ყოფილი მსახიობი ლალი შიუკაშვილი, რომელიც წლებია ემიგრაციაშია, იხსენებს მისი მსახიობი შვილის - ნიკა ფაიქრიძის ბავშვობის ზეიმის ამბავს, რომელსა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თქვენც გაგაცნობთ ამ მხიარულ ჩანაწერს:
"აქა ამბავი ელიზესი და მეცამეტე ბატისა! აი, იმ ბატის, მესამე რიგში, ხელმარჯვნივ, ბუჩქის გვერდით რომ იდგა და განწირული ხმით ხაოდა: ჰაუუუ, ჰაუუუ!".....
პირველ კლასში იყვნენ! წინასაახალწლოდ კლასის დამრიგებელმა დამირეკა. პირველი ნახევარი საათი იმაზე მესაუბრა, რაოდენ ნიჭიერი შვილი მყავს, რა საინტერესო და საპასუხისმგებლო როლი არგო საახალწლო წარმოდგენაში და მეორე ნახევარი საათი იმაზე, როგორ ძალიან უნდათ საახალწლო წარმოდგენის ვიდეოფირზე აღბეჭდა და "პააატარა სიუჟეტის გამოცხობა" ადგილობრივ ტელევიზიაში!... საუბრის დასასრულს ისიც დასძინა, რომ როლისთვის ნიკუშას ფორმაც დაჭირდებოდა, რისი თანხაც უკვე იკრიბებოდა!
გაბედნიერებული და ამაყი იმით, რომ ჩემს შვილს საპასუხისმგებლო როლი მიცეს და მისი ნიჭიერების ამბავი, მთლად ზესტაფონს თუ არა, გიმნაზიის კედლებს მაინც გაცდებოდა, ვედრებით, ლამის ფეხებში ჩაუვარდი ტელევიზიის დირექტორს, ვიდეო კამერა ვინათხოვრე, გადაღების თანხა ნისიაზე, ხელფასზე დავიწერე, ფორმის ფული მეზობლისგან ვისესხე და კალენდარზე დღეების ათვლა დავიწყე საახალწლო ღონისძიებამდე! ხელფასის ნახევარის დატოვება რომ ვალში მომიწევდა, მაგაზე ვინღა დარდობდა, "რაცხას ვიზამთ"- დავამშვიდეთ ერთმანეთი მე და მამამისმა! დადგა ნანატრი დღე, ყოჩაღად შემოვიგდე მაშინ 40 კილოიანმა ქალმა 10 კილოიანი ,,M7" (გადამღები კამერა) მხარზე და გულაჩქარებული გავშტატივდი წინა რიგში!....
დაიწყო და რა დაიწყო:... კოკროჭინა და ნაცარქექია, დევი და ფასკუნჯი, ნახევარ საათიანი ლექსები დედაზე, მამაზე, სამშობლოზე, ნაძვის ხეზე და ხილ- ბოსტანზე... ნიკუშა არ ჩანს!... მანათებს პროჟექტორი და ვგრძნობ რომ ვდნები ნელნელა... კამერაც უფრო მძიმდება და ჯიუტად მოცურავს ბეჭიდან... სასომიხდილი ვეყრდნობი კედელს და გმირულად ვაგრძელებ გადაღებას...ისევ: დათვები, მგლები, ხუთკუნჭულა, გველეშაპი თუ ფიფქია, ნახევარსაათიანი ტექსტები გაშლილი ხელებით და კისერზე დაბერილი ძარღვებით.... ნიკუშა არ ჩანს... ამასობაში მეორედ ვცვლი კამერის დამტენს და კასეტას... ნიკუშა არ ჩანს! უკვე თვალებში მიბნელდება და თავში ვიღაც უჩინარი უმოწყალოდ მირტყამს ჩაქუჩს! ნიკუშა არ ჩანს! წაქცევას არაფერი მიკლია..... მაგრამ იმის გახსენება, რომ ჩემს შვილს "მთლად" მთავარი და საპასუხისმგებლო როლი აქვს, მაძლებინებს!.. ორსაათიანი ტანჯვის შემდეგ, სცენაზე მეათედ, ახლა უკვე ფერიის ულამაზეს კაბაში გამოწყობილი, ფერიასავით ლამაზი ნიაკო გამონარნარდა, დარბაზს თვალი გადაავლო და ლამის ქვითინით იკითხა: ბატებო, ბატებო, სად ხართ?.....
ჰოდააა ამის კითხვა იყო და "გამობლატუნდნენ" სცენაზე 13 ერთნაირად ჩაცმულ- დახურული, ელიზას ბატებად ქცეული ძმები და მოეწყვნენ სამ რიგად. "ბატებო, ბატებოოო!"- გასძახა ისევ ნიაკომ და გამოეპასუხა უცებ ვიღაც ნაცნობი ხმით:ჰაუუუუ, ჰაუუუუ! გავხედე და დგას ჩემი შვილი მესამე რიგში, ბუჩქის გვერდით, მეცამეტე ბატად და ძალიან შთაგონებული სახით, როლში შესული პასუხობს ჰაუუუუ, ჰაუუუ!"..... აღარ მახსოვს მოწყვეტით პირველი რომელი დავეცით, მე თუ კამერა! ... წარმოდგენა მხურვალე ტაშით დასრულდა.... ეს იყო ნიკოლოზის პირველი როლი და დებიუტი, რომელიც დღეს ისტერიული სიცილით მაგონდება, მაშინ კი ცხარე ცრემლით მატირა!"
ამბის გმირები, წლების წინ და ახლა
იხილეთ ნიკა ფაიქრიძის წერილი ემიგრანტ დედას:
"მე შენ დაგაბრუნებ, დედა... ისე, როგორც გეკადრება" - მონატრებული ვაჟის წერილი ემიგრანტ დედას