ჩემი შვილი დაბრუნდა ჩვენთან საცხოვრებლად. დედა ვარ, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მისი ქცევების შემხედვარე დავრწმუნდი, რომ ჩემი სიძე მართალი იყო. გაყრიდან ერთი წლის თავზე გამომიცხადა, ვთხოვდებიო. შოკი მივიღე. ვუთხარი, ერთხელ დაგეგნგრა ოჯახი, ასე მალე როგორ იღებ გადაწყვეტილებას, ხელახლა შექმნა ოჯახი-თქო, ან ის ვინ არის, შვილიან ქალს მიგიღებს-მეთქი? მიპასუხა: “ვუყვარვარ და არ ადარდებს, ერთხელ განათხოვარი რომ ვარო..." ბავშვს რას უპირებ, 4 წლის შვილს, რომელსაც უკვე ყველაფერი ესმის, რას ეტყვი-მეთქი? როგორც ჩანს, ყველაფერზე ჰქონდა პასუხი, თავიდან სახლში ვერ წავიყვან, თანდათან შევაჩვევ და რომ შეუყვარდება, თვითონ მომთხოვს, სახლში მივიყვანოო...
ამის მოსმენა ჩემთვის იყო მეხის გავარდნა, ცხოვრებაში ხელი არ გამირტყია და ისეთი ვუთავაზე, ლამის ყბა ჩამოვუღე. დავემუქრე, სახლში ჩაგკეტავ-მეთქი. ერთ საღმოსაც გაიპარა და შვილიშვილი დამიტოვა.
ერთი წამითაც არ მენაღვლება მისი თავი, ბავშვს სანამ შემეძლება, არაფერს დავაკლებ, უბრალოდ რა ვუპასუხო შვილიშვილს, დედა რომ გაუთხოვდა და თან არ წაიყვანა? სამი თვეა გასული, ვეუბნები, ბებო, დედა სამუშაოდ არის წასული და მალე დაბრუნდება-თქო. ისიც ურეკავს და ატყუებს. მის ქმარს შეგნება რომ ჰქონდეს, პირველივე დღეს ექნებოდა ბავშვის წაყვანსი სურვილი. ახი იქნება, გამოიყენოს და უკან გამოაბრუნოს. მე სახლში არ შემოვუშვებ, არც ჩემს შვილიშვილს სჭირდება ასეთი უპასუხისმგებლო დედა. ჩემი სიძის ოჯახს როგორ უნდა ავუხსნა რამე, ამაზე ფიქრს ცალკე გადავყავარ ჭკუიდან...
ან ასეთი ეგოისტი როგორ გავზარდე, რომ საკუთარი პირადი ცხოვრება ყველაფერზე მაღლა აქვს და ბავშვი ამხელა ტრავმისთვის გაიმეტა - ჯერ მშობლების განქორწინება აჩვენეს, ახლა კი უნდა იფიქროს, რომ დედასაც აღარ სჭირდება..."
დალი, 62 წლის