"მეგონა, ჩემი "კარგად აღზრდილი" შვილი ამას არ გააკეთებდა, მაგრამ..." - ერთი დედის გულახდილი ნაამბობი
"მეგონა, ჩემი "კარგად აღზრდილი" შვილი ამას არ გააკეთებდა, მაგრამ..." - ერთი დედის გულახდილი ნაამბობი
"თქვენი ვებგვერდის ერთგული მკითხველი ვარ, ხშირად ვეცნობი აქ განთავსებულ სტატიებს, ინტერვიუებს, რჩევებს და დედების ნაამბობს, ჩემნაირი, ჩვეულებრივი დედების. მადლობა, რომ გვაძლევთ საშუალებას, გამოვთქვათ ჩვენი გულისტკივილი თუ სიხარული, გაგიზიაროთ ჩვენი ამბები და ვეძებოთ თანამოაზრეები თუ გულშემატკივრები მკითხველებს შორის... 
ამჯერად მინდა ჩემი ამბავი მოვყვე, იმიტომ, რომ ეს ამბავი ბევრისთვის იქნება ახლობელი, საჭიროც და სამაგალითოც. 

მივიჩნევ, რომ ცუდი დედა არ ვარ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე, ვცდილობ ბევრი დრო დავუთმო ბავშვებს,
სამსახურიც კი ისეთი ვიშოვე, რომ დისტანციურად, სახლიდან ვმუშაობ და შვილებს არაფერს ვაკლებ. პირველ რიგში - სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას. 

ორი შვილი მყავს, ქალ-ვაჟი. გოგონა 4 წლისაა და ბაღში დადის, ბიჭი - 11-ის. ვცდილობ, ზომიერების ფარგლებში ვიყო მკაცრიც და თბილიც. ჯანსაღად ვიკვებებით, ზედმეტად არც ქუჩაში არიან გასულები და არც "სახლში არიან დაბმულები". ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე მათ გვერდით ვარ, ჩართული ვარ ბაღის თუ სკოლის ცხოვრებაში, უფროსი მხოლოდ ერთ წრეზე დამყავს, რომელიც მას უნდა, რომ ზედმეტად არ დავტვირთო და დავუტოვო თავისუფალი დრო. უქმეებზე დავდივართ სადმე ერთად - მეუღლესაც სცალია ამ დროს და ან ქალაქგარეთ გავდივართ, ან ბებო-პაპასთან ან რამე სხვას მოვიფიქრებთ, მაგრამ აუცილებლად ერთად ვართ. მამაც
ცდილობს, იყოს ზომიერად მკაცრი და იმეგობროს ბავშვებთან. ოჯახში არ ისმის გინება, ჩხუბი, სკანდალები, კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან... ეზოსა თუ სკოლა-ბაღში ჩვენი შვილების მისამართით მხოლოდ საქებარი სიტყვები ისმის.

ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები ხაზგასმით, რომ მინდა ჩვენი ზოგადი სურათი წარმოიდგინოთ და შემდეგ გადააბათ იმ ამბავს, რაც მოხდა. მე ლოგიკურ ჯაჭვს ვერ ვხედავ და იქნებ დამეხმაროთ მის პოვნაში... 

ერთი სიტყვით, აქამდე სულ მეგონა, რომ იდეალური ოჯახი მქონდა და ბავშვებსაც კარგად ვზრდიდი. მეამაყებოდა მათი ქცევები და მათი მისამართით მოსმენილი დადებითი კომენტარები... 

ერთ დღეს კი ყველაფერი უკუღმა დატრიალდა და დიდ საგონებელში ვარ ჩავარდნილი...

იმ დღეს პატარა ბაღში იყო, ჩემი ვაჟი სკოლიდან მოვიდა, იმეცადინა და ბავშვებმა დაუძახეს ეზოდან. ჩავუშვი, ოღონდ როგორც ყოველთვის, ხანდახან ფანჯრიდან ვიყურებოდი, რომ დამენახა სად იყო და როგორ - სამწუხაროდ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, თავისუფლად და ლაღად ბავშვს ვერსად ვეღარ გაუშვებ, ეზოშიც კი...

