სოციალურ ქსელებში არაერთი დახურული თუ ღია ჯგუფი არსებობს, რომელშიც გაწევრებული მომხმარებლები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ან მათთვის საინტერესო კითხვებზე იღებენ პასუხებს. ხშირად ეს პროცესი ჯგუფის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება და შეურაცმყოფელი განცხადებებიც ხშირად კეთდება.
აღნიშნულ საკითხზე, ჩვენმა ერთგულმა მკითხველმა ქალბატონმა თავისი გამოცდილება გაგვიზიარა.
„რამდენიმე თვეა ტელეფონი გამიფუჭდა და სოციალურ ქსელსაც მოვწყდი. გუშინ ახლობლის კომპიუტერით ვისარგებლე, შვილიშვილებს ზეიმები ჰქონდათ ბაღში და ვიფიქრე ვნახავ ბავშვები, როგორ გამოიყურებოდნენ.
ჩემს რძალთან სახარბიელო ურთიერთობა არ მაქვს, თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ერთად არ უნდა გვეცხოვრა, ვერც მოასწრო ჩემი გაცნობა, ისე გადავიდა თავის ბინაში საცხოვრებლად ჩემს შვილთან ერთად. არაფერი არ მითქვამს, ახალგაზრდებისთვის ასე ჯობია-თქო. სტუმრად როცა მივდიოდი, არც ეს მოსწონდა და ამის გამო ერთხელ გავბრაზდი. მას მერე აღარ მივსულვარ. ჩემმა შვილმა რომ მკითხა, რატომ აღარ მოდიხარო. ვუპასუხე, როცა მოგენატრებით, თვითონ მინახულეთ-თქო. ხმა არ ამოვიღე, ჩემ გამო რომ არ ეჩხუბათ. ასე და ამგვარად, მოჰყავდა ჩემს შვილს ბავშვები ჩემთან, რძალი არასდროს მოდიოდა. ამას წინათ ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში ახლობელმა ნახა, რას ამბობდა დედამთილებზე და როგორ ილესავდა ენას, თურმე არაფერი კარგი არ ახსოვს ჩემგან, აკლია ყურადღება, ამიტომაც გადავიდა მარტო. როგორც ხდება, ზოგმა რა უპასუხა, ზოგმა რა - და გამასწორეს მიწასთან.
ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ ოჯახის საქმის სახლხოდ გარჩევა არ არის მოსაწონი საქციელი და ამდენი არ ესმის. მეორეც, ვინც არ იცის სიმართლე, ისინი რატომ ლანძღავენ უცნობ ადამიანს. ამ ახლგაზრდებს ავიწყდებათ, რომ თვითონაც გახდებიან დედამთილები და ასაკოვანი ადამიანები. ცალკე მინდა ცხოვრებაო და არ დამიბრკოლებია, სტუმრად მივდიოდი და ზურგი მაქცია. ახლა რას ითხოვს ჩემგან. ჩემი ბრალია, ხმა რომ არ ამოვიღე. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, მისი ტექსტები და კომენატრები ჩემს შვილს ვაჩვენო. თქვენ რას მირჩევდით?"
ლალი, 52 წლის