუმცა მსოფლიოში არაერთი შემთხვევა ფიქსირდება მსგავსი ფაქტების, რომელიც "ჩაილდფრის" სახელით არის ცნობილი.
ჩაილდფრი – საშიში ტენდენცია, რომელსაც მსოფლიო ვარსკვლავებიც უწყობენ ფეხს
რატომ იღებენ წყვილები მსგავს გადაწყვეტილებას, როგორ ხსნიან ამას ფსიქოლოგები - ამის შესახებ რამდენიმე კითხვით ფსიქოლოგ ნანა ჩიჩუას მივმართეთ.
- ეს ეგზისტენციალური თემაა. თუ კონკრეტულად ცოლ-ქმარს არ გავესაუბრებით, ზედაპირულად ვერ ვიტყვით, რა დგას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღმა. ერთხელ მოხდა ასეთი რამ, კარლ გუსტავ იუნგს გაუგზავნა წერილი ერთმა მეგობარმა და სთხოვა, მოგწერ ერთი ადამიანის სიზმარს და მაინტერესებს თქვენი მოსაზრება ამ სიზმარზეო. მე, რადგან არ ვიცნობ, ამ ადამიანს, არ შემიძლია სიზმრის ასე ახსნაო - უპასუხა იუნგმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, წყვილის გადაწყვეტლებას აქვს ისეთი ქვედინებები, რომ ამ ქვედინებებზე საუბარი მათთან გასაუბრების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩემი საუბარი იქნება ვარაუდებზე დამყარებული.
- როცა წყვილებს არ სურთ ბავშვის ყოლა. ასეთ დროს, რა გავლენის მოხდენა შეუიძლიათ გარშემომყოფებს მათზე?
- გააჩნია, რა ასაკის არიან წყვილები, როგორია მათი სოციალური მდგომარეობა და რა მიზეზს ასახელებენ, თვითონ როგორ ხსნიან თავიანთ გადაწყვეტილებას. ეს დროებიათია თუ საბოლოო. მენტლურად, ჩვენი საზოგადოება ასე ფიქრობს, რომ შვილი ბიოლოგიური სიცოცხლის გაგრძელებაა და თუ წყვილმა ამაზე უარი თქვა მიზანმიმართულად, მათზე ზეგავლენის მოხდენა ფაქტობრივად შეუძლებელია. თუმცა თუ თავად ამ წერილის ავტორი შეწუხებულია გარშემომმყოფების აზრით, მაშინ არსებობს ალბათობა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ადამიანის სიცოცხლე, მხოლოდ ბიოლოგიური არ არის. ადამიანი ბიოფსიქოსოციალური არსებაა. ილია ჭავჭავაძეს არ ჰყავდა შვილი, მაგრამ მან მისი სიცოცხლის გაგრძელება საზოგადოებრივ საქმიანობაში ჰპოვა. სიცოცხლე მარტო ბიოლოგიურ ყოფაში არ ვრცელდება, ვრცელდება შენს საქმიანობაში, მოღვაწეობაში, სოციალურ აქტიურობაში, ასე რომ, როცა შვილის ყოლა არ უნდა ადამიანს, მასზე ფსიქოლოგიურად ვიქმომედოთ, არის ყოვლად დაუშვებელი.
რუსკა კილასონია