რაღაც მომენტში მაღაზიაში დამჭირდა გასვლა. ჩემს შვილს გავძახე, რომ მალე დავბრუნდებოდი და იქვე, ჩვენს უბანში, მაღაზიისკენ წავედი. უკან მალე დავბრუნდი, თუმცა ეზოში ვეღარ დავინახე ვერავინ. გამიკვირდა. გადავწყვიტე, მომეძებნა, ოღონდ არ დამიძახია ბავშვის სახელი, ჯერ მოვათვალიერე იქაურობა. ჩვენი კორპუსის უკან ვიპოვე და მოულოდნელი სურათი გადამეშალა თვალწინ - სამ ბიჭს ერთი ბიჭი ჰყავდა მომწყვდეული კუთხეში და რაღაც "კარტების" მოცემას აიძულებდნენ, თან საკმაოდ აგრესიულად და უცენზურო სიტყვებით. წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როცა აღმოვაჩინე, რომ აგრესორებს შორის ჩემი შვილიც იდგა... და ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც მისი თანატოლები... 

არ ვიცი, რა დამემართა, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, თავბრუ დამეხვა, ასე მეგონა, წავიქცეოდი და იქვე მოვკვდებოდი... ხმაც კი ჩამიწყდა, ძლივს დავუძახე ბავშვს და სახლში ავიყვანე... ისიც გაოგნდა, არ ელოდა იქ ჩემს დანახვას... შინ რომ ავიყვანე, სიტყვა ვერ ვუთხარი, გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას და ვფიქრობდი, სად დავუშვი შეცდომა... თვითონ ჯერ ჩუმად იყო, მერე მივლიდა გარს, ხან ბოდიშებს მიხდიდა, ხან მპირდებოდა, რომ აღარ გამეორდებოდა მსგავსი რამ, რომ თამაშობდნენ და აჰყვა უბრალოდ მეგობრებს... მაგრამ რა გარანტია მაქვს, რომ იგივეს და უარესს არ იზამს, ან აქამდე არ აკეთებდა, როცა მე ვერ ვხედავდი? 

არაფერი არ მესმოდა. გავნადგურდი და მას მერე მომსპარი ვარ - ფეხქვეშ მაქვს საყრდენი გამოცლილი, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, როგორ მოვექცე მას, რა გავაკეთო, როგორ წარვმართო ჩვენი მომავალი... ჩემი ქმარი ამბობს, რომ ეს არ არის კატასტროფა - ბავშვია და როგორც თანატოლები მოიქცნენ, ისიც ასე მოიქცა. გაიაზრებს და სხვა დროს აღარ გაიმეორებს... იმასაც მეუბნება, თუ გინდა უბანი შევიცვალოთ, სხვაგან გადავიდეთ, ცოტა ნორმალური წრე და გარემოცვა რომ ჰყავდესო... მე უკვე არაფრის აღარ მჯერა, არაფერი არ ვიცი, თითქოს მიმართულება დავკარგე... ინერციით ვაგრძელებ ჩვეულ საქმეებს, გულში და გონებაში სულ ეჭვები მკლავს - იქნებ არასწორად მივდივარ, როგორი იქნება ჩემი "კარგად აღზრდილი" შვილი მომავალში, რა უნდა გავაკეთო?

იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით - ვისაც უკვე მოზრდილი შვილები გყავთ. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე".
ნინო, 37 წლის
13246
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (11)
თამუნა
0
ნუ ღელავთ, ბავშვებს მცირე ასაკში მითუმეტეს არ აქვთ მორალური ზნე-ჩვეულებები ჩამოყალიბებული, ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ და ქცევებს აკოპირებენ, შესაძლოა იფიქროს რომ მასაც ასე არ მოექცნენ და ასეთი ქცევით თავს იცავს, ბავშვს თქვენი გვერდში დგომა და დახმარება სჭირდება, არაფერი არ გჭირთ ტრაგიკული, თქვენი ბიჭი ბევრჯერ გაგახარებთ და გასახელებთ. მიმართეთ სპეციალისტს და დაგილაგებთ ყველაფერს თავის ადგილას. გალაღდით, ბედნიერი ხართ რომ დედა ხართ!
10:05 / 25-09-2019
თეა
2
ნინო, გეტყობათ ჯანსაღი აზროვნება გაქვთ! ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თქვენი შვილი ცუდს არ ჩაიდენს. დარწმუნებული ვარ, თანატოლებს აყვა. ალბათ, მოზარდების უმრავლესობას ახასიათებს მსგავსი ქმედება. მთავარია თქვენს შვილს ქონდეს ნებისყოფა და საკუთარი აზრი - ამ შემთხვევაში საგანგაშო არაფერი იქნება. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება დაელაპარაკოთ თქვენს ვაჟს და ერთად გაარკვიოთ სიტუაცია.
18:12 / 29-05-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?