ხშირად ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში გაცილებით იოლია დედობა, ვიდრე თუნდაც 70-80-იან წლებში, როცა დედები ხელით რეცხავდნენ ბავშვების საფენებს, ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ იყო მარკეტი, სადაც ყველაფერი იყიდებოდა და არ არსებობდა ამდენი დახვეწილი ტექნიკური საშუალება. სინამდვილეში, ყველაზე ძნელი სწორედ ახლაა დედობა. მე, როგორც ორი შვილის დედა, ზუსტად ასე ვფიქრობ და ვიცი, რომ ბევრი მეთანხმება. საკმარისია, რამდენიმე სფერო ჩამოვთვალო, სადაც უბრალოდ ძნელია, „გადარჩე“ ფიზიკურად, მორალურად თუ სულიერად.
მაგალითად, განათლება. ერთ-ერთია, რომელმაც ყველაზე მეტი ნერვები, დრო, ენერგია და ფული წამართვა და კვლავაც ასე გაგრძელდება. სრულიად შეუძლებელია, იპოვო მართლა კარგი სკოლა, ნორმალური ღირებულებებით, სწავლების დონით, წესრიგით, ფასით და ა.შ. იპოვე შედარებით მისაღები ვარიანტი? არ არსებობს, სანერვიულო და თანაც სერიოზული არ გამოგიჩნდეს - ან მასწავლებელი გადაეკიდება შენს შვილს, ან - მეორე ბავშვი, ან ბავშვის დედა, ან - შენს შვილს არა და შენ გადაგეკიდება ეს უკანასკნელი. ან ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდება, ან აღმოჩნდება, რომ თავად ჩაგრავს ვიღაცას, ან ძალიან მაგარი მოსწავლე იქნება და შურით გასკდებიან დანარჩენები, ან - ყველაზე ზარმაცი და ეს შეგიქმნის ბევრ სანერვიულოს. დამამთავრებელ კლასში აღმოაჩენ, რომ ბავშვმა არაფერი არ იცის, დაახვევ რეპეტიტორებს, ჩაყრი უამრავ თანხას და ან ჩააბარებს, ან ვერ. ჩააბარებს, დაამთავრებს და... საეჭვოა, ასე სიმწრით მიღებული განათლების რეალიზება მოახერხოს სადმე...
აღზრდა - ყველა გაფაციცებული შემოგყურებს. მკაცრად ზრდი, ავტორიტარი ხარ, მჩაგვრელი და აგრესორი. ჰუმანურად ზრდი - მეტისმეტად რბილი ხარ და თავხედ ბავშვებს მიიღებ საბოლოოდ. დართავ რაღაცების ნებას, ყველა აგიმხედრდება, ამდენი დათმობა როგორ შეიძლება დედის მხრიდან, არ დართავ და - რატომ უკრძალავ ბავშვს ამდენ რამეს? მედიცინა - ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს ქვეყანაში. ეს ისაა, რამაც ყველაზე დიდი სტრესი გამიჩინა. ჯერ ხომ შვილების დაბადებიდან გაფაციცებული ვარ და სულ მეჩვენება, რომ ბავშვს რაღაც სჭირს. ნებისმიერი პატარა პრობლემა, რომელსაც ალბათ წლების წინ დედები არც მიაქცევდნენ ყურადღებას, ჩემთვის და ჩემნაირებისთვის სერიოზული განგაშის საფუძველია, „რამე უკურნებელი არ იყოს“. წამლები და ვიტამინები? ამოარჩევ ერთს ექიმის რეკომენდაციით, დაალევინებ და ბოლოს აღმოჩნდება, რომ მინიმუმ არაეფექტურ საშუალებას აძლევდი და მაქსიმუმ - საწამლავს. კიდევ კარგი, არის საშუალებები, რომლებიც ასეთ დროს გშველიან და იმედიანად ხარ, საწყის ეტაპზე მაინც რომ ამდენ ქიმიას და გაურკვეველი წარმოშობის პრეპარატს არ მისცემ ბავშვს. ყველა დედას ალბათ თავისი გზა აქვს მოძებნილი. ზოგი ხალხური საშუალებებით ცდილობს საწყის ეტაპზე პრობლემების მოგვარებას, მე და ჩემი სამეგობრო სერიოზულად გაგვიტაცა ქართულმა და აბსოლუტურად უსაფრთხო საშუალებამ „ფაგიომ“, რომელიც ვფიქრობ, რომ პროფილაქტიკისთვის მართლაც საუკეთესოა და ასევე ბაქტერიებთან ბრძოლისას - შეუცვლელი, თანაც ანტიობიოტიკებივით არ ანგრევს ორგანიზმს. როგორც პური, ყველი და მინერალური წყალი მიდგას ლამის სულ მაგიდაზე, ისე მაქვს სულ მაცივარში „ფაგიო“ და წამოაცემინებთ, წამოახველებთ, ყელი შეუწითლდებათ, კანზე გამოაყრით თუ სერიოზულად გაცივდებიან, ნებისმიერ შემთხვევაში საიმედო მაშველივით ვუხმობ ხოლმე. ასევე მაქვს სულ ხელთ ბუნებრივ ანტიობიოტიკებად წოდებული ნიორი, ლიმონი, ზაფხულში ვამზადებ ჟოლოს, მოცვის და ღოღნოშოს მურაბებს და სეზონურ გრიპებთან და გაციებასთან ბრძოლისას მათაც დიდი წარმატებით ვიყენებ.
საკვები - ეს ის თემაა, რომელიც ალბათ ყველა ოჯახისთვის ყველაზე მტკივნეულია. ძლივს ნაშოვნი კაპიკებით არჩევ, არჩევ და არჩევ საუკეთესოს ბავშვებისთვის. გინდა, იყოს ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, სანდო... იყიდი და შეიძლება მეორე დღეს შეიძლება გამოგიცხადონ, რომ ჩვეულებრივ, უვარგის პროდუქტებს „ასაღებდი“ ან კიდევ უფრო უარესი - სიმსივნის გამომწვევს... კიდევ კარგი, ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე საყვარელი მაღაზია და ორი-სამი სანდო ადამიანი მყავს ბაზარში, ვინც ჯერ კიდევ განაპირობებს ჩემს სიმშვიდეს ამ საკითხში... კიდევ გავაგრძელო? ძალიან შორს წავალთ, თუ გავიხსენებ გაჯეტებს, ინტერნეტს, საშიშ და საშინელ ინფორმაციებს, სტრესებს, ნევროზებს, დეპრესიებს და ა.შ. და ა.შ. ამ ყველაფრის გამოვლის შემდეგ რომ უბრალოდ გადარჩე, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ კარგი შვილი უნდა გაზარდო - მართლა გმირი უნდა იყო, ნამდვილი გმირი!